ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ამცირებს

22 დეკემბერი, 2011 • 1004
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 6.75 პროცენტამდე შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნული ბანკის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილების მიზეზად ინფლაციის შემცირებას ასახელებს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ნოემბერში გაგრძელდა წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია და ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა.

კვლავ დაბალია საბაზო ინფლაცია (სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით) და 0.4 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპი გაიზარდა და 7.5% შეადგინა. თუმცა მთლიანი გამოშვების პოტენციური დონიდან გადახრა კვლავ უარყოფითია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთობლივი მოთხოვნის აღნიშნული ზრდა ინფლაციის რისკებს არ შეიცავს.

“მეოთხე კვარტალში ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების ტემპი შენელდა, რაც აისახება შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ტენდენციები მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს, შემცირდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი” –აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის  პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება მომავალი წლის პირველ ნახევარში. ზაფხულიდან მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის ზომიერი ზრდა, თუმცა პოლიტიკის უცვლელობის პირობებში ინფლაცია მიზნობრივ დონეზე ნაკლები იქნება.

ამ პროგნოზების შედეგად ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო პოლიტიკის შერბილების გაგრძელების გადაწყვეტილება და რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2012 წლის 18 იანვარს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი