ეკონომიკა

ყველაზე მეტი ვიზიტორი იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა

6 დეკემბერი, 2011 • 1118
ყველაზე მეტი ვიზიტორი იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 100%-ით გაიზარდა.
2011 წლის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე 300 000 ვიზიტორი დაფიქსირდა, აქედან 53 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მათ შორის, ისრაელის, გერმანიის, პოლონეთის და სხვა. რაც შეეხება ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობას, სტატისტიკის მიხედვით, მათი რაოდენობა 247 000-ია.

გარემოს დაცვის სამინისტრო გაზრდილ ვიზიტორთა რაოდენობას უკავშირებს 2011 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ეროვნულ პარკებში საერთაშორისო ტურისტული ინფრასტრუქურის განვითარებას და ახალი ტურისტული სერვისის შექმნას.

საქართველოში ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებად და სერვისად მიჩნეულია სათაფლიის კომპლექსი, ბორჯომ-ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი, იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე სპელეო–პალეონტოლოგიური ტურები, სამთო ველოსეპიდით სეირნობის შესაძლებლობა და სხვა.

ტურისტების უმრავლესობა, 152 000 ვიზიტორი, იმერეთის დაცულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

2011 წელს, ეროვნული პარკების განვითარების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ 10 000 000 ლარამდე გრანტი მოიზიდა.

რაც შეეხება 2012 წელს, დაცული ტერიტორიების სისტემის ქსელის განვითარებისა და გაფართოების მიზნით ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის დანერგვა ჯავახეთისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე იგეგმება.

2012 წლისთვის წარმოდგენილი იქნება ისეთი ტურისტული სერვისები, როგორებიცაა –კანიონ ტურიზმი, ცხოველებზე დაკვირვების ტურები და სხვა. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო 2012 წელს 50% ვიზიტორთა მატებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი