ეკონომიკა

„მაგთისატი“ მაუწყებლობას თანამგზავრზე დაიწყებს

17 იანვარი, 2012 • 3420
„მაგთისატი“ მაუწყებლობას თანამგზავრზე დაიწყებს

სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“  და SES–მა საქართველოში პირველი ციფრული  ტელევიზიის პლატფორმის „მაგთისატის“ ამოქმედების შესახებ განაცხადი გააკეთა.

“მაგთისატი“ თანამგზავრულ მაუწყებლობას ASTRA თანამგზავრის მეშვეობით 23 იანვრიდან დაიწყებს. კომპანია „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის დევიდ ლის განცხედებით, კომპანია საქართველოში მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს: „მაგთისატი“  გადასცემს 75 ტელეარხს, რომელიც მოიცავს ყველაზე პოპულარულ–როგორც სტანდარტული, ისე მაღალი გარჩევადობის მქონე (SD და  HD)  არხებს. ტექნიკურად ამ პროექტს კომპანია SES–ი განახორციელებს.

პირევლ ეტაპზე „მაგთისატი“ მომხმარებელს სამ პაკეტს შესთავაზებს: კომპანიის სერვისი სასტარტო, ძირითად და HD პაკეტებს  შეიცავს, რომელიც  პირველი დღიდანვე მისაწვდომი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,“ – ამბობს დევიდ ლი.

კომპანია SES ხელმძღვანელის ფერენც სელერის განმარტებით, მისი ბიზნესის ფინანსური ბრუნვა წელიწადში 1,8 მილიარდი ევროა. „კომპანია მსოფლიოს მასშტაბით  სატელიტი ASTRA –ს  მეშვეობით ხარისხიან მაუწყებლობას ახორციელებს. ჩვენი მიზანია გავაფართოვოთ დაფარვის ზონა და ყველა ოჯახს სახლში ციფრული ტელევიზია ჰქონდეს. კომპანია მთელ მსოფლიოში 6 ათასამდე არხის ტრანსლიაციას 49 სატელიტის მეშვეობით ახორციელებს. ამ ეტაპზე ჩვენი სერვისით 245 მილიონი ოჯახი სარგებლობს. 2014 წელის ბოლომდე კიდევ 8 სატელიტი დაიწყებს ფუნქციონირებას, რათა კომპანიის მიმართ გაჩენილი მზარდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, “– ამბობს ფრენც სელერი.

კომპანია „მაგთიკომის“ მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ლობჟანიძე ამბობს, რომ ახალი პროდუქტი „მაგთისატი“ ბაზარზე კონკურენტული  ფასით და მაღალი ხარისხით შევა. „მაგთისატი“ ხელმისაწვდომი იქნება ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში, სასტარტო პაკეტის ფასი 10 ლარი იქნება და მასში 20 არხი შედის. მეორე პაკეტი 70 არხით –35 ლარი ეღირება. მაუწყებლობის ინსტალაციაიას  „მაგთიკომის“ ტექნიკური ჯგუფები განახორციელებენ. ერთჯერადი ინსტალაციის ფასი 60 ლარი იქნება. მაუწყებლობის მიღება სპეციალური თეფშით მოხდება“ –ამბობს ლობჟანიძე.

მისი თქმით, აბონენტს ტექნიკის მოხმარების უფლება ხელშეკრულების ამოწურვამდე ექნება. სააბონენტო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა 10 ლარი იქნება.

თუ  რომელი ქართული არხები მოხვდება „მაგთისატის“ სამომხმარებლო პაკეტებში, ჯერ ცნობილი არ არის. როგორც ირაკლი ლობჟანიძე განმარტავს, მოლაპარაკება ყველა არხთან მიმდინარეობს და კომპანიის მიერ არც ერთის დისკრიმინაცია არ მოხდება. ლობჟანიძე ასევე არ ასახელებს იმ რუსულ არხებს, რომლებიც ტელევიზიის სამომხმარებლო პაკეტში მოხვდება, თუმცა ამბობს, რომ რუსული წარმოების არხები პაკეტში აუცილებლად იქნება. „მაგთიკომის“ მარკეტინგის დირექტორი იმედოვნებს, რომ 2012 წელს „მაგთისატის“ ქსელში 50 ათასი აბონენტი ჩაერთვება. ამის გარანტი მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასი იქნება.

ადგილობრივ ბაზარზე ციფრული ტელევიზიის სერვისს ანალოგი არ აქვს.  პროდუქტი ინტერნეტტელევიზია, რომლის ტრანსლიაცია ოპტიკობოჭკოვანი კაბელით ხორციელდება, 2010 წელს ბაზარზე კომპანია „სილკნეტმა “ დანერგა. 2011 წლის შემოდგომაზე იგივე პორდუქტი „კავკასუს ონლაინმაც“ შემოიტანა.  ბაზარზე ასევე საქმიანობენ საკაბელო ტელევიზიები. თუმცა კონკურენცია ძირითადად ამ ორ კომპანიას შორის განვითარდა.

„სილკნეტის“  პროდუქტების  განვითარების დირექტორი გიორგი ჯიბლაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „მაგთისატი“  „სილკტივის“ კონკურენციას ვერ გაუწევს: „ეს აბსოლიტურად განსხვავებული პროდუქტია. მას არ აქვს გადახვევის და ჯგუფის შექმნის სისტემა. ეს პროდუქტი ჩვენი კონკურენტი ვერ გახდება დიდ ქალაქებში. რაც შეეხება რეგიონებს და სოფლებს, იქ ოპტიკობოჭკოვანი ქსელი არ ფუნქციონირებს, ამიტომ ციფრული ტელევიზიის  დაფარვის ზონა უფრო მაღალი იქნება“, –ამბობს ლობჟანიძე.

მისი თქმით, „სილკტივი“  მომხმარებელს კომბინირებულ პაკეტებს სთავაზობს. სადაც სატელეფონო, ინტერნეტ და ტვ სერვისი ერთად არის წარმოდგენილი. ამ ტიპის პაკეტების ფასი 30 ლარიდან იწყება.

ანალოგიური პაკეტები გამოაქვს ბაზარზე „კავკასუს ონლაინს“. საკაბელო ტელევიზიები მომხმარებელს მხოლოდ ტელეარხების ტრანსლაციას სთავაზობენ. 40 არხის სერვისის ფასი თვეში 10 ლარია.

„მაგთიკომის“ მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ლობჟანიძე ამბობს, რომ დიდ ქალაქებში კონკურენცია ტვ პორდუქტებზე მართლაც მძაფრია, თუმცა  „მაგთისატის“ სერვისის დანერგვის შემდეგ კომპანია ბაზარზე კომბინირებულ პაკეტებსაც გამოიტანს, რომელშიც  „მაგთიფიქსის“, „ინტერნეტის“, მობილურის და „მაგთისატის“ სერვისი ერთად იქნება წარმოდგენილი. ლობჟანიძე ამ პროექტში დახარჯული ინვესტიციის მოცულობას არ ასახელებს, ასევე, არ საუბრობს კომბინირებული პაკეტის ფასზე.

„მაგთიკომს“„მაგთისატის“ პროექტის ფარგლებში შორს მიმავალი გეგმები აქვს. „მოსალოდნელია, რომ კომპანია კავკასიის რეგიონში ციფრული ტელევიზიის  მიმწოდებელი გახდეს, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანში ეს სერვისი დანერგილი ჯერ არ არის, “– ამბობს ლობჟანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი