ეკონომიკა

60 მილიონი ჩინური იუანი საქართველოსთვის

19 დეკემბერი, 2011 • 1378
60 მილიონი ჩინური იუანი საქართველოსთვის

საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა  “ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ”  შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია 2011 წლის 19 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შედგა.

დოკუმენტს საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში  ჩენ ჯიანფუმ მოაწერეს ხელი.

შეთანხმების ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გრანტის სახით გამოიყოფა 60 მილიონი ჩინური იუანი (დაახლოებით 9.5 მლნ აშშ დოლარი). ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გრანტით დაფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა განხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება სოფლის მეურნეობა.

რაც შეეხება, ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის შეფასებით, მუშაობა სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: „მხარდაჭერა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მეორე – დიდი დამხარება, რომელსაც დარგი იღებს დონორი ორგანიზაციებიდან. დაახლოებით 250-270 მლნ დოლარის მოცულობითია ის პროექტები, რომლებიც უკვე მიმდინარეობს და რომლის დაწყებას ვაპირებთ 2012 წლის განმავლობაში. მესამე ვექტორია ბიზნესის მაქსიმალური ჩართულობა, რათა ლიდერის როლი სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით სწორედ კერძო სექტორმა დაიკავოს,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სავაჭრო და საინვესტიციო კუთხით ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 2005 წლიდან დღემდე გრანტების სახით უკვე გამოყოფილია 100 მლნ იუანი (დაახლოებით 15.8 მლნ აშშ დოლარი) და 30 მლნ იუანის (დაახლოებით 4.7 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის  20-წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი