ეკონომიკა

ბურების შემდეგ ჩინელები

26 იანვარი, 2012 • 1431
ბურების შემდეგ ჩინელები

საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წელს წამოწყებული „აფრიკელი ბურების პროექტი“, რომელმაც სოფლის მეურნეობის სექტორში უხვი ინვესტიციების მოლოდინი გააჩინა, ფაქტობრივად, ჩავარდა.

აფრიკელი ბურების ინტერესი და საინვესტიციო აქტივობა საქართველოს მიმართ დაბალია. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი ნიკა ავალიანი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ პროექტის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან მხოლოდ 120 ფერმერი ჩამოვიდა:

„აფრიკელი ფერმერების ბოლო ტური 2011 წლის ნოემბერში შედგა. გასულ წელს 25–მა აფრიკელმა ფერმერმა დაარეგისტრირა ბიზნესი საქართველოში,“ –ამბობს ავალიანი.

მისი თქმით, ბურების მიერ ქვეყანაში განხორციელდა 15–მდე უძრავი ქონების ტრანზაქცია. მოხდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ქონების შესყიდვა.

„ბურებმა ბათუმში საცხოვრებელი სახლებიც იყიდეს, ლაგოდეხში კი –კერძო პირებისაგან 1000 ჰექტარის მოცულობის მიწის ნაკვეთები.  გარდაბნის ტერიტორიაზე, ბურებმა დააფუძნეს კონსორციუმი. აფრიკელი ფერმერები აჭარაში, ფერმერთა მომსახურების ცენტრს აშენებენ“ – ამბობს ავალიანი.

სოფლის მეურნეობის სექტორის ექსპერტი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი, „ნეტგაზეთთან“ საუბარში  ამბობს, რომ  „აფრიკელი ბურების“ პროექტი მოკლევადიანი პოლიტიკური პიარია:

„ქართველ გლეხებს შეუწყონ ხელი და სოფლის მეურნეობის სექტორს უკეთესად მოუვლიან. აფრიკელი ბურების ჩამოსვლით და 30–ლარიანი ვაუჩერებით სოფლის მეურნეობის სექტორი ვერ აშენდება,“– ამბობს კოღუაშვილი.

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის აღორძინებაზე გათვლილი „აფრიკელი ბურების“ პროექტი ჩავარდა, სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი არ ეთანხმება.

„აფრიკელ ბურებს საქართველოში აგროტურიზმი იზიდავთ. 2012 წელს ამ კუთხით ბევრი სიახლე უნდა გვქონდეს,“– ამბობს ავალიანი.

მისი ინფორმაციით, აფრიკელი ბურების მიერ საქართველოში  2011 წელს დაახლოებით 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ბურებმა საქართველოში შეისყიდეს უძრავი ქონება, თანხის ნაწილი განათავსეს საბანკო დეპოზიტებზე.

კოღუაშვილის შეფასებით, 15 მილიონი ლარის ინვესტიცია საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

„მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის 47 პროცენტი სოფლად ცხოვრობს და აგროპროდუქტების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 8,3 პროცენტია და ადგილობრივი პორდუქცია მოთხოვნის მხოლოდ 12 პროცენტს აკმაყოფილებს,  ერთჯერადი ტრანზაქციებით სოფლის მეურნეობის სექტორს ვერ ააღორძინებ,“– ამბობს ექსპერტი.

აფრიკული ინვესტიციების შემდეგ, 2012 წელს ხელისუფლება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ჩინურ კაპიტალსაც ელოდება.

ჩინელი ბიზნესმენები საქართველოში, ჰუალინის საერთაშორისო  ეკონომიკური ზონის ფარგლებში, 150 მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებენ. მხარეებმა 2011 წლის შემოდგომაზე გააფორმეს მემორანდუმი, რომელსაც ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ და ჩინელმა ინვესტორებმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, ”ჰუალინის სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფი სინძიანა” იღებს ვალდებულებას, ააშენოს საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. კერძოდ, იგეგმება სასტუმროს აშენება 65 000 კვადრატული მეტრზე, ასევე, ბაზრის, საწყობების, საცხოვრებელი კომპლექსისა და რეკრეაციული ზონის მოწყობა. მსგავსი პროექტი უკვე განხორციელდა ჩინეთში, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 40 000 ადამიანი.

ჩინელი ინვესტორების პირველი დელეგაცია კახეთს გასულ კვირას სტუმრობდა. რეგიონის გუბერნატორი  გიორგი ღვინიაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „ჩინელების ბიზნესჯგუფმა კახეთის რეგიონში ერთგვარი საინვესტიციო დაზვერვა განახორციელა. ეს ჯგუფი სოფლის მეურნეობის სექტორით არის დაინტერესებული. ისინი სამაცივრეს აშენებას გეგმავენ.  არ არის გამორიცხული, რომ ამ მიზნით მათ საკუთრებაში ან იჯარით სასოფლო სამეურნეო მიწა გადაეცეთ. განსახორციელებელი ინვესტიციების სავარაუდო რაოდენობა 40 მილიონი დოლარია,“ – ამბობს ღვინიაშვილი.

ჩინურ ბიზნეს–ჯგუფსა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას შორის კონკრეტულ პროექტებზე შეთანხმება არ მომხდარა.

სოფლის მეურნეობის ექსპერტი, პაატა კოღუაშვილი უცხოელებზე სასოფლო–სამეურნეო  მიწის მიყიდვას აპროტესტებს. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს სასოფლო–სამეურნეო მიწის გაყიდვას იმ  ადამიანებზე, რომლებიც არ არიან ქვეყნის მოქალაქეები. მაგრამ არ კრძალავს საქართველოში უცხოური რეზიდენტების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისათვის მიწის შესყიდვას.

„ჩვენ ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ. მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებმა 15– წლიანი მორატორიუმი გამოაცხადეს სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვაზე.

კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი კოღუაშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება:

„ზოგიერთი მტკივნეულად რეაგირებს მიწის გაყიდვაზე. მიწას ვერავინ ვერ მოიკიდებს და თან ვერ წაიღებს. კახეთში ბოლო წლების განმავლობაში უცხოელებმა მიწა რამდენჯერმე შეისყიდეს და ეს ინფორმაცია საჯაროა,“ – ამბობს ღვინიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი