ეკონომიკა

“მაცნე” და “პლანეტა ფორტე” ჯიხურების გარეშე

28 დეკემბერი, 2011 • 17325
“მაცნე” და “პლანეტა ფორტე” ჯიხურების გარეშე

პროექტ “1000 ჯიხურის” ფარგლებში დღეს დაგეგმილი მორიგი აუქციონი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პრესის გავრცელების სააგენტოები – “მაცნე”, “ელვასერვისი” და “პლანეტა ფორტე”– პროექტში მონაწილეობის მსურველებს სოლიდარობას სთხოვენ და მოუწოდებენ, არ მიიღონ მონაწილეობა იმ ლოტებში, რომლებიც პრესის გამავრცელებელი ჯიხურების განთავსების ადგილებს ემთხვევა. “აუქციონზე გატანილი ლოტების უმეტესობა იმ ადგილებს ემთხვევა, სადაც აქამდე პრესის გავრცელების ჯიხურები იდგა” – ნათქვამია სააგენტოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სს”მაცნეს” იურისტი დალი მაჭარაშვილი “ნეტგაზეთან” საუბარში ამბობს, რომ პრესის გავრცელების სააგენტოების თხოვნის მიუხედავად, იმ ლოტებზე, რომლებიც პრესის გავრცელების ჯიხურების ადგილებს ემთხვევა, ინტერესი სხვა მსურველებმაც გამოხატეს:   “მიმდინარე აუქციონშიც ვიღებთ მონაწილეობას. საზოგადოებასაც მივმართეთ, რომ ამ ლოტებში ნუ შეგვეცილებიან, მაგრამ მსურველები უკვე დაფიქსირდნენ. თუმცა აუქციონზე განსაკუთრებული აქტივობა  5–ის  ნახევრიდან იწყება”, –ამბობს  მაჭარაშვილი.

“მაცნეს” იურისტის განმარტებით, კომპანია დედაქალაქში 119 ჯიხურს ფლობდა. “2005 წლიდან მერიამ ჯიხურები რუსთაველის პროსპექტიდან აგვაღებინეს, შემდეგ– ჭავჭავაძის გამზირზე. ჯიხურების მასობრივი აღება კი 2011 წლის ნოემბერში დაიწყო. მანამდე აღმაშენებლის გამზირიდან აგვაღებინეს სამი ჯიხური, მიმდინარე რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. შემდეგ,  ნოემბერში –12 ერთდროულად, მერე –14, და კიდევ – 20. დღეს საერთოდ არც ერთი ჯიხური აღარ გვაქვს” –ამბობს ლალი მაჭარაშვილი.

მისი თქმით, “მაცნეს” მერიასთან დადებულ ქირავნობის ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა.  “კომპანია  სისტემატურად ითხოვდა ხელშეკრულების გაგრძელებას, თუმცა მერია გვპასუხობდა, რომ მიწის საიჯარიო ქირა არ იყო დადგენილი. მიწის გადასახადს ყოველწლიუარად ვიხდიდით, რადგან ამ ტერიტორიაზე ჩვენი ჯიხურები იდგა” – ამბობს ლალი მაჭარაშვილი.

“მაცნემ” “1000 ჯიხურის” ფარგლებში გამართულ 5 აუქცუინში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ აუქციონამდე კომპანიის მფლობელობაში არსებულ ლოტებზე ვერ გაიმარჯვა. “ის ადგილები, რაც  დაემთხვა ჩვენი ჯიხურების განთავსების ადგილს, იჯარით ვერ ავიღეთ.  იმ ლოტებზე ძალიან მაღალი ფასები დაფიქსირდა. მაგალითად,  დოლიძის ქუჩაზე მდებარე ლოტი  26 ათას ლარად გაიყიდა” –ამბობს  მაჭარაშვილი.

“პლანეატა ფორტეს” ხელმძღვანელი მერაბ ჩანჩალაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ  კომპანიის მფლობელობაში არსებული 80 ჯიხური, სადაც პრესა იყიდებოდა, დედაქალაქის მერიამ ეტაპობრივად აიღო.

“ 2007 წელს აიღეს 38 ჯიხური. შემდეგ შევხვდით მერიის მესვეურებს, რომელთაც გვითხრეს, რომ ჩვენს ჯიხურებს არვინ არ  შეეხებოდა და მთელი პრობლემა ის იყო, რომ იჯარის ნორმატიული ღირებულება არ  იყო განსაზღვრული. მაშინ გვითხრეს, რომ 15– წლიან იჯარებს გაგვიფორმებდნენ, და რადგან საქმე პრესას ეხებოდა, შეღავათიან ფასებს დაგვიწესებდნენ” –  ამბობს მერაბ ჩანჩალაშვილი.

მისი თქმით, “პლანეტა ფორტეს” მერიისგან ნებართვა 123 ადგილზე ჰქონდა, თუმცა დედაქალაქში მხოლოდ 80 ჯიხური  განათავსა.

მერაბ ჩანჩალაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ “1000 ჯიხურის” აუქციონი თავიდან არ გაუპროტესტებია: “მეგონა, რომ ამ პროექტის შედეგად ხალხი რეალურად დასაქმდებოდა და ეს აუქციონი ჩვენ არ შეგვეხებოდა, თუმცა ახლა არც ერთი ჯიხური აღარ გვაქვს.”

“პლანეტა ფორტე”  დღეს გამართულ აუქციონშიც მონაწილეობს, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელს გამარჯვების იმედი ნაკლებად აქვს.

პრესის გამავრცელებელმა სააგენტოებმა აუქციონის–”1000 აუქციონის”– შესახებ განცხადება დღეს დილით გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ 2011 წლის 28 დეკემბერს გამოცხადებულ მე-80 აუქციონზე, ძირითადად, “მაცნეს”, “პლანეტა ფორტესა” და “ელვასერვისის” კუთვნილი ჯიხურების განთავსების ადგილებია გამოტანილი.

“აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ, გამოგვიცხადონ სოლიდარობა და არ მიიღონ მონაწილეობა იმ ლოტებში, რომლებიც ემთხვევა მერიის მიერ აღებული პრესის გამავრცელებელი ჯიხურების განთავსების ადგილებს, კერძოდ: სს “მაცნე”, ლოტი 33: 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 15, 16, 18, 19, 23, 24, 25; შპს “ელვასერვისი” 33: 14, 17, 21; შპს “პლანეტა ფორტე” 33: 3, 6, 26. შემდეგ აუქციონებში მონაწილეობის შესახებ სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერიის ქოენების მართვის სააგენტომ „1000 ჯიხურის“ პროექტის ფარგლებში პირველი  აუქციონი 19 ოქტომბერს გამოაცხადა. პირველი ვაჭრობა  7 ნოემბერს შედგა. აუქციონის ბიჯმა 50 ლარი შეადგინა. ვაჭრობის შედეგად ლოტებზე  შემდეგი თანხები დაფიქსირდა: 1050, 1100, 1551, 1800, 2100, 4600, 5200, 9700, 10000, 10200, 10500, 12050, 12500, 19000, 22000, 25050, 36000 ლარი.

“1000 ჯიხურის” აუქციონში ძირითადად მსხვილმა ბიზნესმა გაიმარჯვა. კომპანია “პოულტრი ჯორჯიამ” (ბრენდი კოდა) გამარჯვება 24 ლოტზე, ხოლო კომპანია “ნუგეშმა” 15 ლოტზე მოიპოვა. მცირე ბიზნესის აუქციონში მსხვილი კომპანიების გამარჯვების შეფასებისას თბილისის ქონების მართვის საგენტოში აცხადებენ, რომ აუქციონი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და კონკურენციას ბაზარი დაარეგულირებს.

28 დეკემბერს მიმდინარე ელექტრონული აუქციონი, სადაც “1000 ჯიხურის” პროექტის ფარგლებში 51 ლოტია გატანილი, საღამოს 18 საათზე დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი