საქართველოში ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინის ფასი 2.15-დან 2.25 ლარამდე მერყეობს, დიზელის ფასი კი 2.15-დან 2.35 ლარამდე აღწევს.
კომპანიები საწავავის მორიგ გაძვირებას საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ. ლონდონში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 117 აშშ დოლარს გადაჭარბა, ხოლო ნიუ-იორკში – 100 აშშ დოლარს.
საქართველოში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2011 წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფის იმპორტმა 894 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 13% შეადგინა.
ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი კომპანიებმა ერთდროულად გაზარდეს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მომხდარი გაძვირება საწვავზე მსოფლიო ბაზრის ტენდენციებმა განაპირობა:
„ყველა იმ ქვეყანაში, სადაც საწვავის იმპორტი ხდება, ფასი გაიზარდა. საფრანგეთში დღეს საწვავზე ყველაზე მაღალი ფასები ფიქსირდება. ასევე, იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში ფასები გაზრდილია. ირანის კრიზისმა შეასრულა ინდიკატორის როლი და 2012 წლის დადგომის შემდეგ ნავთობზე ფასი გაიზარდა.“
მთვრალაშვილის განმარტებით, საწვავის იმპორტიორთან დადებული ოფიციალური ხელშეკრულება არის მიბმული საერთაშორისო პლაცზე.
„იანვარში რეგულარის ტიპის საწვავზე პლაცი ტონაზე 950 დოლარი იყო. შემდგომ მატება დაიწყო და 1000– დოლარიან ნიშნულზე ავიდა. დღეს ეს ფასი 1050 დოლარის ნიშნულზეა. ამ პროცესმა, საერთაშორისო ფასების მატებამ განაპირობა ის, რომ საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა“.
საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ აქვს. „სოკარის“ მომსახურეობის ცენტრის დირექტორი კაკი ტატიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ექსპორტიორი ქვეყანაა, ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე გავლენას ვერ ახდენს:
„საწვავზე ფასის ზრდა განაპირობა საბერძნეთის კრიზისმა, ირანთან პოტენციური ომის არსებობის ფაქტორმა. მსოფლიოს ნავთობის ბაზარზე ძალიან ბევრი სპეკულაცია ხდება, რის გამოც ფასთა ვექტორის მაღალ მაჩვენებლებს ვიღებთ შედეგად.“
ტატიშვილის თქმით, აზერბაიჯანი პირდაპირ არის დამოკიდებული ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე:
„აზერბაიჯანი ბაზრის ფასზე ვერ ახდენს გავლენას, ისევე, როგორც ვენესუელას არ შეუძლია გააკეთოს განცხადება ნავთობის გაიაფების შესახებ. ამჯერად ერთი ბარელი “ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი 118 დოლარია. ფასი საკმაოდ მაღალია. საქართველოს ბაზარზე საწვავის 5 თეთრით გაძვირება, ეს იყო სავსებით რეალური ფასი, მსოფლიო ბაზარზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე“.
კომპანია „გალფი“ ქართულ ბაზარზე 2011 წლის გაზაფხულზე შემოვიდა, რომელსაც საქართველოში 2010 წელს დაფუძნებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წარმოადგენს. თავის მხრივ, ეს უკანაკსნელი საქართველოში სამი კომპანიის – „სენტას“, „მაგნატის“ და „ეკოს“– ქსელს ფლობს.
კომპანია „გალფის“ მარკეტინგის მენეჯერი ლაშა თევზაძე ამბობს, რომ საქართველოში საწვავი მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე გაძვირდა:
„მსოფლიო ბაზარზე ფასები გაიზარდა და ჩვენ იძულებული გავხდით, ყველა პროდუქტზე ფასი აგვეწია. საწვავი შემოგვაქვს ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან, ვყიდით აზერბაიჯანულ საწვავსაც“.
თევზაძის განმარტებით, საქართველო მთლიანად იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული:
„საქართველოში ადგილობრივი წარმოების ნავთობის ერთი თვის მარაგიც კი არ არის, ამიტომ ფასებზე ზეგავლენას ვერ ვახდენთ. საწვავის ხუთი თეთრით გაძვირება მნიშვნელოვნად ამცირებს რეალიზაციას, ამ საკითხს ბაზარი მგრძნობიარედ ხვდება.“




