ეკონომიკა

ვადაგადაცილებული ინვესტიციების რაოდენობა უცნობია

23 დეკემბერი, 2011 • 1361
ვადაგადაცილებული ინვესტიციების რაოდენობა უცნობია

ვადაგადაცილებული ინვესტიციების მოცულობის შესახებ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკა არ აქვს. დღემდე არ არის ცნობილი ვადაგადაცილებული ინვესტიციების რაოდენობა და ინვესტორებისთვის დარიცხული ჯარიმა–საურავების მოცულობა.

ეკონომიკური განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განმარტებით, 2008 წლის ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად საქართველოში ბევრი საინვესტიციო პროექტი გაჩერდა.

“სამწუხაროდ, ბევრი ინვესტიცია გაჩერდა. როცა ხდება კაპიტალიზაცია და ინვესტორებისათვის ობიექტების გადაცემა და შემდეგ ეს პროექტი ვერ ხორციელდება, სამწუხარო ფაქტია. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ვადაგადაცილებული ინვესტიციები, რომელთა მოცულობასაც დავთვლით და გამოვაქვეყნებთ”– განაცხადა ქობალიამ.

ეკონომიკური განვითრების მინისტრი არც ერთ ვადაგადაცილებულ ინვესტიციაზე კონკრეტულად არ საუბრობს. ვერა ქობალია  კახი კალაძის კომპანიის “კალა კაპიტალის” გახმაურებული პროექტის “არსენალის” შესახებაც არ აკეთებს კომენტარს.

“კალა კაპიტალის” ყველაზე მასშტაბური პროექტია “არსენალი”, რომელიც 10 წელიწადში სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს 80 ჰექტარზე მინიქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელებისთვის “კალა კაპიტალი” 1,5 ამერიკულ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავდა. „კალა კაპიტალსა” და სახელმწიფოს შორის გაფორდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც,  „კალა კაპიტალს” სახელმწიფოსგან ნაყიდი მიწის ნაკვეთის ღირებულება, 38,02 მლნ აშშ დოლარი, უნდა გადაეხადა და 2016 წლამდე 700 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება უნდა მოეხდინა.

ეკონომიკური განვითრების  სამინისტრო „კალა კაპიტალს“ კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს.  კომპანიამ მიწის ნაკვეთის ღირებულების მხოლოდ ნაწილი – 18,01 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა და დაარღვია ხელშეკრულებით გაწერილი გრაფიკი, რომლის მიხედვით, თანხა 2008 წლის დეკემბრამდე სრულად უნდა დაეფარა. 2008 წლის ომის გამო კახი კალაძემ თანხის გადახდის გადავადება ითხოვა, თუმცა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა და “კალა კაპიტალს” საჯარიმო სანქციები დაეკისრა, რის შემდეგაც კალაძის კომპანიისა და ეკონომიკის სამინიტროს  კონტრაქტის სამართლებრივ საკითხს იუსტიციის სამინისტრო სწავლობს.

მხარეებს შორის არსებული დავის შესახებ დეტალები არ ხმაურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი