საქართველოს მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, კომერციულ ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება აღუდგებათ. როგორც „ნეტგაზეთისთვის“ გახდა ცნობილი, საკანონმდებლო ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „სააღსრულებლო საწარმოთა შესახებ“ კანონში შედის. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა 2012 წლის 27 თებერვალს პარლამენტის ბიუროზე გაიტანა.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 239–ე მუხლის მე–6 ნაწილი ასე ჩამოყალიბდება: „ თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/ იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის რესგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება.“
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წინ უძღოდა დახურილი მოლაპარაკებები უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებთან. საკითხის განხილვაში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატაც ჩაერთო. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ზეწოლის შედეგად მიიღო. საქართველოს პრემიერ-მინსტრმა ნიკა გილაურმა ბანკებისათვის პირველადი იპოთეკარის უფლების აღდგენის შესახებ გასულ კვირას ბათუმში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა.
„ნეტგაზეთმა“ ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზეზებზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს კომენტარი სთხოვა, თუმცა ხუროშვილმა „ნეტგაზეთი“ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში გადაამისამართა. კომიტეტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე კომენტარს არ აკეთებენ, იმ მოტივით, რომ კანონპროექტი მათთან ჯერ არ შესულა.
საქართველოს მთავრობა ამ საკანონმდებლო ინიციატივით 2011 წლის შემოდგომაზე მიღებულ თავის გადაწყვეტილებას უპირისპირდება. კომერციულმა ბანკებმა 2011 წლის 11 ნოემბერს ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონსა და „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად პირველადი იპოთეკარის უფლება დაკარგეს.
ნოემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, იმ შემთხვევაში, თუკი საგადასახადო ორგანოს მხრიდან ყადაღის მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლები წინ უსწრებს რომელიმე კომერციული ბანკის მიერ რეგისტრირებულ იპოთეკას, პირველი რიგის იპოთეკარი საგადასახადო სამსახური ხდება. მაშინ საგადასახადო კოდექსის 239–ე მუხლის მე-6 ნაწილს შემდეგი ჩანაწერი დაემატა: „იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის საფუძვლები მიეკუთვნება საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების ან საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პერიოდს, პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ − ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა.“
კანონპროექტში ახალი ცვლილებებით აღნიშნული ჩანაწერი გაუქმდა.
ნოემბერში ბანკებისათვის პირველადი იპოთეკარის ფუნქციის ჩამორთმევა საბანკო სექტორიდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „ქართუ ბანკმა“ გააპროტესტა. ბანკის გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებდა, რომ ეს ცვლილება საბანკო სექტორს გააკოტრებდა.
კანონის ამოქმედების შედეგად საბანკო სექტორში მხოლოდ „ქართუ ბანკი“ დაზარალდა. „ქართუ ბანკის“ კრედიტორების ქონება, რომელთაც დავალიანება, ბანკის გარდა, საგადასახადო ორგანოების წინაშე ჰქონდათ, აუქციონზე გაიყიდა, რამაც ბანკის არაუზრუნველყოფილი სესხების პორტფელი გაიზარდა.
2011 წლის დეკემბერში თბილისის სააღსრულებლო ბიურომ თითქმის ერთდროულად „ქართუ ბანკის“ კრედიტორ ოთხ ბიზნეს–ჯგუფს (14 იურიდიული და ფიზიკური პირი) 100 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღა. აუქციონზე გაიყიდა „ქართუს“ კრედიტორების– ირაკლი კოდუას დედის ლაურა ღაჭავას კუთვნილი „პირიმზის“ შენობა, ბიზნესმენის და პარლამენტარის სერგი კაკალაშვილის კუთვნილი „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი“, “მალი ჯგუფის” და “გრენფილდ ჯორჯიას” კუთვნილი „ბესიკის ბიზნეს ცენტრი“.
ამ ბიზნესჯგუფების ქონებას აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდა და ნატურით სახელმწიფოს გადაეცა.
ამ პროცესების შემდეგ „ქართუს“ არაუზრუნველყოფილი სესხების მოცულობამ 2012 წლის იანვარში 66,7 მილიონი ლარი შედგინა. არაუზრუნველყოფილი სესხების პორტფელის მოცულობა 25– პროცენტიან ზღვარს მიუახლოვდა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა ნორმატიულ აქტთან წინააღმდეგობაში მოდის და ნებისმიერ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის წინაპირობაა. ბიძინა ივანიშვილმა ბანკის რისკების გასანეიტრალებლად საზედამხედველო კაპიტალი 70 მილიონი ლარით გაზარდა. „ქართუს“ ადმინისტრაციამ არაუზრუნველყოფილი სესხები ბალანსიდან ჩამოწერა და, შესაბამისად, ფინანსური ზარალი განიცადა.
საქართველოს საბანკო ბაზარზე 19 კომერციული ბანკი საქმინობს. აქედან 100– პროცენტიანი ქართული კაპიტალი მხოლოდ ივანიშვილის „ქართუ ბანკში“ და კახი კალაძის „პროგრესბანკშია“. ბანკისათვის პირველი იპოთეკარის ფუნქციის უფლების დაკარგვა მხოლოდ ამ ორმა ბანკმა გააპროტესტა, თუმცა გაკოტრების რისკის ქვეშ ცხრამეტივე ბანკი დგებოდა. მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად ეს რისკი განეიტრალებულია.
საქართველოს მთავრობის სხდომის 2012 წლის 21 თებერვლის მე–7 ოქმის თანახმად, კანონპროექტს „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პარლამენტში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე გამოიტანს. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის საფინანსო და იურიდიული კომიტეტები 6–9 მარტს განიხილავენ.
კანონპროექტის განმარტებით, ბარათში ნათქვამია, რომ “საქართველოს მთავრობასა და ბიზნეს– სექტორს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გამოთქმული იქნა მოსაზრებები უზრუნველყოფილი კრედიტორების მოთხოვნათა რიგითობის საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგებასთან დაკაშვირებით, რაც ასახულია კანონპროექტში”.