ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა პროგნოზები შეცვალა

23 იანვარი, 2012 • 1082
მსოფლიო ბანკმა პროგნოზები შეცვალა

მსოფლიო ბანკმა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკების ზრდის  შესახებ 2011 წლის ბოლოს გაკეთებული პროგნოზები შეცვალა. ბანკის ექსპერტები აცხადებენ, რომ მსოფლიო ახალი გლობალური რეცესიის მიჯნაზეა. რეცესია 4 წლის წინ მომხდარი კრიზისის მსგავსი იქნება. კრიზისის ესკალაციას გამოიწვევს ევროპის ქვეყნების სუვერენული ვალები.

„კრიზისის ესკალაცია არ დაინდობს არავის“, – ამბობს მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული მოხსენების ავტორი, გლობალური მაკროეკონომიკის მენეჯერი ენდრიუ ბერნსი. მისი თქმით, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2008–2009 წლების დონეს მიუახლოვდება.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2012 წელს მსოფლიო ეკონომიკა  2,5 პროცენტით გაიზრდება,  2011 წელს პროგნოზირებული  2,7 პროცენტის ნაცვლად. 2010 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა  4,1 პროცენტს შეადგენდა.

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ახალი მოხსენების თანახმად, ევროზონის ეკონომიკა 2012 წელს 0,3 პროცენტით შემცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები 1,8– პროცენტიან ზრდას პროგნოზირებდნენ. ევროზონის გამოკლებით, დანარჩენ განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის ზრდა 2,1 პროცენტის ფარგლებშია შესაძლებელი.

მსოფლიო ბანკი განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის ზრდას 5,4 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებს. ბანკი 2011 წლის ბოლოს ამ ქვეყნებში ეკონომიკის 6,2– პროცენტიან ზრდაზე საუბრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი