ეკონომიკა

თურქეთი – საქართველოს მთავარი ენერგოპარტნიორი

20 იანვარი, 2012 • 1353
თურქეთი – საქართველოს მთავარი ენერგოპარტნიორი

 

„საქართველოს ენერგოსექტორში თურქეთის მხრიდან 500 მილიონი დოლარის ინვესტიციაა  ჩადებული. დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი შეადგინა ინვესტიციამ  საქართველოს სამშენებლო სექტორში,“ – ეს  განცხადება თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ ილდიზიმ საქართველო–თურქეთის ენერგოკონფერენციაზე გააკეთა.

 

კონფერენციას, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური, ენერგეტიკის მინისტრი აქლექსანდრე ხეთაგური და თურქეთის ენერგოკომპანიების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს გაიმართა.

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი ტანერ ილდიზი საქართველოს თურქეთის მთავარ ენერგოპარტნიორად ასახელებს. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის სამი წარმატებული ენერგოპროექტი მიმდინარეობს: „ბაქო–თბილისი–ერზრუმის გაზსადენი“, „ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენი“ და  „თბილისი– ბაქო – ყარსის“ რკინიგზა, ამ პროექტების შედეგად საქართველოს და თურქეთს მჭიდრო ენერგოურთიერთობები აქვთ,“ – ამბობს  ტანერ ილდიზი.

მისი თქმით, საქართველოს აქვს საკმაოდ ბევრი რესურსი. გაზის ალტერნატივად მიიჩნევა წყლის და ქარის ენერგია. თურქული მხარე საქართველოში ალტერნატიული ენერგორესურსებითაც ინტერესდება.

„თურქეთი ჩინეთის შემდეგ წარმოების კუთხით მეორე ქვეყანაა. ამიტომ სულ უფრო მეტი ენერგორესურსი ჭირდება. შაჰდენიზის პროექტს უნდა გავუხსნათ გზა, რომლის შედეგადაც თურქეთი 6 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, ხოლო ევროპა 10 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.  ამ პროექტის შედეგად, მთელი რეგიონი მოგებული დარჩება,“ –ამბობს ტანერ ილდიზი.

მისი თქმით, თურქეთის ენერგოსექტორში კერძო სექტორის მონაწილეობის წილი 14–დან 74 პროცენტამდე გაიზარდა. თურქეთმა მხოლოდ 2011 წელს ამ სექტორში ინვესტირებისათვის 86 მილიონი თურქული ლირა დახარჯა.

თურქეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა 40–ზე მეტ ხელშეკრულებას ახალი ჰესების მშენებლობაზე. თურქი ინვესტორები აშენებენ ჰესებს საქართველოში. ჩვენი ქვეყნიდან ელექტროენერგიის ექსპორტი ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში. თურქეთის მხრიდან სამომავლოდ საუბარია 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებაზე საქართველოს ენერგოსექტორში,“– ამბობს ნიკა გილაური.

ნიკა გილაურის შეფასებით, საქრთველოს ენერგორესურსების პოტენციალის მხოლოდ 18 პროცენტი აქვს  ათვისებული. 2012 წელს საქართველოში 11 ჰესი აშენდება. მისი თქმით, იაპონიაში ფუკუსიმას ტრაგედიის შემდეგ მსოფლიოს ენერგოპოლიტიკა შეიცვალა და მოთხოვნა ჰიდრორესურსებზე გაჩნდა.

ბიზნესკონფერეციის ფარგლებში, ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ბორჩხა–ახალციხის დამაკავშირებელი 400 –კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის  ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

პროექტით გათვალისწინებულია 500 –კილოვატიანი და 400– კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. პროექტის ღირებულება 300 მილიონ ევროს შედგენს.

შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს სამი კომპანია ახორციელებს, რომლებიც ღია საერთაშორისო ტენდერით შეირჩა. ახალი ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლუატაციაში 2012 წლის მაისიდან შევა. აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება ორივე ქვეყნის პარლამენტში უნდა მოხდეს.

თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდირი საქართველოში ორდღიან სამუშო ვიზიტს დღეს დაასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი