ეკონომიკა

ბაზრის გააქტიურება ვალში წაღებული ქონების გამო

23 იანვარი, 2012 • 1173
ბაზრის გააქტიურება ვალში წაღებული ქონების გამო

საჯარო რეესტრის ანალიტიკური ჯგუფის შეფასებით,  2011 წელს უძრავი ქონების ბაზარზე იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო ტრან­­ზაქცი­ე­ბის რაოდენობა, 2010 წელთან შედარებით, 25.8 პროცენტით გაიზარდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წელს ქვეყანაში უძრავ ქონებაზე 510 794 სარეგისტრაციო ტრანზაქცია (საშუ­ა­ლოდ თვეში 42 566 ერთეული) გან­ხორ­ციელდა. ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა  უძრავი ქონების პირველად და მეორად ბაზრებზეც.

საჯარო რეესტრის ანალიტიკოსები ტრანზაქციების ზრდას ბაზრის გააქტიურებას უკავშირებენ.

სტატისტრიკის თანახმად, 2011 წლის დეკემბრის თვეში პირველადი სა­რე­გისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 8 901, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რა­ო­დე­ნობამ – 39 468 ერთეული შეადგინა;  სარეგისტრაციო ტრან­ზაქ­ციების 81.6 პორცენტს მეორადი, ხოლო 18.4 პროცენტს – პირველადი სარეგისტრაციო ტრან­ზაქ­­ცი­ე­ბი შეად­გენ­­დ­ნენ. 2010 წლის დეკემბერში კი – შესაბამისად, ეს მაჩვენებელი 82.4 და 17.6 პროცენტი იყო.

უძრავი ქონების ექსპერტები საჯარო რეესტრის ანალიტიკური ჯგუფის მოსაზრებას ბაზრის გააქტიურების შესახებ არ ეთანხმებიან. მათი შეფასებით, 2011 წელს ბანკების, მიკროსაფინანსოებისა და კერძო  იპოთეკარების  ხელში ვალის სანაცვლოდ  საკმაოდ სოლიდური  ღირებულების ქონება გადავიდა.

ექსპერტები არ ერიდებიან მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ტრანზაქციები ბანკების და  მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ვალში წაღებული ქონების რეგისტრაციის შედეგად გაიზარდა.

„ერდო ჯგუფის“  ბროკერის ნინო ჟვანიას შეფასებით, 2011 წელს უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ პასიური იყო. მაგრამ  2012 წლის დასაწყისში ბაზარი  მოულოდნელად გაააქტიურდა. „ ოფისებზე და  დაბალბიუჯეტიან ბინებზე  ბოლო ორი კვირაში მოთხოვნამ მოიმატა. ახალი წლების შემდეგ  არასოდეს არ არის აქტიური ბაზარი. როგორც ჩანს, ახალი ტენდენცია იკვეთება,“  – ამბობს ნინო ჟვანია.

ბროკერის შეფასებით, 2012 წლის იანვარში აქტივობა ძირითადად მიწის ბაზარზე დაიწყო: „ იანვარში მიწის ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით ხუთი შეკვეთა გვაქვს. საგულისხმოა, რომ  2007 წელსაც ბაზრის გამოცოცხლება  მიწის გაყიდვებით დაიწყო. პირველად ბაზარზე ტრანზაქციები  ძალიან ცოტაა. მოთხოვნა არის ახალ ბინებზე, მაგრამ ძირითადი ნაწილი გაიყიდა და ამ მხრივ, ბაზარზე დეფიციტია. ვფიქრობ,  ტრანზაქციების მოცულობა იპოთეკაში ჩადებული ქონების გაყიდვის ხარჯზე გაიზარდა“ – ამბობს ნინო ლეჟავა.

უძრავი ქონების სააგენტო „ბერუკას “ ბროკერების შეფასებით, 2011 წელს უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ პასიური იყო. „ტრანზაქციები ბანკების მიერ გასაყიდად გამოტანილი ქონების რეალიზაციის შედეგად გაიზარდა. ბაზრის აქტივობა გაცემულ იპოთეკურ სესხებს და გირაობას უკავშირდება. დიდი აქტივობა  ბაზარზე არც 2012 წელს შეინიშნება, თუმცა არის მოთხოვნა მიწაზე. ასევე, ახალ ბინებზე, ხოლო მეორად ბაზარზე ეკონომკლასის ბინები იყიდება. ბაზარზე აქტივობის პიკი 2007–2008 წელს დაფიქსირდა“ – აცხადებენ „ბერუკაში. “

უძრავი ქონების სააგენტო მაკლერ.ჯის  მთავარი ბროკერის, ალეკო ჩუბინიძის შეფასებით, 2011 წელს უძრავი ქონების ბაზარი იმდენად პასიური იყო, რომ ამან ფასების ვარდნა გამოიწვია: „კლიენტები მიხვდნენ, რომ ქონება ძვირად არ იყიდებოდა და  ფასები დასწიეს. უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების 65 პროცენტი მეორად, ხოლი  35 პროცენტი ახალ ბინებზე მოდის. ვფიქრობ, არც მიწის ბაზარია აქტიური. ტრანზაქვიები იპოთეკით დატვირთული ქონების შედეგად გაიზარდა,“ – ამბობს ალეკო ჩუბინიძე.

ექსპერტების მოსაზრებით, 2012 წელს შესაძლოა მიწის ბაზარი უფრო გააქტიურდეს. რადგან  იანვრის თვის ტენდენციის თანახმად, ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთებზე ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 1 500 დოლარით განისაზღვრა. დიღმის ტრასაზე, პრესტიჟულ ადგილებში, 1 კვადრატული მეტრი მიწის ფასი  300 დოლარიდან იწყება და 500 დოლარამდე  აღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი