ეკონომიკა

“ქართუ ბანკი” ხელისუფლებას სადამსჯელო ოპერაციის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს

6 დეკემბერი, 2011 • 1256
“ქართუ ბანკი” ხელისუფლებას სადამსჯელო ოპერაციის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს

 

“საქართველოს საბანკო სისტემის ერთ-ერთი წამყვანი კომერციული ბანკის ირგვლივ შექმნილია უაღრესად შემაშფოთებელი სიტუაცია,”– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ქართუ ბანკის” ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ქართუ ბანკის” ცნობით, გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა უპრეცედენტო სადამსჯელო ოპერაცია, როდესაც ორი-სამი დღის განმავლობაში ოთხ ბიზნეს-ჯგუფს (14 იურიდიული და ფიზიკური პირი) 100 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღა; ამით, ფაქტობრივად, არაუზრუნველყოფილი დატოვა სს ,,ბანკი ქართუს“ 70 მლნ ლარის საერთო მოცულობის საკრედიტო ვალდებულებები, რაც ბანკის საერთო საკრედიტო პორტფელის თითქმის 20 პროცენტია.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ  “იმ კომპანიების ქონებაზე, რომლებზეც საგადასახადო ორგანოს არ შეეძლო ძველი რიცხვით (სს „ბანკი ქართუს“ პირველადი იპოთეკის რეგისტრაციამდე) „აღმოეჩინა“ საგადასახადო დავალიანება (მაგ. კომპანია ახალი დაფუძნებულია), გასულ დღეებში დაჩქარებული წესით განხორციელდა ხსენებული კომპანიების ქონების განვადებით გასხვისება ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც შემდგომში „აღმოუჩინეს“ ან გააჩნდათ საგადასახადო დავალიანება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნასყიდობის ფასი არც ერთი ასეთი ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი არ არის და ის მყიდველმა უნდა გადაიხადოს მომავალში (მაგ. ერთი წლის შემდეგ). ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები თვალთმაქცურია და ისინი დაიდო მხოლოდ სს „ბანკი ქართუს“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური ზარალის მიყენების მიზნით. ფაქტია ის გარემოებაც, რომ ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა ბიზნეს-ჯგუფებში შემავალ კომპანიებს შორის.

ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ გასულ კვირას ბანკის უმსხვილესი მსესხებელი ბიზნეს-ჯგუფის აქციონერმა მიაღწია შეთანხმებას ერთ-ერთ პირთან 2012 წლის მარტიდან იმ ქონების მიქირავებაზე, რომელიც მან მოლაპარაკებამდე გაასხვისა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და რომლის რეალიზაციაც უახლოეს დღეებშია დაგეგმილი საჯარო აუქციონზე სახელმწიფოს სასარგებლოდ. ზემოთაღნიშნული ფაქტი ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ ხსენებულ აქციონერს „ჩამორთმეული“ ქონების უპირობო დაბრუნების იმედი აქვს.”

“ქართუ ბანკის” ადმინისტრაცია მომხდარს ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონსა და „საგადასახადო კოდექსში“ ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებებს უკავშირებს, რომლებზეც არც საქართველოს ეროვნულ ბანკს, არც საბანკო სისტემის რომელიმე სუბიექტს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოში მოქმედ არც ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს არანაირი რეაქცია არ ჰქონია.

“ქართუ ბანკის” ადმინისტრაცია გასულ კვიარს აცხადებდა, რომ ეს ცვლილებები  გამოყენებული იქნებოდა სს ,,ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორებისთვის.

ბანკის ადმინისტრაცია გამოთქვამს ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს,  ფინანსურად ყველაზე უზრუნველყოფილ ბანკს იძულებით დაარღვევინოს საზედამხედველო ნორმატივები და დაუნიშნოს დროებითი ადმინისტრაცია.

ბანკი აფრთხილებს შესაძლო მყიდველებს, არ მიიღონ მონაწილეობა ისეთი სახის აუქციონებში, სადაც, სს „ბანკი ქართუს“ პირველი რიგის იპოთეკის მიუხედავად, ხორციელდება ბანკის მსესხებლების ქონებების გასხვისება საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად და უნებლიეთ არ გახდნენ ხელისუფლების უსამართლო ქმედებების თანამონაწილე.

სს ,,ბანკი ქართუს“ ხელმძღვანელობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბანკის მიმართ სადამსჯელო ოპერაციების განხორციელება და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ფინანსურ ინსტიტუტს საშუალება მისცეს, კეთილსინდისიერად ემსახუროს ქვეყნის ეკონომიკასა და ქართველ საზოგადოებას.

გავერცელებულ განცხადებაში “ქართუ ბანკი” მიმართავს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საბანკო დაწესებულებებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლობებს საქართველოში, რომ  სს ,,ბანკ ქართუს“ წინააღმდეგ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული სახელისუფლებო ტერორი, ხმა აიმაღლონ უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი