ეკონომიკა

დებდა თუ არა თბილისის მერია კონტრაქტებს საკუთარ კომპანიასთან

22 ნოემბერი, 2011 • 2104
დებდა თუ არა თბილისის მერია კონტრაქტებს საკუთარ კომპანიასთან

თბილისის მერიამ უპასუხოდ დატოვა ბრალდება იმის შესახებ, რომ ის საკუთარ კომპანიასთან კონტრაქტებს დებდა.

დღეს, 22 ნოემბერს, „რესპუბლიკური პარტიისა” და თბილისის საკრებულოს წევრმა, თინათინ ხიდაშელმა კერძო კომპანიებსა და დედაქალაქის მერიას შორის ბიუჯეტის თანხების მიმოქცევის შესახებ ისაუბრა და თბილისის მერია ელიტურ კორუფციაში დაადანაშაულა.

ხიდაშელის ბრალდებით, 2007–2009 წლებში, როდესაც ძველი თბილისის რაიონის გამგებლის თანამდებობას ლაშა ფურცხვანიძე იკავებდა, თბილისის მერია სწორედ ფურცხვანიძის საკუთრებაში არსებულ შპს „გრინსერვისთან“ აფორმებდა კონტრაქტებს ქალაქში მწვანე ზოლის ექსპლუატაციისთვის საჭირო მომსახურებების შესყიდვაზე.

ის, რომ დედაქალაქის მერია აღნიშნულ წლებში მართლაც თანამშრომლობდა შპს „გრინსერვისთან“, ამას დედაქალაქის ოფიციალურ ვებ–გვერდზე არსებული ინფორმაციაც ადასტურებს.

მაგალითად, 2008 წელს ძველი თბილისის რაიონის ტეროტორიაზე მწვანე ზოლის ექსპლუატაციისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაში ორიდან ერთი გამარჯვებული კომპანია სწორედ „გრინსერვისია“, რომელმაც თბილისის მერიისგან 1 მილიონ ლარზე მეტი მომსახურება შეისყიდა.

ამ წლებში შპს „გრინსერვისს“ ოთხი თანაბარი წილის მქონე საზოგადოებისთვის უცნობი მფლობელი ჰყავს: მამუკა მურვანიძე, მარინე მურცხვალაძე, კახა ყორღანაშვილი, ზვიად შარიქაძე. ხოლო მას შემდეგ, რაც ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა ლაშა ფურცხვანიძემ და მისმა მოადგილემ კობა ხარშილაძემ 2009 წელს თანამდებობები დატოვეს, აღნიშნული შპს „გრინსერვისის“ ოფიციალური მფლობელები გახდნენ. დღეისათვის ისინი „გრინსერვისის“ 50–50%–ან წილებს ფლობენ.

თინათინ ხიდაშელი ამბობს, რომ „გრინსერვისი“ იქამდეც მათი საკუთრება იყო და მათი ზემოთაღნიშნული თანამდებობებიდან გათავისუფლების შემდეგ ლაშა ფურცხვანიძესა და მის მოადგილეს კობა ხარშილაძეს „გრინსერვისი“ სიმბოლურ ფასად გადაეცათ.

იმის მიუხედავად, რომ ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე კობა ხარშლაძე 2009 წელს თანამდებობებიდან დათხოვნის ერთ–ერთ ვერსიად მათ სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობების, ე.წ. “ჟუჩოკების”, აღმოჩენა და თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან მათი დაპირისპირება განიხილებოდა, თბილისის მერიის “გრინსერვისთან” გაფორმებული კონტრაქტების რაოდენობაზე ეს არ ასახულა.

„მას შემდეგ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებშიც სწორედ ეს ერთადერთი კომპანია მონაწილეობს,“–აღნიშნა დღეს თინათინ ხიდაშელმა.

თბილისის მერიის 2011 წლის სატენდერო სიაში შპს „გრინსერვისი“ მართლაც რამდენჯერმე მოხვდა, თუმცა ის ერთადერთი კომპანია არ არის, რომლისგანაც მერიამ გამწვანებასთან დაკავშირებული მომსახურებები შეისყიდა.

„გრინსერვისთან“ ერთად სატენდერო სიაში ფიგურირებს, ასევე,  „პარტნერ გრუპი“, „ლოტოსი“, „დელტა ჯორჯია“,  შპს „ გრინტექსი“ და კიდევ რამდენიმე სხვა კომპანია. ერთ–ერთმა მათგანმა, „გრინტექსმა“ მიმდინარე წლის 19 ივლისს მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფულძველზე ერთწლიანი საგარანტიო ვადით 99 ათასზე მეტი ღირებულების რულონური გაზონის საფარის შესყიდვა განახორციელა. თუმცა 2011 წელს „გრინსერვისი“ მთლიანად 14 მილიონის ღირებულების შესყიდვებიდან 6– მილიონიანი შესყიდვებით მაინც ლიდერობს.

ხიდაშელის ინფორმაციით, კომპანია “გრინსერვისის” მიერ მიწოდებული მწვანე ნარგავებითა და ყვავილებით გაფორმდა გმირთა მოედნის ესტაკადა, პოლიციის შენობის მიმდებარე ბაღები, აეროპორტის გზაზე არსებული შუა ზოლი.

„აეროპორტის გზის შუა ზოლის გამწვანებაში პრაქტიკულად ყოველ ორ თვეშ ერთხელ ცხადდება ტენდერი. ტენდერების მიხედვით, კომპანიას ევალება მცენარეების შემოტანა და მათი მოვლა–პატრონობა, თითქოს ყოველ თვე ახალ–ახალ მცენარეებს რგავნდნენ. სინამდვილეში, ჩვენ ვერასდროს გავაკონტროლებთ, რამდენი ცალი ბუჩქი დაირგა ან რამდენჯერ გამოუცვალეს მას მიწა,“–ამბობს ხიდაშელი.

გარდა ამისა, შპს „გრინსერვისმა“ მიმდინარე წლის სექტემბერში „მზიურის“ ტერიტორიისთვის ხეებისა და მცენარეების შესყიდვისთვის და მათ დარგვისთვის გამოცხადებულ ტენდერშიც გაიმარჯვა. აღნიშნული მომსახურებისთვის მას თითქმის 300 ათასი ლარი გადაეცა.

“გრინსერვისის” ინფორმაციით, მანვე განახორციელა:

1. ავლაბარში ვერტიკალური ბაღის მოწყობა.
2. რუსთაველის გამზირის გამწვანება.
3. პუშკინის სკვერის გამწვანება.
4. ყვარლის ტბის სასტუმრო კომპლექსის გამწვანება.
5. სასტუმრო რედისონის გამწვანების სამუშაოები.
6. ორბელიანის სკვერის გამწვანება.
7. მთაწმინდის პარკის გამწვანება.
8. ს.ს.ი.პ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა.
9. რიყის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა.
10. ინტერიერის ვერტიკალური ბაღები(თბილისი,ქუთაისი)
11. კონტროლის პალატეს ეზოს გამწვანება(ქუთაისი)
12. საყვავილე კონსტრუქციების მოწყობა.
13. ს.ს.”ელიტელექტრონიქსი” ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები.
14. მრავალი აგარაკი და დასასვენებელი კომპლექსი.
თბილისის გარდა შპს „გრინსერვისის“ მომსახურებით ბათუმიც სარგებლობს. „გრინსერვისმა“ 2011 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დასარგავი უხვყვავილა ვარდებისა და ბუჩქების 159 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი მოიგო.

„ეს არის ყველაზე მნიშვენელოვანი დადასტურება იმისა, რომ ქვეყანაში არის ელიტური კორუფცია,“–განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ხიდაშელის ბრალდებას დღესვე თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილიც გამოეხმაურა.

„ტენდერებში მხოლოდ კომპანია “გრინსერვისი” არ მონაწილეობდა. ტენდერები საჯარო და ღიაა და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა კომპანიას და გამწვანების სამსახურთან 70-მდე კომპანია თანამშრომლობს, რომელშიც 1000 ადამიანია დასაქმებული. გამწვანების სამსახურის ბიუჯეტი 14 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 6 მილიონი მწვანე ნარგავებისთვის, ბაღებისთვის, პარკებისთვის და სხვა მომსახურებისთვის იხარჯება,“–განაცხადა თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ქორქაშვილმა ხიდაშელის ბრალდების საპასუხოდ. თუმცა თბილისის მერიასა და კონკრეტულად გიორგი ქორქაშვილს, ელიტური კორუფციისა და შპს „გრინსერვისის“ ამჟამინდელი ოფიციალური მფლობელის, ლაშა ფურცხვანიძის 2007–2008 წლებში „გრინსერვისის“ მფლობელობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი