თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო თბილისში ჯიხურების განთავსების შესახებ გამართულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებს და კერძო პირებს ასახელებს.
ქონების მართვის სააგენტოს მიერ უკვე ჩატარებული 79 აუქციონის შედეგების მიხედვით, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში შპს „პოულტრი ჯორჯია“ ლიდერობს. კომპანიამ აუქციონის შედეგად იჯარით 26 ობიექტი აიღო. მეორე ადგილზეა შპს „ელვასერვისი“, რომელსაც აუქციონის შედეგად, იჯარით 17 ობიექტი გადაეცა. მესამეზეა შპს „ნუგეში“, რომელმაც იჯარით 15 ობიექტი მიიღო.
მერიის ქონების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, „1000 ჯიხურის“ ფარგლებში გამართული აუქციონების შედეგად, ოთხი ობიექტი იჯარით შპს „კოლხს“, სამი ობიექტი, შპს „წიგნის სამყაროს“, 5 ობიექტი შპს „კუმისს“, ოთხი ობიექტი „ლიბერთი ბანკს“, ორი ობიექტი შპს „ბიბლუსს“, ერთი ობიექტი შპს „მადლს“ გადაეცა. დანარჩენი ლოტები კი ინდმეწარმეებზე ნაწილდება.
თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, იჯარით სულ 136 ობიექტი გაიცა. 19 დეკემბრის მონაცემებით, 79 აუქციონი გაიმართა, სადაც 450 ლოტი იყო გამოტანილი, 314 ობიექტზე ინტერესის გამოხატვა არ მომხდარა.
თბილისის მერიის ქოენების მართვის სააგენტომ „1000 ჯიხურის“ პროექტის ფარგლებში პირველი აუქციონი 19 ოქტომბერს გამოაცხადა. პირველი ვაჭრობა 7 ნოემბერს შედგა. აუქციონის ბიჯმა 50 ლარი შეადგინა. ვაჭრობის შედეგად ლოტებზე შემდეგი თანხები დაფიქსირდა: 1050, 1100, 1551, 1800, 2100, 4600, 5200, 9700, 10000, 10200, 10500, 12050, 12500, 19000, 22000, 25050, 36000 ლარი.
თბილისის ქონების მართვის სააგენტოს რიგით 80 აუქციონი 28 დეკემბერს არის ჩანიშნული.




