ამერიკულ ვებგვერდ www.6pm.com –ზე რეგისტრირებული მომხმარებლების ინფორმაციის გადინება მოხდა, რის გამოც ბანკები– „ქართუ“ და „თიბისი“– კლიენტებს პლასტიკური ბარათების შეცვლას ურჩევენ. როგორც თავად საიტი იტყობინება, დარღვეულია ამ საიტზე რეგისტრირებული პლასტიკური ბარათების ნომრის ბოლო 4 ციფრის კონფიდენციალურობა.
საიტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ასევე, გამჟღავნებულია საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლების პაროლები და მონაცემთა ბაზა (მომხმარებლების სახელი/გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საიტის პაროლი „user account password“). ეს საიტი ონლაინ შოპინგისთვისაა გათვალისწინებული და, შესაბამისად, შესყიდვები პლასტიკური ბარათებით ხდებოდა.
ეს პრობლემა ეხება მსოფლიოში ყველა მომხმარებლებს, ვინც ამ ინტერნეტმაღაზიით სარგებლობს. მათ შორის, პოტენციურად რისკები შეიძლება შეექმნათ ქართველ მომხმარებლებსაც.
ამ პორბლემას საქართველოს საბანკო სექტორიდან პირველი „თიბისი“ ბანკი გამოეხმაურა. როგორც „ნეტგაზეთს“ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, „თიბისი“ ბანკი მომხმარებელს ურჩევს, გამოცვალოს www.6pm.com გვერდზე არსებული პაროლი, რომელიც უკვე დაბლოკილია საიტის მიერ.
’’საიტის ცნობით, ბარათის ნომრის სრული ინფორმაცია დაცულია. თუმცა, ამის მიუხედავად, მაქსიმალურად გვინდა დავიცვათ მომხმარებლები მოსალოდნელი ზარალისგან და მათ, ვინც აღნიშნულ საიტზე ინტერნეტ-შესყიდვებს ახორციელებდა, რეკომენდაციას ვუწევთ, უსაფრთხოების მიზნით www.6pm.com გვერდზე რეგისტრირებული ბარათები დაბლოკონ და გამოცვალონ“ –ამბობენ „თიბისი“ ბანკში.
„თიბისი“ ბანკში „ნეტგაზეთს “ განუმარტეს, რომ აღნიშნული პრობლემა არ ვრცელდება იმ ბარათებზე, რომლებიც www.6pm.com გვერდზე არ ყოფილა გამოყენებული. ბარათის დასაბლოკად მომხმარებელი ბანკის სატელეფონო სერვისცენტრს ან ნებისმიერ ფილიალს უნდა დაუკავშირდეს.
„თიბისი“ ბანკში აცხადებენ, რომ ვინც ბარათის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ბანკს თებერვლის ბოლომდე უნდა მიმართოს და, შესაბამისად, გარკვეული შეღავათებით ისარგებლებს.
„ქართუ ბანკის“ პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და პროცესინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნანა ქურიძემ, „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ ინფორმაცია www.6pm.com –ის დაზიანების შესახებ მომხმარებლისაგან შეიტყვეს. „ამ საიტის მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინება მეილებზე, რომ www.6pm.com –ზე მოხდა ინფორმაციის გადინება. ცნობილია, რომ მხოლოდ ბარათის ბოლო 4 ციფრი გატყდა. აქედან გამომდინარე, საბარათე მონაცემებს არ ემუქრება არაფერი, მაგრამ ყველას აქვს ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენ „ქართუ“ ბანკის ბარათის მფლობელების შესახებ ბაზიდან ამოვიღებთ ინფორმაციას. მიგვაჩნია, რომ ვინც ამ საიტით ისარგებლა, მათ უნდა დავუბლოკოთ და შემდგომ შევუცვალოთ ეს ბარათები, რადგან აღვკვეთოთ ამ ბარათების სხვაგან გამოყენების და მომხმარებლის დაზარალების ალბათობა“ , – ამბობს ნანა ქურიძე.
მისი თქმით, ამ საიტით „ქართუს“ მომხმარებლების მცირე რაოდენობამ ისარგებლა. „ქართუ“ ბანკს მომხმარებლის მიმართ ბარათის შეცვლის საფასურის გადახდისას ინდივიდუალური მიდგომა ექნება:„ ფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ როგორ არის გაცემული ეს ბარათი, თანხა რამდენი აქვს მომხმარებელს და როგორია მისი ტრანზაქციების აქტიურობა. ამის მიხედვით, ყველა კონკრეტულ შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ,“ – ამბობს ნანა ქურიძე.
„საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ასეთი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით მფლობელებმა პლასტიკური ბარათი უნდა დააზღვიონ: „მომხმარებელი, რომელიც ხშირად იყენებს ონლაინშოპინგს, უნდა დააზღვიოს თავისი ბარათი. „ამერიქანექსპრეს ბლუ ქარდს“ ავტომატურად მოყვება დაზღვევა. ბარათების დაზღვევა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში. დაზღვევის ფასი იწყება წელიწადში 4 ლარიდან .“
სოფო ბალავაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ბარათის შეცვლის ან დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება თავად მომხმარებელმა უნდა მიიღოს.
„ თუ დავეყრდნობით ამ ვებგვერდების მესვეურების განცხადებას, მთელ მსოფლიოში გაგზავნილ წერილებში აცხადებენ, რომ მომხმარებელს შიშის საფუძველი არ აქვს, რადგან კრიტიკული ინფორმაცია ბარათების შესახებ მიუწვდომელი დარჩა. მათი ერთადერთი რეკომენდაცია არის ის, რომ ამ ვებგვერდზე შეგვეცვალა პაროლი. მეტი რეკომენდაცია მათი მხრიდან არ ყოფილა,“ – ამბობს სოფო ბალავაძე.
„საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გვირჩევს, რომ პლატისკური ბარათით ონლაინ შესყიდვების დროს მომხმარებელი უნდა გაუფრთხილდეს ბარათის მონაცემებს და საეჭვო საიტებზე არ განახორციელოს ტრანზაქცია.
ბალავაძის თქმით, ონლაინ ვებგვერდებზე ყოველთვის არის შესაძლებელი შესაბამისი სერთიფიკატის შემოწმება, რომელიც საიტს აქვს მიბმუილი. ბანკი არ არის კავშირში ონლაინშოპინგთან. ყველა საიტს აქვს გადახდის თავისი სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
„როდესაც შედიხართ რომელიმე შოპინგის საიტზე, გადახდამდე აუცილებლად „დაკლიკეთ“ ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ კლიტეზე, სადაც ამოვარდება შესაბამისი სერტიფიკატი. რომელშიც გაწერილია, თუ ამ კომპანიას როდიდან აქვს გადახდის ეს სისტემა დანერგილი და რამდეანდ არის დაცული. სერთიფიკატში მოცემული ვებგვერდის მისამართი უნდა ემთხვეოდეს იმ მისამართს, სადაც თქვენ იმყოფებით“ –ამბობს სოფო ბალავაძე.
ონლაინ შოპინგის ვებგვერდები ვიზიტების დროს მომხმარებელს მეტი სიმარტივისთვის პირადი ინფორმაციის შენახვას სთხოვენ, „მომხმარებელი შესაბამის პაროლს ქმნის და მისი გამოცვლა შეუძლია. გირჩევთ, რომ საიტს გადახდის პარამეტრები არ დაამახსოვრებინოთ. სჯობს, ეს მონაცემი თავიდან შეიყვანოთ. პლასტიკური ბარათი არის მომხმარებლის საკუთრება და უნდა განსაზღვროს, როგორ მოუაროს ამ ბარათს, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ გამოიყენოს მომავალში“ –ამბობს სოფო ბალავაძე.
„თიბისი“ ბანკში კი მომხმარებელს ურჩევენ, რომ ინტერნეტმაღაზიებში განსხვავებული პაროლით დაფიქსირდნენ: „ხშირად მომხმარებლებს ერთი და იგივე პაროლი აქვთ დარეგისტრირებული სხვადასხვა ინტერნეტმაღაზიებში. აუცილებელია პაროლის გამოცვლა სხვა ვებგვერდებზეც, სადაც დარეგისტრირებული გაქვთ www.6pm.com გვერდის მსგავსი ან იდენტური პაროლი, რათა სხვა საიტებზეც არ მოხდეს თქვენი პირადი მონაცემების გამჟღავნება“, –ამბობენ „თიბისი“ ბანკში.




