ეკონომიკა

შეღავათები 45–დან 60 წლამდე ასაკის დაქირავებულისთვის საარჩევნო პერიოდში

22 ნოემბერი, 2011 • 1075
შეღავათები 45–დან 60 წლამდე ასაკის დაქირავებულისთვის საარჩევნო პერიოდში

საქართველოს პარლამენტში ფინანასთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარიამ  საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი  პირველ მოსმენაზე წარადგინა. პარლამენტი ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან პროექტის გამოტანა საკომიტეტო მოსმენების გვერდის ავლით საპარლამენტო სესიაზე მოხდა.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს  43-ე ნაწილი ემატება, რომლის მიხედვითაც, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება 45-დან 60 წლამდე ას­ა­კის პირის მიერ კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირისგან ხელფასის სა­ხით მიღებული შემოსავალი ახალ სამუშაო ადგილზე  დაქირავებით მუშაობის და­წყე­ბიდან ერთი წლის განმავლობაში.

საკანონმდებლო ინიციატივა ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც  ახალ სამუშაო ადგილზე დაქირავებით მუ­შაობა დაიწყო 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე და მუშაობის დაწ­­ყებამდე 3 თვის განმავლობაში იყო უმუშევარი.

ამასთან, უკვე დასაქმებულ პირთა ინტერსების დაცვის მიზნით, პროექტის მიხედვით, კეთდება დათქმა იმის შესახებ, რომ 309-ე მუხლის 43-ე ნაწილით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ პირი დასაქმდება იმავე სამუშაო ადგილზე უკვე დაქირა­ვე­ბული პირის გათა­ვი­სუ­ფლების შემთხვევაში.

აღნიშნული ინიციტივა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ხოლო კანონპროექტის ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა. განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზეზია ახალი საგადასახადო შეღავათის შემოღება და  საქართველოს მოსახლეობის (45-60 წლის ფარგლებში) მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლება.

რუსუდან კემულარიას განმარტებით, „კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. თუმცა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის უმნიშვნელო შემცირება მოხდება. კანონპროექტის მიღებით მისი მოქმედების პერიოდში პირები, რომლებზეც გავრცელდება კანონის მოქმედება, არ დაიბეგრებიან საშემოსავლო გადასახადით, შესაბამისად, მათი შემოსავალი გაიზრდება“.

საქრთველოს მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში ოპონირება  დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა გაუწია.

დეპუტატის შეფასებით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და ემთხვევა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს: „ეს ხდება მაშინ, როცა კარს გვაქვს მომდგარი 2012 წლის საპარლამენტო და 2013 საპრეზიდენტო არჩევნები. რატომ დაინტერესდით ამ ადამიანების ბედით ახლა? არავინ არ არის წინააღმდეგი საგადასახადო შეღავეთების, თუმცა ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულირების მიზეზი.“

პარლამენტარისთვის მიუღებელია კანონის მოქმედების ვადა და პროექტში განსაზღვრული  ასაკობრივი ზღვარი. „საინტერესოა, ასევე, თუ არსებობს გათვლები, რა მოცულობით შემცირდება  საშემოსავლო გადასახადის გაუქმების შედეგად საშემოსავლო გადასახადების გეგმა და რა რაოდენობის თანხა დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს. ეს მუხლი მომავალშიც ძალაში დარჩება, თუ მხოლოდ დროებითი შეღავათი იქნება იურიდიული პირებისათვის?“

ფინანსთა მინისტრის მოადგილის რუსუდან კემულარიას განმარტებით, მთავრობის ინიციატივა არ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს:

„ამ შეღავათების შემოღება განაპირობა საგადასახადო კოდექსის 82 მუხლმა, სადაც კარგად არის გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი. ჩვენ საშემოასვლო გადასახადისაგან ყველას ვერ გავანთავისუფლებთ, თუმცა ეს ინიციატივა საკმაოდ მნიშვნელოვანია და 45–დან 60 წლამდე ადამიანების დასაქმების პერსპექტივას გააჩენს.”

რაც შეეხება მიკროფისკალურ ანალიზს, რუსუდან კემულარიას განმარტებით, ამაზე საუბარი ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

საშემოსავლო გადასახადის გაუქმების ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

„მაქვს წინადადება, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუ ნებისმიერი ბიზნესი სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს აიყვანს, გარკვეულ ფარგლებში გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან. ბიზნესისთვის პირველი მასტიმულირებელი ნაბიჯი სწორედ ეს იქნება. იმისათვის, რომ კერძო სექტორში ასეთი ხალხის დასაქმების შესაძლებლობა გაიზარდოს, ჩვენ კიდევ მოვიფიქრებთ სტიმულების პაკეტს, თუ როგორ შეგიწყოთ საამისოდ ხელი. პარალელურად, თქვენთვის სტიმულის მომცემი იქნება ისიც, რომ ჩვენ ამ ხალხის გადამზადებაში მოგეხმარებით, რათა თითოეული მათგანი შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს“,– ეს შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე  26 ოქტომბერს გააკეთა.

საშემოსავლო გადასახადი დაპირისპირების საგანი პირველად 2008 წელს გახდა, როცა საშემოსავლო და სოციალური გადასახადი გაერთანდა და დაქირავებულს საგადასახადო ტვირთი დაუმძიმდა. 2010 წელს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „რევოლუციური საგადასახადო კოდექსის“ მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი დასაბეგრი თანხის 20%-ს შეადგენს. 2009 წლიდან საშემოსავლო გადასახადი 25%-დან 20%-მდე შემცირდა, 2007 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კი სოციალური და საშემოსავლო გადასახადი ერთ სახეობად გაერთიანდა და 2008 წლიდან 25% შეადგინა.

მთავრობის ამ ინიციატივით კერძო სექტორში დაქირავებულებს საგადასახადო ტვირთი დაუმძიმდათ. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასი 25 პროცენტით გაეზარდათ. კერძო სექტორმა დაქირავებულის ტვირთის გადანაწილება ვერ შეძლო. ბიზნესმა ხელფასები ვერ გაზარდა და, შესაბამისად, დაქირავებულებს შემოსავალი 25 პროცენტით შეუმცირდათ. კერძო სექტორში საშემოსავლო გადასახადის ტვირთი დღემდე დაქირავებულზე მოდის.

მთავრობას საშემოსავლო გადასახადის ეტაპობრივი შემცირების 5-წლიანი გეგმა აქვს, რომლის მიხედვითაც, 2013 წელს საშემოსავლო გადასახადი 18 პროცენტი, ხოლო 2014 წელს 15 პროცენტი უნდა გახდეს. საშემოსავლო გადასახადის სიდიდის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნების რეიტინგში 26–ე ადგილზე მოხვდა. ეკონომიკური ანალიზის ცენტრის „რია ანალიტიკას“ მიერ შედგენილ რეიტინგში სულ 37 ქვეყანა შევიდა, რომელთაგან საქართველომ და სომხეთმა 20-20%-იანი საშემოსავლო გადასახადით 26-27–ე ადგილები გაიყვეს. რაც შეეხება რეგიონის კიდევ ერთ ქვეყანას – აზერბაიჯანს, იქ საშემოსავლო გადასახადი 30%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი