ეკონომიკა

ცვლილებები სადაზღვევო ბაზარზე

20 დეკემბერი, 2011 • 1052
ცვლილებები სადაზღვევო ბაზარზე

„ბიჯი კაპიტალის“ ყოველკვირეული მარკეტინგული მიმოხილვის თანახმად, გასულ კვირას სადაზღვევო კომპანია  „პარტნიორის“ აქტივები და ვალდებულებები  კომპანია „ალდაგი ბისიაი“–მ შეისყიდა. გარიგება არაფარული იყო. „ალდაგი ბისიაიმ“ შეისყიდა „პარტნიორის“ 6 მილიონი ლარის აქტივები და 6,7 მილიონი ლარის ვალდებულებები.

კომპანია „ალდაგი“ 1990 წელს დაფუძნდა. 2006 წელს  „ალდაგი“–ის აქციების 100 პროცენტი სადაზღვევო კომპანია  „ბისიაიმ“ შეიძინა. „ბისიაი“ 1998 წელს დაფუძნდა და მისი აქციების 100 პროცენტის მფლობელი „საქართველოს ბანკია“. 2005 წელს ორივე კომპანიამ მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა. „ალდაგმა“ იყიდა „სელბი“, „ბისიაიმ“ – „ევროპეისი“. 2007 წელს ორივე კომპანია გაერთიანდა და ბაზარზე ხუთი წელია „ალდაგი ბისიაის“ სახელით ოპერირებს.

სადაზღვევო კომპანია „პარტნიორი“ 2007 წელს დაფუძნდა. კომპანის დამფუძნებელია „მენეჯმენტ კონსალტინგი.“  2011 წლის 6 თვის მონაცემებით, „პატნიორი“ 12–ე პოზიციაზეა.

2011 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 16 კომპანია ოპერირებდა, მათ მიერ მოზიდული პრემიის ჯამურმა მოცულობამ 188,2 მლნ. ლარი შეადგინა. მოზიდული პრემიის მიხედვით, ბაზრის ლიდერები ,,ჯიპიაი ჰოლდინგი’’, ,,ალდაგი ბისიაი’’ და ,,იმედი L’’ არიან.

ამ კომპანიებს ბაზრის 17.8, 16.8 და 15 პროცენტი უჭირავთ. ყველაზე პოპულარული სადაზღვევო პროდუქტებს შორის სამედიცინო დაზღვევაა, მისი წილი ბაზარზე 63%–ია (120 მლნ. ლარი).

მასალების გადაბეჭდვის წესი