ეკონომიკა

“ვაუჩერების ხშირი დარიგება ინფლაციას გამოიწვევს”

17 თებერვალი, 2012 • 1438
“ვაუჩერების ხშირი დარიგება ინფლაციას გამოიწვევს”

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს „სასოფლო ვაუჩერის“ შემდეგ „ელექტროვაუჩერს“ სთავაზობს. ახალი ტიპის ვაუჩერის გაცემის ვადები და ხარჯთაღრიცხვა უცნობია. ეკონომიკის სექტორის ექსპერტები ქვეყნის პირველი პირის ინიციატივას მოახლოებულ საპარლანემტო არჩევნებს უკავშირებენ.

პროფესორი, ეკონომისტი ლადო პაპავა ამბობს, რომ „2012 სარჩევნო წელია. გაჭირვებული ხალხის გული მოსაგებია, სოციალურად დაუცველი ელექტორატის გულის მოგება კი, როგორც წესი, იაფი ჯდება.“

ლადო პაპავას განმარტებით: „ნებისმიერი ვაუჩერის დარიგება არის სწრაფი რეაგირება მწვავე პრობლემაზე. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიტიკულ სიტუაციაში. მთავრობა როცა  ვაუჩერებს სისტემატიურად იყენებს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მას არანაირი სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია. მთავრობას არ აქვს სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ხედვა“.

ვაუჩერს აქვს დროებითი ეფექტი, ის ამსუბუქებს გარკვეულ ხარჯებს, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის ინფლაციური კომპონენტი: „ადამიანებს რომ შეძლებოდათ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, მაშინ მათი ჯიბიდან წავიდოდა ეს ფული. ახლა მათ ნაცვლად იხდის მთავრობა. მათ უთავისუფლდებათ თანხა სხვა მიმართულების ხარჯების გასაწევად. შეჭირვებული ხალხი ამ ფულით საკვებ პროდუქტებს და მედიკამენტებს იყიდის. იზრდება მოთხოვნა პირველადი მოხმარების საგნებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილი ექნება ინფლაციას,“– ამბობს ლადო პაპავა.

ექსპერტს მიაჩნია, რომ  ვაუჩერების სისტემა ხელისუფლებამ შეიძლება რამდენჯერმე გამოიყენოს კრიტიკული მომენტების განსამუხტავად, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში ის ხელს უწყობს ინფლაციას.

მოსახლეობისთვის ელექტროვაუჩერების დარიგების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 16 თებერვალს ისაუბრა. პრეზიდენტის განმარტებით, წელს ზამთარი განსაკუთრებულად მკაცრი აღმოჩნდა. მოსახლეობას გაუთვალისწინებელი პრობლემები შეექმნა და ელექტროენერგიის ხარჯი 20-30 პროცენტით გაეზარდა. “მთავრობას მინდა დავავალო, რომ რაღაც საშუალებები მოვხიკოთ და ვიპოვოთ და ეს ელექტროვაუჩერები წესლსაც გავაკეთოთ,”-განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობის დროს.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი შოთა მურღულია ამბობს, რომ  “2012 არჩევნების წელია და ვაუჩერის მოცულობები და სახეობები გაიზრდება. ყველა ქვეყანაში პოლიტიკოსები აკეთებენ დაპირებებს და ხარჯავენ ბევრ საჯარო თანხას. მიზეზი ამ ეტაპზე მკაცრი ზამთარია“.

მურღულიას შეფასებით, „ელექტროვაუჩერისათვის განკუთვნილი თანხა, რომელიც  ახლა ვაუჩერად უნდა გაიცეს, ისევ მოსახლეობის მიერ არის გადახდილი: „უმჯობესია, ხელისუფლებამ უსამართლოდ დაწესებულ გადასახადებს გადახედოს, ვიდრე ვაუჩერი დაარიგოს. არსად არ გამიგია, რომ ნაგვის გადასახადი წარმოიქმნებოდეს დენის გადაასხადის ხარჯვის შედეგად. ეგ არის უსამრთლობა. მთავრობამ უნდა გაზარდოს შემწეობები სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის. ვაუჩერი სოციალურად დაუცველებმა უნდა მიიღონ. ამ შემთხვევაში ვაუჩერის გაცემას აქვს გარკვეული გამართლება.“

მურღულიას თქმით, საჯარო რესურსები ადამიანების მიერ გადახდილი ფულით ივსება: „მოქალაქე  გადასახადს იხდის იმისთვის, რომ სახელმწიფომ ბევრი ფუნქცია  შეასრულოს. მთავარია, სამართლიანობა იყოს დაცული და ეს ვაუჩერი მიიღოს იმან, ვიასც რეალუარდ სჭირდება. ვაუჩერს უნდა ჰქონდეს დანიშნულება, უნდა გამოიყოს სამიზნე კატეგორია. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს ელექტროვაუჩერი არ სჭირდება,“– ამბობს მუღღულია.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ვაუჩერების ხშირი დარიგება ინფლაციის პროვოცირებას გამოიწვევს: „როცა მეტი ფული გავა მოძრაობაში, გინდა ვაუჩერად ან ფულად გავიდეს, ეს აისახება ინფლაციაზე და მოსახლეობას არანაირ შეღავათს არ მისცემს. ხელისუფლებამ აქცენტი სამუშაო ადგილების შექმნაზე უნდა გააკეთოს და არა ვაუჩერების დარიგებაზე,“– ამბობს მურღულია.

2011 წელს მთავრობამ ვაუჩერების სამ პროექტზე 56 429 465 მილიონი ლარი დახარჯა. მეოთხე, 30–ლარიანი ვაუჩერი გლეხებისთვის 2012 წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. გასული წლების ვაუჩერების გაცემის ისტორია არჩევნების წლებს ემთხვევა.

30– ლარიანი  ვაუჩერი მოსახლეობის ნაწილმა სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად უკვე მიიღო. ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800 ათასამდე ვაუჩერი გაიცემა. ვაუჩერის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდეა. ამ პროექტის ფარგლებში მთავრობა 24 მილიონ ლარს დახარჯავს. 24 მილიონი 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშია ასახული.

2011 წელს საქართველოს მთავრობამ ვაუჩერები ქვეყნის მოსახლეობისთვის სამჯერ გასცა. თებერვალში ენერგოვაუჩერი დარიგდა, ამ პროექტის განხორციელებისათვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა იმ ენერგოკომპანიებს გადაერიცხათ, რომლებიც ელექტროენერგიის დისტრიბუციას ახორციელებენ. თბილისში ენერგოვაუჩერითვის განკუთვნილი თანხა კომპანია „თელასმა“ მიიღო.

30–ლარიანი სასურსათო ვაუჩერი მოსახლეობამ 2011 წლის მარტიდან მიიღო. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 31 429 465 მილიონი ლარი გამოიყო. მთავრობამ „სასურსათო დახმარება“ მზარდ ინფლაციას და პროდუქტებზე ფასების ზრდას დაუკავშირა. 2011 წლის მარტში ინფლაციის მაჩვენებელი 13,5 პროცენტს შეადგენდა.

მესამედ სოცილური ვაუჩერი თბილისის მთავრობამ გაიღო. დედაქალაქის მოსახლეობას 5 ლარი სატრანსპორტო ბარათებზე დაერიცხათ. ეს აქცია დედაქალაქის ბიუჯეტს 5 მილიონი ლარი დაუჯდა. ჯამში, ვაუჩერების სამ პროექტზე 56 429 465 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი