ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

19 იანვარი, 2012 • 1130
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა  რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.5 პროცენტამდე შეამცირა.

ეროვნული ბანკის (სებ)–ის  შეფასებით, დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ დაბალ დონეზე შენარჩუნდა და 2.0 პროცენტი შეადგინა. დაბალია ასევე საბაზო ინფლაციაც (სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით)  –  0.4 პროცენტი.

სებ–ის  პროგნოზით, წლის პირველ ნახევარში ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება. ზაფხულიდან შესაძლოა ეს ტენდენცია შეიცვალოს, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ  მიზნობრივ დონეზე ნაკლები იქნება.

ბოლო პერიოდში აღინიშნება სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ზრდა, რაც უმთავრესად იმპორტის მატებით არის განპირობებული. ბოლო თვეებში შეჩერდა გასული წლის აგვისტოდან დაფიქსირებული რეალური გაცვლითი კურსის გამყარების ტენდენცია.

ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელი შემცირება საქართველოს სავაჭრო ბალანსზეც მოახდენს გავლენას, რაც შესაძლოა ქვეყნის ერთობლივი მოთხოვნის დამატებით შესუსტებაში აისახოს.

სებ–ის შეფასებით, არსებული პროგნოზები პოლიტიკის უცვლელობის პირობებში ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბლა შენარჩუნებაზე მიუთითებს. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო პოლიტიკის შერბილების გაგრძელების გადაწყვეტილება და რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში გატარებული პოლიტიკის შერბილება მოცემულ ეტაპზე საკმარისი იქნება საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონეზე შესანარჩუნებლად.
მონეტარული პილიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2012 წლის 15 თებერვალს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი