ეკონომიკა

ყველაზე ძვირი და იაფი სუპერმარკეტები თბილისში

8 თებერვალი, 2012 • 6279
ყველაზე ძვირი და იაფი სუპერმარკეტები თბილისში

„ილიაუნი ბიზნეს რევიუმ“ თბილისში მოქმედი სუპერმარკეტების საფასო სეგმენტის კვლევა წარმოადგინა. კვლევისთვის სამომხმარებლო კალათში ყველაზე მოთხოვნადი 20 პროდუქტი და 8 სუპერმარკეტი შეირჩა.

სუპერმარკეტების ბაზრის კვლევის ავტორმა გიორგი მიქანაძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ  კვლევის მიზანი  თბილისში მოქმედ სუპერმარკეტებში სხვადასხვა პროდუქზე ფასების დადგენა  და სიტუაციის შედარებითი ანალიზი იყო. „კვლევის შედეგად გამოვლინდა  ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი ფასების მქონე სუპერმარკეტები. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ბაზარზე ახალი ტენდენციებიც გამოიკვეთა,“– ამბობს მიქანაძე.

20–23 იანვარს ჩატარებული კვლევის ობიექტი იყო –სუპერმარკეტი  „გუდვილი“, „იოლი გასტრონომია“, „პოპული“, „ბიგბენი,“ „ზემელი“,  „იბისი,“ „კონტინენტალი“  და „ექსპრეს–ჯგუფი“.

თბილისში მოქმედ 8 სუპერმარკეტში გამოსაკვლევად 20 დასახელების პროდუქტი შეირჩა.

„შერჩეული პროდუქტების შეძენა, მეტ–ნაკლები ალბათობით, ყველა სამიზნე სუპერმარკეტში არის შესაძლებელი. კვლევაში  მოწოდებული პროდუქტების ფასები დადგინდა მომხმარებლებისათვის  დახლზე შეთავაზებული ფასების შესაბამისად,“– ამბობს მიქანაძე.

შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა, პური (კოლხი), ზეთი–მზიური–პრემიუმი, რძე– სანტე (2,5 პროცენტი), წვენი ნატურალური „სანდორა“–ალუბალი, ყავა „ნესკაფე კლასიკი“, ბორჯომი, შამპანიური „ბაგრატიონი 1882“ , ღვინო „თელიანი ველი“– საფერავი, სიგარეტი „ვინსტონ ლაითი“, სიგარეტი „პირველი ლაითი“, „პეპსი“,  ლუდი „ნატახტარი“, კვერცხი „კოდა“, კიტრის მწნილი (მარნეული), პურის ფქვილი (მზეკაბანი), კარაქი დაჩა, მარილი (ჩვეულებრივი „კირპიჩი“)– ეს ის 20 პროდუქტია, რომლის ფასებსაც „ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ სამი დღის განმავლობაში 8 სუპერმარკეტში იკვლევდა.

კვლევამ აჩვენა, რომ შაქარი ყველაზე ძვირი, 2,80 ლარი, სუპერმარკეტ “კონტინენტალში ღირდა”, 2,20 ლარი – „იბისში“ და „იოლში“, 2,10 ლარი – „ბიგ–ბენში“ და  „ზემელში“. შაქრის ფასი შედარებით დაბალი იყო  „პოპულში“. ამ სუპერმარკეტში ფასი 1,85 ლარით განისაზღვრა, „ექსპრესს–ჯგუფსა“  და „გუდვილში“ შაქარი 1,70 ლარი ღირდა.

ყველაზე თვალშისაცემი ფასებს შორის განსხვავება, 1– კილიოგრამიანი შეფუთვის შემთხვევაში, ბრინჯზე დაფიქსირდა. ბრინჯი ყველაზე ძვირი „ბიგბენში“ ღირდა. ამ პროდუქტის ფასმა 5,60 ლარი შეადგინა, ექსპრეს–ჯგუფში –3,35 ლარი, „ზემელში“ – 2,40 ლარი, „პოპულში“ – 2,05 ლარი, კონტინენტალში – 2,00 ლარი, „იოლ გასტრონომიაში“–1,70 ლარი, „გუდვილში“ 1,60 ლარი, ხოლო „იბისში“ ბრინჯი ერთკილოგრამიანი შეფუთვით –1,25 ლარი ღირდა.

კონტრასტული ფასებია სუპერმარკეტების ქსელში წიწიბურაზეც. ამ პროდუქტის ფასი ყველაზე მაღალი „პოპულშია“ და 4,40 ლარს შეადგენს. „ბიგბენში“ წიწიბურის ფასი 3,90 ლარია, „ზემელში“–3,80 ლარი, „იოლ გასტრონომიაში“– 3,60 ლარი, „კონტინენტალში“ –3,50 ლარი, ხოლო „გუდვილში“ 2,30 ლარია. „იბისში“ წიწიბურა – 1,85 ლარი, ხოლო ექსპრეს–ჯგფუში 1,70 ლარი ღირს.

რუხი პური „კოლხი“ – ყველაზე ძვირი „იბისშია“ – 1 ლარი, ყველაზე იაფი „ექსპრეს ჯგუფში“ – 60 თეთრი. ლიტრიანი შეფუთვით, ზეთი „მზიური“ სუპერმარკეტ „ზემელში“–5,10 ლარი, ხოლო „ექსპრეს ჯგუფში“  4,40 თეთრი ღირს. პურის ფქვილი „მზეკაბანი“,  „ექსპრეს ჯგუფში“ – 1,75 ლარი, ხოლო „იბისში“ 2,20 თეთრი ღირდა.

კვლევის შედეგად გამოვლინდა ის სუპერმარკეტები, სადაც შერჩეული პროდუქტი, ყველაზე დაბალი ფასით მეტი სიხშირით დაფიქსირდა. ყველაზე იაფი სუპერმარკეტი „გუდვილია“, მეორე ადგილზეა „ექსპრეს ჯგუფი“, მესამეზე– „პოპული“, ხოლო მეოთხეზე– „იოლი გასტრონომია“.

სუპერმარკეტების ქსელში კვლევის თანახმად შერჩეული 20 პროდუქტის ფასების მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასები „ზემელში“, „კონტინენტალში“ და „ბიგბენში“ დაფიქსირდა.

„ჩვენი გათვლებით, ერთი თვის განმავლობაში საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახი 20 პროდუქტის შესაძენად იაფიან სუპერმარკეტებში 188 ლარს, ხოლო ძვირიანში 241 ლარს დახარჯავს,“– ამბობს მიქანაძე.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ ექსპერტების შეფასებით, სუპერმარკეტების ქსელში ფასების კონტრასტს კომერციული ობიექტების მოგების მარჟა და სტრატეგია განაპირობებს.

„იმ სუპერმარკეტებს, რომელთაც ფასი უფრო მაღალი აქვთ და მოგების მარჟა, მათი სერვისი გარკვეულ სეგმენტზეა გათვლილი. ჩვენი კვლევის მიზანი იყო მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, სად რა ღირს,“ – ამბობს გიორგი მიქანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი