ეკონომიკა

ალექსანდრე ხეთაგური: „ხუდონჰესი“ კანონის დაცვით აშენდება

20 იანვარი, 2012 • 1348
ალექსანდრე ხეთაგური: „ხუდონჰესი“ კანონის დაცვით აშენდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აცხადებს, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდება:

„ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რაც ხორციელდება დადგენილი წესით. მშენებლობის  დაწყებამდე  ყველა წინაპირობა იქნება დაცული“, – ამბობს ხეთაგური.

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე  დაიწყება და 6 წელიწადში დასრულდება. 200 მეტრამდე კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობა 1 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული. ხუდონჰესის პროექტი მოიცავს კაშხლის, რეზერვუარის და 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობას. მისი სიმძლავრე 750 მეგავატია. ყოველწლიურად 1.5 მილიარდ კილოვატსაათის  ელექტროენერგია გამომუშავდება.  წინასწარი გათვლებით, ხუდონჰესის მშენებლობის შემდეგ ქვეყნის გენერაცია დამატებით 20%-ით გაიზრდება.

ინდურ-ბრიტანული კომპანია Trans Electrica Limited, რომელიც ხუდონჰესს ააშენებს,  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. მის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მისი მიზანი საქართველოში არსებული ჰიდროენერგორესურსების ათვისებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი