ეკონომიკა

ფულად გზავნილებში ლიდერი ისევ რუსეთია

17 იანვარი, 2012 • 1076
ფულად გზავნილებში ლიდერი ისევ  რუსეთია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2011 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფულადი ნაკადების მოცულობამ 124.9 მლნ აშშ დოლარი ( 207,4 მლნ ლარი) შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის დეკემბრის მონაცემებს 16,3 მლნ აშს დოლარით (27,1 მლნ ლარით) აღემატება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91,1 პროცენტი 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის. საიდანაც გზავნილების მოცულობამ 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92,2 პროცენტი მოდიოდა.

სტატისტიკის თანახმად, 2011 წლის დეკემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით პირველ ადგილზე რუსეთია. ამ ქვეყნიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ  66,3 მილიიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა საბერძნეთი – 13,3 მლნ აშშ დოლარით, მესამეზეა იტალია– 9,9 მლნ აშშ დოლარით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აშშ–დან  ფულადმა გზავნილებმა 7,3 მლნ დოლარი შეადგინა. უკრაინიდან საქართველოში 6,5 მლნ აშშ დოლარი გადმოიგზავნა, ესპანეთიდან –3,1 მლნ დოლარი. ფულადი გზავნილების ათეულში შედიან: თურქეთი, ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი და გერმანია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოდან 2011 წლის დეკემბერში უცხოეთში 9,2 მლნ აშშ დოლარი (15,3 მლნ ლარი) გადაიგზავნა. 2010 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 12 მლნ დოლარი ( 21,2 მლნ ლარი )იყო.

ფულადი გზავნილების ოპერაციებში ვესტერნ უნიონი ლიდერობს, მეორე ადგილზეა უნისტრიმი, ხოლო მესამე პოზიციას ინტელ ექსპრესი და ანელიკი იყოფენ. ფულადი გადარიცხვების სეგმენტში ბანკების გარდა საქართველოში 14 კომპანია ოპერირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი