ეკონომიკა

ევროზონა ტექნიკური რეცესიის ზღვარზეა

19 იანვარი, 2012 • 1240
ევროზონა ტექნიკური რეცესიის ზღვარზეა

ევროჯგუფის ხელმძღვანელის, ჯან–კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროზონა ეკონომიკური რეცესიის ზღვარზე იმყოფება. მან ევროზონის ქვეყნებს მოუწოდა, რომ აქცენტი ეკონომიკურ ზრდაზე გააკეთონ.

„ევროზონა იმყოფება ტექნიკური რეცესიის ზღვარზე. ამ შემთხვევაში მთავარი გამოსავალი არის საბიუჯეტო კონსოლიდაცია. ეს არის მიდგომა, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა“– განაცხადა იუნკერმა ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფრანც პრესის ცნობით, იუნკერმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ევროპამ ეკონომიკური ზრდის ეფექტური პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს.

რიგი ექსპერტების მოსაზრებით, ევროზონის მშპ–ს მაჩვენებელი 2011 წლის მეოთხე კვარტალში შემცირდა.

ჯან–კლოდ იუნკერის შეფასებით, არ არის საჭირო  სარეიტინგო კომპანიების შეფასებებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. იუნკერმა ამ შემთხვევაში  Standard and Poor’s –ი იგულისხმა.

გასულ კვირას Standard and Poor’s–მა  სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ევროზონის 17 ქვეყნიდან 9–ს შეუმცირა. სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეუმცირდა საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს და პორტუგალიას.

Standard and Poor’s–მა  სარეიტინგო მოქმედებები ევროზონის 16 ქვეყნის მიმართ განახორციელა. გერმანიამ, ფინეთმა, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა  უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი AAA შეინარჩუნეს. საფრანგეთს და ავსტრიას უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით შეუმცირდათ და AA + –ს გაუტოლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი