ნეტგაზეთი | საქართველოში ინტერნეტტრანზაქციები უსაფრთხო გახდა საქართველოში ინტერნეტტრანზაქციები უსაფრთხო გახდა – Netgazeti
RU | GE  

საქართველოში ინტერნეტტრანზაქციები უსაფრთხო გახდა

„ქართუ“ ბანკმა საკრედიტო და სადებეტო visa  ბარათების გამოყენებისათვის VBV  უსაფრთხოების სისტემა დანერგა.

„ქართუ“ ბანკმა საკრედიტო და სადებეტო visa  ბარათების გამოყენებისათვის VBV  უსაფრთხოების სისტემა დანერგა. „ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, VBV–ის უსაფრთხოების სისტემა კავკასიის რეგიონში მხოლოდ საქართველოში დაინერგა, რომლითაც  ადგილობრივ ბაზარზე  მხოლოდ „ქართუ“ ბანკი სარგებლობს.

„ქართუ“ რეგიონში პირველი ბანკია, რომელიც მომხმარებლებს ინტერნეტტრანზაქციების უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს სთავაზობს.

ახალი VBV სერვისის მეშვეობით ონლაინტრანზაქციის პროცესში მოწმდება  ვებგვერდზე შეყვანილი ბანკი „ქართუს“ პლასტიკური ბარათის მონაცემებისა და მისი მფლობელის იდენტურობა. აღნიშნულ სერვისს ბანკთან ერთად უზრუნველყოფს საერთაშორისო საგადახდო სისტემა VISA International–ი, „– ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი.
ჯავახიშვილის განმარტებით, VISA International–მა  VBV  სერვის დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ ხუთ ბანკს შესთავაზა. „ქართუში“ ეს პროექტი    VISA International–მა საკუთარი  ხარჯებით განახორციელა. ბანკის visa ბარათების მფლობელები ახალი სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ასევე, ავტომატურ რეჟიმში, განაცხადის წარდგენისთანავე ჩაერთვებათ აღნიშნული სერვისი „ქართუს“visa ბარათის ძველ მფლობელებსაც.

„ნეტგაზეთი“ VBV  სერვის მნიშვნელობაზე და მის ფუნქციებზე „ქართუ ბანკის“ პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და პროცესინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნანა ქურიძეს ესაუბრა:

–  რამ განაპირობა “ქართუ” ბანკში VBV უსაფრთხოების სისტემის დანერგვა?

–  ბოლო ხანებში  ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტტრანზაქციები. მოგეხსენებათ, მრავალი საიტია, რომელზეც ხდება ვაჭრობა, მომსახურების მიღება. ბარათის მფლობელებს შეყავთ თავისი საბარათო მონაცემები და იყენებენ მას  უნაღდო ანგარიშსწორებისთვის ვირტუალურ სამყაროში. ამ ვირტუალურ სამყაროში საბარათო მონაცემების შეყვანა  პარალელურად დაკავშირებულია მაღალ რისკებთან. ნებისმიერ ჰაკერს, რომელიც გათვითცნობიერებულია ამ საკითხებში, შეუძლია საბარათო მონაცემები მოიპაროს, გატეხოს ბარათის ანგარიში და,  შესაბამისად, გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის. ასევე, ხდება პლასტიკური ბარათის მონაცემების გაყალბება  ჩვეულებრივ, არავირტუალურ სამყაროში. შეიძლება ვინმემ წაიკითხოს თქვენი საბარათო მონაცემები  და შემდეგ თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს.

–  რამდენად არის ამ შემთხვევაში VBV სისტემა პლასტიკური ბარათით განხორციელებული ფინანასური ტრანზაქციის  უსაფრთხოების გარანტი?

–  ინტერნეტტრანზაქციები  ხდება არასანქცირებულად და მფლობელისგან დამოუკიდებლად.  თანხები იხარჯება საბარათო ანგარიშიდან  და ეს ყველაფერი ფინანასურ ზარალთან არის დაკავშირებული. ზარალდება როგორც  კლიენტი, ასევე, ბანკი.

სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად შემოღებული არის  ახალი პროდუქტი, რომელიც ითვალისწინებს ინტერნეტტრანზაქციის დროს საბარათო  მონაცემის და  ბარათის მფლობელის დადარებას. იმის დასაბუთებას და დამტკიცებას, რომ  საბარათე  მონაცემებს ინტერნეტტრანზაქციების დროს იყენებს თავად ბარათის მფლობელი.

როგორია სერვისით სარგებლობის მექანიზმი?

– ტრანზაქციის დროს მომხმარებლის  მობილურ ტელეფონზე ბანკის პროვაიდერ visa-სგან მოსდის ერთჯერადი პაროლი, რომელიც იმ კონკრეტულ სიტიუაციაში მხოლოდ ბარათის მფლობელმა იცის.  მან უნდა შეიყვანოს  პაროლი, რომ  დაასაბუთოს, რომ თავად აკეთებს ამ ტრანზაქციას. შესაბამისად, ამას ჰქვია აუტენფიკაცია, რის შემდეგაც ხდება ფინანსური ოპერაცია და საბარათე ანგარიშიდან იჭრება თანხა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის დინამიკური პაროლი და არა სტატიკური. სმს–ის სახით მოდის ერთჯერადი პაროლი და ეს არის ერთჯერადი კოდური სიტყვა ან ციფრების ნაკრები, რომელიც გამოიყენება ერთი კონკრეტული ტრანზაქციის დროს, ანუ მისი გატეხვა და მოპარვა შეუძლებელია. ამის გაკეთებას აზრიც არ აქვს, რადგან ის ამ კონკრეტულ სიტუაციაში და კონკრეტულ ტრანზაქციაშია გამოსაყენებელი.  შემდეგი ფინანასური ტრანზაქციის  დროს ყალიბდება ახალი პაროლი. ამ პროცესის  ტექნიკურ უსაფრთხოებას განაპირობებს კომპანია „მოდიუმი“, რომელიც VISA International  მიერ არის შერჩეული და მსოფლიოში ცნობილი კომპანიაა, რაც ამ სერვისით საიმედოობას კიდევ უფრო ზრდის.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ნატროშვილი