ეკონომიკა

საქართველოს საფონდო ბაზარი ვერ ვითარდება

13 იანვარი, 2012 • 1266
საქართველოს საფონდო ბაზარი ვერ ვითარდება

„საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი+“–მა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2011 წელს მომხდარი გარიგებების კვლევა განახორციელა. ჯგუფის ექსპერტის, დავით ასლნიშვილის, მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად,

საქართველოში  საფონდო ბაზრის განვითარება კვლავ დაბალ დონეზეა. ამის მიზეზად ექსპერტი ბირჟაზე ვაჭრობის  წესებს და გარესაბირჟო გარიგებებს ასახელებს.

წარმოდგენილი კვლევის თანახმად, საქართველოს საფონდო ბაზარზე  2011 წელს ჯამში 1281 გარიგება დაიდო. გასხვისებული აქციების რაოდენობამ 102 430 267  ცალი შეადგინა, თანხობრივმა ბრუნვამ კი –  19 344 259 ლარი.

კვლევამ აჩვენა, რომ საფონდო ბირჟის სავაჭრო  დარბაზში  2011 წელს 860 გარიგება დაიდო, გასხვისდა 12 077 996 ცალი აქცია, ნავაჭრმა თანხამ კი 2 503 705 ლარი შეადგინა.

2011 წელს საფონდო ბირჟის გარეთ  421 გარიგება დაიდო, გაცემული აქციების რაოდენობამ 90 352 271 ცალი შეადგინა, ხოლო თანხობრივმა ბრუნვამ კი – 16 840 554 ლარი.

„საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი+“ –ის ექსპერტის, დავით ასლანიშვილის, შეფასებით, ყველაზე მიმზიდველი ობიექტების აქციების გასხვისება ბირჟის გარეთ ხდება. დახურული გარგებების დროს აქციების ფასი გაცილებით მაღალია. ამას სტატისტიკაც ცხადყოფს. გარესაბირჟო გარიგებების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ხოლო ფულადი ბრუნვა უფრო ჭარბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი