ეკონომიკა

100 მილიონი დოლარი კახეთის აღმოსაჩენად

24 იანვარი, 2012 • 3970
100 მილიონი დოლარი კახეთის აღმოსაჩენად

სიღნაღი, კახეთი
სიღნაღი, კახეთი

საქართველოს ხელისუფლებამ  2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად გამოაცხადა. რეგიონის ტურისტული განვითარების პროექტის პრეზენტაცია  სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის,  მაია სიდამონიძის ინფორმაციით, კახეთის ტურისტული განვითერების პროექტი 2012 წლის განმავლობაში რეგიონში სხვადასხვა  ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს. „შეიქმნება ახალი ტურისტული პროდუქტები, გაუმჯობესდება  მომსახურების ხარისხი და რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები დაიგეგმება“– ამბობს მაია სიდამონიძე.

კახეთის პოპულარიზაციისა  და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის   მსოფლიო ბანკმა 100 მილიონი  დოლარი უკვე გამოყო.

ამ დროისათვის უკვე შექმნილია კახეთის ტურისტული ბრენდი. მზად არის ლოგო, რომელზეც გამოსახულია რეგიონში გასავითარებელი ძირითადი მიმართულებები :  კულტურული ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი და ღვინის ტურიზმი. პროექტის სლოგანია “აღმოაჩინე შენი კახეთი”.
რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას მსურველები ახალი ვებგვერდის, www.Kakheti.travel-ის მეშვეობით შეძლებენ.

სიდამონიძის განმარტებით, ფუნქციონირებს გვერდები “ფეისბუქზეც” – “აღმოაჩინე შენი კახეთი” და “ტურიზმი თელავში”, ასევე, მომზადდა კახეთის ტურისტული გზამკვლევი და ახალი ტურისტული პროდუქტი “ღვინის გზა”.

“2012 წელს დაგეგმილია მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებთან მიმართებაში, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების რეაბილიტაცია, კახეთში ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა ტრენინგი, რეგიონის საიდენტიფიკაციო სუვენირების შემუშავება და კახეთის, როგორც ტურისტული ადგილის, პოპულარიზაცია შიდა და საერთაშორისო ბაზარზე”, – ამბობს  მაია სიდამონიძე.

პრეზენტაციაზე კახეთის  ტურისტულ პოტენციალზე  რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა ისაუბრა. მისი შეფასებით, პროექტის განხორციელების შედეგად კახეთი მსოფლიო ტურიზმის ნაწილი გახდება.

“რეგიონში გვეყოლება მეტი ტურისტი, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და კახეთი  ეკონომიკურად გაძლიერდება,”- აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.

კახეთის ტურისტული პოტენციალის განვითერების ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კახეთის რეგიონულიი განვითარების მენეჯერის პოზიციაზე შესარჩევ კონკურსს აცხადებს .
მაია სიდამონიძის  ინფორმაციით, მენეჯერი კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითრების სააგენტოს წარმომადგენელი იქნება.

მის მოვალეობაში შედის, კახეთში ტურისტული ნაკადისა და დანახარჯების ზრდის მიზნით, სააგენტოს წარუდგინოს კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის, განვითარების სამოქმედო გეგმა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მის განხორციელებაში. მენეჯერი ძირითადად,  პროეექტის ფარგლებში,  კახეთში და თბილისში 12 თვის განმავლობაში იმუშავებს. განაცხადებების მიღება 2012 წლის 10 თებერვალს წყდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gnta.ge შეუძლიათ.

სიდამონიძის განმარტებით, ახალი ვააკნსია  2012 წლის კახეთის ტურისტულ წლად გამოცხადებას უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი