ეკონომიკა

ქართული ყველი მსოფლიო ბაზარზე დარეგისტრირდება

16 იანვარი, 2012 • 1352
ქართული ყველი მსოფლიო ბაზარზე დარეგისტრირდება

სასტუმრო ,,Holiday Inn” -ში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ადგილობრივი წარმოების ყველის და ღვინის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს მისიის მუდმივი წარმომადგენელი ჯეიმი მაკგოლდრიკი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,მნიშვნელოვანია, რომ ქართული ყველის ყველა სახეობა მსოფლიო ბაზარზე დარეგისტრირებული იყოს. პირველი ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადაიდგა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და უახლოეს მომავალში რამდენიმე სახეობის ყველის დარეგისტრირება კიდევ მოხდება. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას და გაამარტივებს საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას,” – განაცხადა ზაზა გოროზიამ. ქართული პროდუქციის გეოგრაფიული და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის პროცესში აქტიურად მონაწილე პირები მინისტრმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, ანა გოდაბრელიძემ, პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ქართული ყველისა და ღვინის გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის კუთხით უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი პროექტები.
გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკას, ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის გაფართოების კუთხით. 2011 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის”, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის, ყველის და სხვა ადგილობრივი პროდუქციის იდენტიფიცირება და რეგისტრაცია, რაც დაიცავს ქართველ ექსპორტიორებს და მწარმოებლებს საერთაშორისო ბაზარზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი