ეკონომიკა

შოპინგ ფესტივალი თუ საახალწლო ფასდაკლება

10 დეკემბერი, 2011 • 1285
შოპინგ ფესტივალი თუ საახალწლო ფასდაკლება
თბილისის მერიამ “შოპინგ ფესტივალი” მაღაზიების საახალწლო ფასდაკლებებს დაამთხვია.
9–დან 11 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში შოპინგ ფესტივალი მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ფასდაკლებებს ითვალისწინებს.
“ნეტგაზეთის” შეკითხვას, თუ რატომ დაამთხვია მერიამ ფესტივალი იმ პერიოდს, როდესაც მაღაზიები ისედაც ფასდაკლებულ პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებელს, მერიის პრესსამსახურმა კონკრეტულად არ უპასუხა:

“იდეის არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ თბილისში შესაძლებელი იყოს კონკრეტულად რამდენიმე დღის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა სავაჭრო ობიექტში ისეთი ფასდაკლებების გაკეთება, რომელიც არა მარტო ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება მისაღები, არამედ თბილისი ჩამოსულ ტურისტებისათვისაც.”

გარდა ამისა, “შოპინგ ფესტივალის” ფარგლებში ფასდაკლებები  ყველა სავაჭრო ობიექტში არ არის, როგორც ამას მერიაში ამბობენ.  მაღაზიების ჩამონათვალი მერიის ვებ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

ის, რომ ფასდაკლებები მერიის მიერ ორგანიზებული შოპინგ ფესტივალის გარეშეც მიმდინარეობდა, რუსთაველის გამზირსა და “თბილისი ცენტრალში” მდებარე მაღაზიებშიც დაგვიდასტურეს. მაღაზიების ადმინისტრატორების თქმით, შედარებით დაბალი ფასები ფესტივალის დაწყებამდეც იყო და მისი დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება, ერთი მარტივი მიზეზით – რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის.

“ყველა  მაღაზიასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ინდივიდუალურად. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჩვენ მათ გავუგზავნეთ კითხვარი აღნიშნული ღონისძიების შესახებ, რის შემდეგადაც გავითავლისწინეთ ყველა ის შენიშვნა თუ რეკომენდაცია, რომლებიც ჰქონდათ აღნიშნულ სექტორში არსებულ სუბიექტებს”, – განგვიცხადეს მერიის პრესსამასხურში, თუმცა, თბილისი ცენტრალის მაღაზიის მფლობელების თქმით, გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მიიღო:

“თბილისი ცენტრალის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა უნდა მიგვეღო შოპინგ ფესტივალში, რადგან ჩვენი მაღაზია ცენტრალის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამის შემდეგ კარებზე სტიკერი მიაკრეს წარწერით– “Tbilisi Shopping Festival”” – ამბობს ფეხსაცმლის ერთ–ერთი მაღაზიის ადმინისტრატორი.

“რამდენიმე თვეა, ვგეგმავ ტექნიკის შეძენას სამზარეულოსთვის, ვიფიქრე, რომ ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ფასდაკლებები იქნებოდა, თუმცა თითქმის იგივე ფასები დამხვდა, რაც რამდენიმე თვის წინ” – ამბობს ერთ–ერთ მყიდველი, ნინო ცხადაძე. იგივეს ამბობენ გოგონები, რომლებმაც საზაფხულო ფეხსაცმლის შეძენა ზამთარში გადაწყვიტეს:

“ვიფიქრეთ, რომ საზაფხულო ფეხსაცმელზე დიდი ფასდაკლებები იქნებოდა, რადგან ზამთარში ისედაც იაფია ხოლმე. რამდენიმე მაღაზია მოვიარეთ და ფასები 50 ლარიდან იწყება, რაც არც ისე იაფი გამოდის”

თუმცა თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ფესტივალს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამიტომ მომავალი წლიდან ღონისძიება ტრადიციის სახეს მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი მხოლოდ სამი დღის განმავლობაში გრძელდება, მერიის ოფიციალურ განაცხადში წერია, რომ ფესტივალის ერთ–ერთი მიზანი ტურისტების მოზიდვაა.

მერიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ფესტივალი სწორედ ტურისტების მოზიდვის მიზნით დუბაიში და სტამბულშიც დიდი წარმატებით ტარდება.

აღნიშნულ ქვეყნებში შოპინგ ფესტივალი მართლაც უამრავ ტურისტს იზიდაცვს, თუმცა დუბაის შოპინგ ფესტივალი, რომელიც 1996 წლიდან იმართება, 32 დღე გრძელდება და ტურისტებზეც იმიტომაა გათვლილი, რომ ფესტივალის მიმდინარეობა ცნობილ ცხენების დოღს, Dubai World Cup–ს ემთხვევა, რომლის ფარგლებშიც დუბაის ათასობით ტურისტი სტუმრობს.

რაც შეეხება სტამბულს, აქ შოპინგ ფესტივალი 40 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. 

“გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ღონისძიება რეგიონში პირველი იყო, ჩვენ და ჩვენი პარტნიორებითავდაპირველად  შევჯერდით 3 დღეზე, რაც მომავლისთვის ანალიზის გაკეთების საშულებას მოგვცემს,” – აცხადებენ მერიის პრეს სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი