ეკონომიკა

ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში

23 იანვარი, 2012 • 1086
ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში  განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად მინისტრის მოადგილეებად  ნათია მიქელაძე და მიხეილ ჯანელიძე დაინიშნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკადრო ცვლილება ვერა ქობალიას მოადგილეს, გიორგი კარბელაშვილს უკავშირდება. საუბარია  ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელადაც კარბელაშვილი დაინიშნება.  ამ დროისათვის ეს ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აქვს.

კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის, ტრან­ს­პორ­ტი­სა და ფოს­ტის სა­მი­ნის­ტ­რო 2004 წლის 15 ივნისს გაუქმდა. მისი ფუნქციები  ეკონომიკის სამინისტროს  გადაეცა, რომელსაც კახა ბენდუქიძე ხელმძღვანელობდა.

როგორც „ნეტგაზეთს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბისა და ტრან­ს­პორ­ტი­ს  სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ და არც მოსალოდნელ  ცვლილებებზე საუბრობენ.  გიორგი კარბელაშვილი ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას მოადგილის თანამდებობას ამ დრომდე იკავებს.  გიორგი კარბელაშვილი ამ თანამდებობაზე 2010 წლის 5 ივლისს დაინიშნა.

როგორც „ნეტგაზეთს“ სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2011 წლის სექტემბრიდან ვაკანტური იყო. სამსახური ვერა ქობალიას მოადგილემ, თამარ ჭელიძემ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ახალი მოადგილეების დანიშვნა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა. „ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებს პრეზიდენტი პრემიერ–მინისტრის წარდგინებით ნიშნავს, პრემიერთან  წარდგინებას კი მინისტრი ახორციელებს “– განმარტავენ სამინისტროს პრესსამსახურში.

ვერა ქობალიას ახალი მოადგილე ნათია მიქელაძე  დანიშვნამდე  საქართველოს ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდა. რაც შეეხება მიხეილ ჯანელიძეს, იგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ახალი პირველი მოადგილეც ჰყავს – ეს თანამდებობა ირაკლი მატკავამ დაიკავა, რომელიც ბოლო პერიოდამდე მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო მანამდე ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

ირაკლი მატკავამ მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არჩილ კეკელია შეცვალა, რომელიც ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი