ეკონომიკა

სებ: მაისში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება 274 მლნ ლარით შემცირდა

27 ივნისი, 2016 • 1359
სებ: მაისში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება 274 მლნ ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის 27 ივნისის მონაცემებით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 274.0 მლნ ლარით (1.8 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 15.2 მლრდ ლარი შეადგინა.

ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 10.3 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 284.3 მლნ ლარით (2.9 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით გაიზარდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.0 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 5.0 მლრდ ლარის (3.6 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით მეტი), აცხადებს ბანკი.

ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის მაისის განმავლობაში 0.6%-ით, ანუ 45.8 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 7.8 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი ივნისისათვის 13.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 939.3 მლნ ლარით, ანუ 6.5 პროცენტით ნაკლებია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ბანკის ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 312.6 მლნ ლარით ანუ 4.0%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 626.7 მლნ ლარით, ანუ 9.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 7.4 %-ით).   

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  4.1 პროცენტი, აცხადებს ბანკი. 

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.7 პროცენტი შეადგინა.

2016 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით. მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.4 მლრდ ლარით, ანუ 5.6 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.4 პროცენტით) და 23.2  მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.7 პროცენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი