ეკონომიკა

ივანიშვილმა “ქართუ ბანკის” რისკები გაანეიტრალა

11 იანვარი, 2012 • 1224
ივანიშვილმა “ქართუ ბანკის” რისკები გაანეიტრალა

„ქართუ“ ბანკის მფლობელმა ბიძინა ივანიშვილმა ბანკის  საზედამხედველო კაპიტალი 70 მილიონი ლარით გაზარდა. როგორც  „ნეტგაზეთს“ ბანკის ადმინისტრაციაში განუცხადეს,  ამის მიზეზი გაზრდილი არაუზრუნველოფილი სესხების მოცულობა გახდა.

„ბანკს  აქვს ზღვრული კოეფიციენტები, კერძოდ,  უგირაო სესხების კოეფიციენტი სასესხო პორტფელის 25 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. ეს რომ არ მომხდარიყო, კაპიტალი გავზარდეთ.  ეს სესხები  ჩამოვწერეთ ჩვენი ბალანსიდან, საკმაოდ დიდი  თანხაა და ზარალი დაფიქსირდა ბანკში, თუმცა ეს ლიკვიდობაზე არანაირად არ მოქმედებს“ –ამბობს „ქართუ“ ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი.

„ქართუ“ ბანკის საზედემხედველო კაპიტალი 250 მილიონ ლარს შეადგენდა. ჩამოწერილი სესხების შემდგომ დაახლოებით 45 მილიონი ლარი გატარდა ზარალში. ბოლო მონაცემებით საზედამხედველო კაპიტალის მოცულობა 285 მილიონი ლარია.

„საზედამხედველო კაპიტალის ზრდამ  გაანეიტრალა რისკები. კაპიტალი გავზარდეთ, მაგრამ ის ზარალმა შეამცირა. კომპანიები ბანკს ვალს ვერ უხდიან, რადგან გადახდის უუნარონი გახდნენ“– ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი.

„ქართუ“ ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის ზურაბ გოგუას ინფორმაციით,  9 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით  იმ კომპანიების საკრედიტო ვალდებულებებმა, რომელთა ქონებაც სააღსრულებლო ბიურომ აუქციონზე გაიტანა,  ჯამში  66,7 მილიონი ლარია.

ბოლო აუქციონი, რომელიც 4 იანვრის შედგა, „ქართუ“ ბანკის  კიდევ ერთი კრედიტორის,  შპს „საქართველოს ღვინოების“  ქონება გაიტანეს.

„ქართუ“ ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ გოგუა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ შპს „საქართველოს ღვინოები“ ბანკის ვალს ბოლო  თვებში ცუდად იხდიდა.

შპს „საქართველოს ღვინოებს“ სამი მფლობელი ჰყავს. კომპანიის წილის 33 პროცენტს სოლომონ გვაჯია, 32 პროცენტს ნუგზარ საჯაია, ხოლო 35 პროცენტს შპს „ბათოილი“ ფლობს. ამ კომპანიის 100 პრორცენტის მფლობელია შპს „ლემისე კომპანია“, რომრლსაც  პარლამენტარი სერგი კაკალაშვილი მართავს.

სერგი კაკალაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ადასტურებს, რომ შპს „საქართველოს ღვინოები“ „ქართუ“ ბანკის კრედიტორია: „ არ ვარ საქართველოში და კომპანიის აუქციონზე გატანის პროცესის შესაეხებ არაფერი ვიცი. „ქართუ“ ბანკიდან კრედიტი გვქონდა აღებული, მაგრამ რა მოცულობის, არ მახსოვს. ეგ ერთ–ერთი კომპანიაა ჩემი ბიზნესებიდან და მართლა არ მახსოვს, რამდენი გვქონდა ვალი“.

კალალაშვილი  ამბობს, რომ მისი კომპანია  ბოლო პერიოდში „ქართუს“ კრედიტს ვერ ფარავდა. შპს „საქართველოს ღვინოებს“ პრობლემა ჰქონდა  საგადასახადო სამსახურის წინაშეც.

იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო ბიუროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ შპს „საქართველოს ღვინოების“ ქონება აუქციონზე 2012 წლის 4 იანვარს გაიტანეს. კომპანიის მოვალე იყო შემოსავლების სამსახური. აუქციონზე კომპანიის ქონებაზე განაცახდი არ გაკეთებულა და კანონმდებლობის თანახმად, მისი ქონება სახელმწიფოს ნატურით გადაეცა.

„ლემისე კომპანის“ დირექტორი სერგი კაკალაშვილი (ბიზნესმენი და პოეტი, რომლის ლექსები მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ პარლამენტში წაიკითხა) „ქართუ“ ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებში მეორედ ფიგურირებს. მის მფლობელობაში არსებული ქონება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე პირველად 9 დეკემბერს გაიტანა.

თბილისის აღსრულების ბიურომ შპს „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსის“ ქონება, რომელსაც „ბათოილი“ ფლობს („ქართუს“ კრედიტორია),  მიმდინარე წლის 15 ნოემბერს დააყადაღა. აუქციონზე მთელი საწარმოო კომპლექსი იყო გამოტანილი (74 314 კვ.მ მიწის ფართობი და მასზე განთავსებული 15 053 კვ.მ შენობა. ობიექტი ხელვაჩაურის რაიონში, მდინარე ჭოროხთან, მდებარეობს. უძრავი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი – 1 767 000 ლარი).

აუქციონი მაშინაც  უშდეგოდ დასრულდა და, შესაბამისად, მთელი ეს ქონება სახელმწიფოს გადაეცა ნატურით.

მასალების გადაბეჭდვის წესი