ეკონომიკა

სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცდა

24 ნოემბერი, 2011 • 1033
სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცდა

 

კანონპროექტის თანახმად, მოხდა სახელმწიფო  ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახადების დაზუსტება. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა 219,6 მლნ ლარით. პროექტში განხორციელებული ცვლილებები კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ გააცნო.

 

მისი ინფორმაციით, 2011 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენდა, თუმცა მიმდინარე წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 6,6%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამასთან, მინისტრის განმარტებით, იზრდება ბიუჯეტის შემოსავლებიც. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 125,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 5 775,0 მლნ ლარის ოდენობით. სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა იზრდება 100,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 400,0 მლნ ლარის ოდენობით. გრანტების სახით დაგეგმილი შემოსავლები მცირდება 53,0 მლნ ლარით. არაფინანსური აქტივების კლების მოცულობა 150,0 მლნ ლარიდან იზრდება 170,0 მლნ ლარამდე, ხოლო ფინანსური აქტივების კლების მოცულობა 35,0 მლნ ლარიდან 55,0 მლნ ლარამდე.

დიმიტრი გვინდაძის განცხადებით,  წარმოდგენილი პროექტით სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 213,7 მლნ ლარით, რომელიც მიმართული იქნება: ლტოლვილთა სახლების მშენებლობისა და რეაბილიტაციისათვის, ასევე ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებზე მათი შენახვის ხარჯების ასანაზღაურებლად; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში –  გუდაურისა და მესტიის კურორტებზე საბაგირო გზების მშენებლობისთვის; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პაემნების ოთახების მოსაწყობად, მედიკამენტების შესაძენად და კომუნალური ხარჯების დასაფინანსებლად; სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სხვადასხვა პროგრამების დაფინანსებისთვის; თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტისთვის და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი