პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების “ წევრი დავით ონოფრიშვილი 2012 წლის ბიუჯეტს ყველაზე არატრანსპარანტულს უწოდებს. მან ეს განცხადება დღეს გამართულ შეხვედრაზე გააკეათა, რომელსაც ექსპერტები და ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“2012 წლის ბიუჯეტი არის ხალხისაგან დამალული ბიუჯეტი, არატრანსპარანტული. ეს დოკუმენტი არ არის ახლოს საერთაშორისო სტანდარტებთან და მის შესრულებაზე თვალყურის დევნება პრაქტიკულად შეუძლებელია,“– ამბობს ონოფრიშვილი.
2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსულობები 7 მილიარდ 673 მილიონი ლარი იქნება. ამ თანხის დაახლოებით 85 პროცენტი შემოსავლებზე მოდის, რომლის მოცულობა, 2011 წელთან შედარებით, 300 მილიონი ლარით იზრდება და 6,6 მილიარდ ლარს უტოლდება.
მომავალი წლის პრიორიტეტების ჩამონათვალი თითქმის ანალოგიურია, ყველაზე დიდი დაფინანსება 2012 წელს შემდეგ უწყებებს ექნება:
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო –1,7 მილიარდი ლარი; რეგიონული განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 920,3 მილიონი ლარი. თავდაცვის სამინისტრო – 675 მილიონი ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო 584 მილიონი ლარი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 580 მილიონი ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 100 მილიონი ლარი.
ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის განმარტებით, ბიუჯეტის არაპროგრამულობაზე მიუთითებს კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, კამათის საგანია. საქმე ეხება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მუხლს – „სხვა ხარჯები“.
პარლამენტის მიერ ბიუჯეტის პროექტის პირველად განხილვის შემდეგ „სხვა ხარჯების“ მაჩვენებელი გაიზარდა. ცვლილებების შეტანამდე ის 836 482,4 მილიონი ლარი (მთლიანი ხარჯების 12,8 პროცენტი) იყო, შესწორებულ ვარიანტში ეს ციფრი 974 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც მთლიანი ხარჯების 16 პროცენტია.
ახალგაზრდა ფინანანსისტთა ასოციციის განმარტებით, 2012 წელს მთავრობა „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას „ქამრების მოშვებით“ ცვლის: 2012 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 100 130 კაციდან 99 538 კაცამდე მცირდება. ამის ფონზე შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხების მოცულობა 47 მილიონ 930 ათასი ლარით იზრდება.
მოცემულ ციფრებზე დაყრდნობით, შეგვიძლია გამოვთვალოთ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მაჩვენებელი: 2011 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 10 787 ლარს, ხოლო 2012 წელს ეს ციფრი 11 333 ლარი იქნება (თვეში საშუალოდ 944 ლარი).
“2012 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს,’’– ამბობს ონოფრიშვილი.
„თავისუფალი დემოკრატების “ პოზიციას ბიუჯეტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში პარტიის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი გაახმოვანებს.




