ეკონომიკა

ფიქსირებული გადასახადის ნაკლი

24 თებერვალი, 2012 •
ფიქსირებული გადასახადის ნაკლი

მთავრობის დადგენილებით, თონეების ბიზნესი „ფიქსირებული გადასახადის“ დაბეგვრის ქვეშ მოექცა. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც თონეებს ფლობენ, ბიუჯეტში თვეში ერთხელ ფიქსირებულად 100 ლარს გადაიხდიან. ბიზნესის მეორე სეგმენტი, რომელიც „ფიქსირებული“ გადასახადის დაფარვის ზონაში მოექცევა, სილამაზის სალონებია. სალონის ერთ სავარძელზე მესაკუთრე ფიქსირებულად 100 ლარს გადაიხდის.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის განმარტებით, „მთავრობამ თონეებისათვის ფიქსირებული გადასახადის შემოღების გადაწყვეტილება ბიზნესთან კონსულტაციის შედეგად მიიღო. მთავრობის დებულებამ კანონპროექტის სახე მიიღო და პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. პროექტი საპარლამენტო სესიაზე გავა და მისი დამტკიცებისთანავე ამოქმედდება,“– ამბობს ხუროშვილი.

მისივე თქმით, გადასახადი ნებაყოფლობითი იქნება და მისი არჩევის შემთხვევეაში, მეწარმე სალარო აპარატის მოხმარებისაგან თავისუფლდება. მას მხოლოდ ობიექტის იჯარის და ხელფასების გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება სალონების ბიზნესს, ამ სფეროსთვის „ფიქსირებული გადასახადის“ განაკვეთს მთავრობა მომავალ კვირას დაამტკიცებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ შესაძლოა მოხდეს ფიქსირებული გადასახადის განახევრება უბნების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მიიღებებენ.

თონეებისთვის ფიქსირებული გადასახადის შემოღებას ამ ბიზნესის წარმომადგენლები არაერთგვაროვნად ხვდებიან.

გიორგი შონიამ თონის პურის ბიზნესი რამდენიმე თვის წინ  წამოიწყო. ინვესტიცია პირადი დანაზოგებიდან განახორციელა და დღეს თბილისის რამდენიმე უბანში სამ თონეს ფლობს:

„ფიქსირებული გადასახადის შემოღების შესახებ ახლახან შევიტყვე. ამ გადასახადის არჩევის შემთხვევაში მცირე მეწარმე სალარო აპარატს აღარ გამოიყენებს და ყველა გადასახადისაგან თავისუფლდება, იჯარის და საშემოსავლო გადასახადის გარდა. ეს მისაღები იქნება იმ მეწარმეებისათვის, ვისაც აქვს მცირე საცხობი და პურს მხოლოდ ადგილზე ყიდის და არ ახორციელებს მის დისტრიბუციას. თუმცა ამ შემთხვევაში შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ეს თონეები პრაქტიკულად გაკოტრების პირას არიან.“

გიორგი შონიას მიაჩნია, რომ ამ  პროექტს აქვს ნაკლი და ბიზნესისთვის წარმატებული ვერ იქნება. მეწარმე ფიქრობს, რომ  „ფიქსირებული გადასახადის“ არჩევის შემთხვევაში მეწარმეებს ბიზნესის გაფართოვების და განვითარების საშუალება არ ექნებათ.

„მე ვერ ავირჩევ ფიქსირებულ გადასახადს, რადგან პურს ადგილზეც ვაცხობ და მის დისტრიბუციას ვახორციელებ. ამ შემთხვევაში მაქვს ურთიერთობა სავაჭრო ობიექტებთან და რესტორნებთან. ამ დროს კი სალარო აპარატის გამოყენება აუცილებელია, რადგან სავაჭრო ობიექტებს შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, შესაბამისი ქვითარი უნდა მისცე.“

მეწარმის აზრით, თონეების მეპატრონეები ფიქსირებულ გადასახადს მასობრივად არ აირჩევენ.

სოსო მექვევრიშვილი თონის მეპატრონეა, მას საგადასახადო ხარჯებთან ერთად, სოლიდური კომუნალური გადასახადები უგროვდება:

“ჩემი ბიზნესი ბრუნვიდან 5%–ით იბეგრება. რა თქმა უნდა, თუ ფიქსირებულ გადასახადს ჩემი შემოსავლები გაწვდება, მირჩევნია, რადგან სალარო აპარატის მოხმარების გამო მუდმივად დაძაბული ვარ და მეშინია, არ დამაჯარიმონ.“

სალონებისათვის ფიქსირებული გადასახადის შემოღების შესახებ „ნეტგაზეთმა“ თბილისში რამდენიმე სალონის მეპატრონე გამოკითხა.

სილამაზის სალონ „ელეგიას“ მეპატრონე მარინა იაშვილი ამბობს, რომ მან სალონების სავარძლებისთვის ფიქსირებული გადასახადის შემოღების შესახებ საგადასახადო აგენტისაგან შეიტყო: „100 ლარი სავარძელზე, ვფიქრობ, ძალიან მაღალი გადასახადია. არ ვიცი, ავირჩევ თუ არა, ჯერ კარგად უნდა გავთვალო ხარჯები“.

სილამაზის სალონ „ა სტუდიოს“ მენეჯერი ნანა მელია ამბობს, რომ ერთ სავარძელზე 100 ლარი თვეში საკმაოდ მაღალი გადასახადია. „სალონი იხდის იჯარას ყოველ თვეში 1500 ლარს, გავცემ ხელფასებს. ამ ხარჯებს ემატება წყლის, დენის და დასუფთავების გადასახადი. გასაგებია, რომ სალარო აპარატს აღარ გამოიყენებ, მაგრამ 100 ლარი, ჩემი ხარჯების გათვლებით, საკმაოდ მაღალი ტარიფია. ახლა ბრუნვიდან ვიბეგრები და ბიუჯეტში 5 პროცენტს ვიხდი“.

ფიქსირებული გადასახადის შემოღების იდეა ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს, ჯაბა ებანოიძეს ეკუთვნის.

ამ გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახური 2005 წლის დეკემბერში დაწყებულ რეფორმას დაუპირისპირდა, როცა პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იმ მოვაჭრეებს, რომელთაც 2006 წლის 1 მარტიდან სალარო აპარატები არ ექნებოდათ, 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევდათ.

მცირე ბიზნესის და ოპოზიციის წინაღმდეგობის მიუხედავად, მთავრობამ გადაწყვეტილება არ შეცვალა. მოგვიანებით ადმინისტრირება კიდევ უფრო გაამკაცრა და სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის საჯარიმო სანქციები გაიზარდა (პირველ ჯერზე 500 ლარი, შემდგომ 1000 და 15000 ლარი). 2011 წელს კი საგადასახადო შემოსავლების სამსახურმა ახალი ჯიპიარეს სისტემის სალარო აპარატები დანერგა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა. 2012 წლის 1 თებერვლიდან ჯიპიარეს სისტემის აპარატები ბიზნესისთვის სავალდებულო გახდა. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, აპარატები მიკრობიზნესს უფასოდ გადაეცა, ხოლო სხვა სტატუსის მქონე ბიზნესებმა სალარო აპარატებში 290 ლარი გადაიხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი