თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართება. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო ამ ინფორმაციას ბიზნესფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორის – აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის (AZPROMO) –ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. აზერბაიჯანის მხრიდან ფორუმში მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრი შახინ მუსტაფაევი.
ბიზნესფორუმის ორგანიზატორები არიან თურქული ორგანიზაცია “TOBB» და ქართული სააგენტო “Invest in Georgia”. ბიზნესფორუმი თბილისის სასტუმრო “რადისონში” 16 თებერვალს გაიმართება.
აზერბაიჯანის ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესფორუმში სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ფარმაცევტიკის, ტექსტილის წარმოების სფეროში მოღვაწე 200-ზე მეტი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია. გასული წლის იანვარ-ნოემბერში ტვირთბრუნვამ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 551,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის კი – 1,5 მილიარდი აშშ დოლარი.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-აგვისტოში თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. საანგარიშო პერიოდში თურქეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 945,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (მთლიანი ბრუნვის 16,6%), რაც 40%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. თურქეთში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 145,9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (მთლიანი ექსპორტის 10,6%). აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 621,7 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ბრუნვის 10,9%) შეადგინა.
2011 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2010 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, 41%-ითაა გაზრდილი. აზერბაიჯანში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 51%-ით გაიზარდა და 234,1 მლნ. აშშ დოლარს (მთლიანი ექსპორტის 17,1%) გაუტოლდა. თურქი ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი ინტერესი უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად არის გაზრდილი. ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გემთმშენებლობა, ტექსტილის წარმოება – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომელთა განვითარებითაც თურქი ბიზნესმენები საქართველოში დაინტერესდნენ.
აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოში განხორციელებულ მთლიან ინვესტიციებში ჩართულ იმ ექვს უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას შორის არიან, რომელთა წილმა მთლიანი ინვესტიციების 86 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების მიხედვით კი პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა: გაერთიანებული სამეფო – 28,7 მლნ. აშშ დოლარი; კვიპროსი – 41,4 მლნ. აშშ დოლარი; ნიდერლანდები – 25,1 მლნ. აშშ დოლარი; რუსეთი – 19,8 მლნ. აშშ დოლარი; ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ) – 19,6 მლნ. აშშ დოლარი; თურქეთი – 13,9 მლნ. აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 11,7 მლნ. აშშ დოლარი; საერთაშორისო ორგანიზაციები – 8,7 მლნ. აშშ დოლარი; დანარჩენი ქვეყნები – 4,7 მლნ. აშშ დოლარი.




