ეკონომიკა

დიმიტრი გვინდაძე Euromоnеy-ის კონფერენციაზე გაემგზავრა

16 იანვარი, 2012 • 1054
დიმიტრი გვინდაძე  Euromоnеy-ის კონფერენციაზე გაემგზავრა

2012 წლის 17-18 იანვარს ავსტრიაში, Euromoney-ისის ინიციატივით,  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მე-17 ყოველწლიური ფორუმი იმართება. ფორუმზე ერთ-ერთ მთავარ გამომსვლელად  საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძეა მიწვეული. ფორუმს ესწრებიან: მსხვილი ინსტიტუციონალური ინვესტორების და სამთავრობო და ბიზნესწრეების მაღალი რანგის წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები და ცნობილი ეკონომისტები.

ფორუმის მონაწილეები ევროპის მომავალი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების პერსპექტივებზე ევროზონაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით იმსჯელებენ. ფორუმზე გაიმართება დისკუსია რეგიონში მიმდინაერე ფისკალურ ტენდენციებზე, ოპტიმალურ ფისკალურ პოლიტიკაზე და საჯარო ფინანსების მართვაზე, კერძო და საბანკო სექტორების მხარდაჭერის ოპტიმალურ მიდგომებზე, ინვეტიციების შესაძლო ახალ წყაროებზე და სახელმწიფო ვალის მართვის საუკეთესო პრაქტიკაზე.

Euromоnеy-ის ფორუმის ფორმატში საერთაშორისო ინვესტორებისა და მაღალი რანგის სამთავრობო წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება სპეციალური მრგვალი მაგიდა, სადაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი  საქართველოს ეკონომიკაზე მოხსენებით წარსდგება. დიმიტრი გვინდაძე ისაუბრებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესკლიმატზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

„ამგვარი ფორმატის შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებს მიეწოდოს სრულყოფილი  ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური წარმატებების შესახებ. აღნიშნული დიალოგი ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესის შემდგომ წახალისებას“ –აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ვიზიტის ფარგლებში შედგება ფინანსთა მინისტრის საქმნიანი შეხვედრები Euromоnеy-ს მმართველ დირექტორთან და მსხვილ საერთაშორისო ბანკებთან (HSBC, Deutsche Bank, CitiBank, BNP Paribas). ასევე, იგეგმება ფინანსთა მინისტრის ინტერვიუ წამყვან ბიზნესარხთან– Bloomberg-თან.

Euromоnеy-ის კონფერენცია მსოფლიოში წამყვანი ფორუმია მსხვილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, კორპორაციებისთვის, სამთავრობო და ფინანსური წრეებისთვის. ყოველ წელს ფორუმი მასპინძლობს 1000-ზე მეტ მონაწილეს. კონფერენცია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, ბიზნესისთვის – გამოცდილების გაზიარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას იძლევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი