ეკონომიკა

ლარის კურსის რყევა იპორტიორების და ბანკების სასარგებლოდ

27 თებერვალი, 2012 •
ლარის კურსის რყევა იპორტიორების და ბანკების სასარგებლოდ

დოლართან მიმართებაში გასულ კვირას  1,61 ნიშნულზე გამყარების შემდეგ ლარი ვარდნას განაგრძობს. 27 თებერვალს ეროვნული ლარი დოლართან მიმართებაში 1,64 ნიშნულზე დაფიქსირდა. 22 თებრევლის შემდეგ ლარის პოზიციები სამი პუნქტით შესუსტდა.

სავალუტო ბაზარზე მომხდარ რყევას ექსპერტები ირან-ამერიკის დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირებენ. ამ დროისათვის  აშშ დოლარის პოზიციები რიგ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში შესუსტდა. მეორე მიზეზად სეზონური ინფლაციის მოლოდინი  სახელდება, ხოლო მესამე – ის საგარეო ვალდებულებებია, რასაც ქვეყანა 2012–2013 წლებში უნდა მოემსახუროს.

საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალუტო ბაზარზე მომხდარ რყევას საგანგაშოდ არ აღიქვამენ. როგორც „ნეტგაზეთს“ სებ-ში განუცხადეს, ლარის კურსის ასეთი ცვლილებები ეროვნული ბანკის მიერ არჩეული „მცურავი კურსის“ ფარგლებში დასაშვებია.

ვალუტის კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზარზე ვალუტაზე მოთხოვნა–მიწოდების ურთიერთქმედებით. ასეთ რეჟიმს „მცურავი კურსი“ ეწოდება.

საბანკო სექტორის ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ საქართველოში ლარის კურსი მკაცრად რეგულირებადია:

„ლარის კურსს არეგულირებს ეროვნული ბანკი. თავისთავად ლარი ვერ გამყარადება, თუ ამას ხელი არ შეუწყო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით.“

ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ფულს კომერციულ ბანკებზე ყიდის. როცა დიდი  ოდენობით აშშ დოლარს ყიდის, ამ შემთხვევაში  ბანკებიდან ამოაქვს ლარი და შედეგად, ეროვნული ვალუტის კურსი მყარდება.

„ლარის მოცულობა მცირდება, მისი თანაფარდობა დოლართან არის დაბალი და კურსი მყარდება,“ –ამბობს ელიავა.

სებ-ის მიერ  ოფიციალურად გაცხადებულია, რომ ლარის კურსის დაჭერა იმისთვის სჭირდება, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია შეასრულოს და ინფლაციის განვითარება არ დაუშვას. თუმცა გასულ წელს, ლარის გამყარების მიუხედავად, ყველაზე მაღალი ინფლაცია, 13,4 პროცენტის ფარგლებში, თებერვალში დაფიქსირდა. მაშინ რატომ თამაშობს ეროვნული ბანკი ლარის კურსით?

ლია ელიავას შეფასებით, „ეროვნული ბანკი ამყარებს ლარის კურსს და ერთ–ორ დღეში ლარი ისევ სუსტდება. ამას აქვს ორი ახსნა: პირველი– ლარის კურსის გამყარება არის გამიზნული იმპორტიორებისათვის შემოსავლების დაუკარგველობის უზრუნველსაყოფად. მეორე მიზეზი, ეს არის ლარის კურსის ცვლილებაზე საკმაოდ კარგი მოგების მიღების შესაძლებლობა მათთვის, ვისაც ხელთ გააჩნია დიდი ოდენობის თანხები და ვისაც ხელეწიფება ფულის კონვერტაცია“.

საქართველოს ეკონომიკაში პროდუქციის 80 პროცენტი არის იმპორტირებული და 20 პროცენტი წარმოებული. პრაქტიკულად ქვეყანა ცხოვრობს იმპორტით. იმპორტიორისათვის მნიშვნელოვანია, რომ ლარის კურსი იყოს გამყარებული და არ დაკარგონ შემოსავლები, თუ ლარის კურსი დავარდება.

ექსპერტის შეფასებით, როცა ლარის კურსი მეათასედი  პროცენტული პუნქტითაც იცვლება, ეს საშუალებას აძლევს საფინანსო ინსტიტუტებს, კურსის ცვლილებაზე სარგებელი ნახონ.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ ლარის კურსის ცვლილება კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევთ, მიიღონ დამატებითი შემოსავალი ვალუტის კონვერტირებისაგან. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც განაპირობებს ეროვნული ბანკის მცდელობას,  გაამყაროს ან შესუსუტოს ლარის გაცვლითი კურსი,“– ამბობს ლია ელიავა.

CFS საინვესტიციო ბანკის მმართველის, ლევან სურგულაძის აზრით, გასულ კვირას სავალუტო ბაზარზე მომხდარი რყევა არ არის  მაღალი: „ლარი არის მიბმული დოლარზე. ეროვნული ბანკი მაღალ რყევებს არბილებს  და უშვებს იმ ფარგლებში, რომ პროცესი სავალუტო ბაზარზე ფულის მასის მოთხოვნა–მიწოდებით დარეგულირდეს“.

ლევან სურგულაძის შეფასებით, „სავალუტო რყევის რისკის ფაქტორი მომგებიანი შეიძლება იყოს იმისთვის, ვინც იკავებს რისკის პოზიციას და ამით აკეთებს კაპიტალიზაციას. ვალუტით მოვაჭრეთათვის ეს არის ერთგვარი შესაძლებლობა, მიიღონ მოგება რისკის აღების ფასად. კურსის რყევით, ძირითადად, ისინი სარგებლობენ, ვისაც დიდი ფულის კონვერტაცია შეუძლია.“

მისი თქმით, ლარის კურსის რყევა ბიზნესებს აზარალებს: „ბიზნესებისთვის ლარის კურსის რყევა კარგი არ არის. მათ სჭირდებათ ამ რისკის განეიტრალება (ჰეჯირება). რისკის გასანეიტრალებლად კი დამატებითი ფულადი სახსრებია საჭირო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი