ეკონომიკა

რატომ არ იაფდება პური საქართველოში

25 იანვარი, 2012 • 2908
რატომ არ იაფდება პური საქართველოში

საქართველოში პურის ფქვილი გაიაფდა, თუმცა პურის ფასი არ შეცვლილა. პურპროდუქტების მწარმოებლები აცხადებენ, რომ პურზე ფასის დაწევას წისქვილკომბინატები აფერხებენ.

საქართველოში ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზეა მიბმული. „ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციის“ ხელმძღვანელი  ლევან სილაგავა განმარტავს, რომ რეგიონში ხორბლის ფასის განმსაზღვრელი რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთია.

საქართველოს საზღვარზე მოტანილი, რუსეთიდან ან უკრაინიდან იმპორტირებული ერთი ტონა ხორბალი, ტრანსპორტირების ხარჯის გარეშე,  250 დოლარი ღირს, ყაზახეთიდან რკინიგზით იმპორტირებული  კი – 230 დოლარი. ერთი თვის წინ ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული ხორბლის ფასი ათ-ათი დოლარით ნაკლები იყო.

„ყველაზე მაღალი ფასი ფქვილზე საქართველოში 2011 წლის თებერვალ-მარტში დაფიქსირდა და 50 კილოგრამი პირველი ხარისხის ფქვილი  52 ლარიდან 60 ლარამდე გაძვირდა. მაშინ ერთი ტონა ხორბლის ფასი რუსეთში 400 დოლარს აღწევდა. როცა უკვე შემდეგი მოსავლის გადათვლა მოხდა, 2011 წლის აპრილიდან ფქვილის ფასმა კლება დაიწყო. გასული წლის ივლისში  გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი კარგი მოსავლის გამო ემბარგოს მოხსნიდა და ხორბლის ფასმა უცებ დაიწია, “ – ამბობს სილაგავა.

მისი თქმით, ადგილობრივი ხორბალი ფქვილის ფასწარმოქმნაში ვერ მონაწილეობს, რადგან მისი მოცულობა საერთო მოხმარებაში 18–20 პროცენტია.

საქართველოს ბაზარზე 50 –კილოგრამიანი ტომარა ფქვილის ფასი ორი თვის განმავლობაში 9 ლარით შემცირდა და 31 ლარი შეადგინა. ფქვილის გაიაფება პურზე არ აისახა და ამ პროდუქტის ფასი სავაჭრო ქსელში, ხარისხის და მოცულობის მიხედვით, 60 თეთრიდან 1,90 ლარამდე იცვლება.

თბილისის პურის მეოთხე ქარხნის დირექტორი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ პურის ფასის განსაზღვრისას ფქვილის ფასი გადამწყვეტია, რადგან მისი წილი ფასწარმოქმნაში 60 პროცენტს უტოლდება. მეწარმე ამბობს, რომ საქართველოში ფქვილის ფასი, ხორბლის ფასის კლების ფონზე, მაინც მაღალია.

„ერთი ტომარა ფქვილის ფასი ახლა 20 ლარი უნდა იყოს. ასეთი ფასი ფიქსირდება სომხეთში, სადაც ხორბლის მთავარი მომწოდებელი, ჩვენ მსგავსად, რუსეთია. დაიწევს ფქვილის ფასი და პურის ფასიც დაიწევს“, – ამბობს დოლიძე.

მისივე თქმით, პურის წარმოება–რეალიზაციაში კონკურენცია უფრო ჯანსაღია, ვიდრე – წისქვილკომბინატების ბაზარზე.

„ყველა წისქვილკომბინატში პირველი ხარისხის ერთი ტომარა ფქვილის ფასი 31 ლარია. არადა, ზოგს ფქვილი უკრაინიდან, ზოგს კი ყაზახეთიდან და რუსეთიდან შემოაქვს, იქ კი ფასები განსხვავებულია,“– ამბობს დოლიძე.

მისივე თქმით, კონკურენციის პირობებში წისქვილკომბინატების ბაზარზე ფქვილის ფასი უფრო დაბალი უნდა იყოს საქართველოში:

„მაგრამ ამ პრობლემაზე მეწარმეებს ღიად საუბრის გამბედაობა არ ჰყოფნით,“ – ამბობს დოლიძე.

„ადგილობრივ ბაზარზე 11 მსხვილი და 50–მდე წვრილი წისქვილკომბინატი საქმიანობს. კონკურენცია საკმაოდ მძაფრია. წისქვილკომბინატების საწარმო სიმძლავრეები საქართველოში საკმაოდ მაღალია. ერთ დღე–ღამეში, ჯამში, 3000 ტონამდე ფქვილის წარმოება ხდება, როცა  მოხმარება 1300–1400 ტონას უტოლდება. ეს არის საკმაოდ მაღალი სიმძლავრე და წარმადობასთან შედარებით დაბალი მოთხოვნის ფონზე ბევრი წისქვილკომბინატი გაჩერებულია,“–  აცხადებს „ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლევან  სილაგავა.

წისქვილკომბინატ „პროგრესის“ ხელმძღვანელი დემურ ქურდაძე ამბობს, რომ  მისი საწარმო ერთ  ტონა ფქვილს 620 ლარად ყიდის, ხოლო 50– კილოგრამიან ტომარა ფქვილს – 31 ლარად.  „პროგრესი“ ხორბლის იმპორტს რუსეთიდან და ყაზახეთიდან ახორციელებს.

„ყველა წისქვილკომბინატს ფქვილზე ერთნაირი ფასი, ალბათ, ხორბლის ფასიდან  გამომდინარე აქვს. წისქვილკომბინატებს შორის ფასზე შეთანხმება და გარიგება არ ხდება. ამ ბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს  მხარში ვუდგავართ და შემოგვაქვს ხორბალი.  ყაზახეთში შემცირდა ხორბლის ფასი და ამან გამოიწვია ვარდნა. ბაზარზე არსებული კონკურენციის მიუხედავად, ამაზე  დაბალი საქართველოში ფქვილის ფასი ვერ იქნება ,“ – ამბობს ქურდაძე.

„ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ფქვილის გარდა, პურის ფასს მისი სტანდარტიც განსაზღვრავს.

„პურის მწარმოებლებმა შიდა სტანდარტი შეიმუშაონ, სადაც მიუთითებენ, რა რაოდენობის და რა კომპონენტს იყენებენ წარმოების პროცესში. ამის შემდეგ უფრო იოლი გახდება პურის ხარისხისა და მისი ფასის შესაბამისობის გაკონტროლება როგორც მომხმარებლისთვის, ასევე – მაკონტროლებლისთვის”, – ამბობს ლევან სილაგავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი