ეკონომიკა

კანადაში ღვინის ექსპორტი გაიზრდება

21 ნოემბერი, 2011 • 1612
კანადაში ღვინის ექსპორტი გაიზრდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია 17-20 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით კანადაში იმყოფებოდა, სადაც LCBO-ს (ონტარიოს პროვინციის ალკოჰოლური სასმელების მაკონტროლებელი საბჭო) და SAQ-ის (კვებეკის პროვინციის ალკოჰოლური სასმელების მაკონტროლებელი საბჭო) ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე კანადის ბაზარზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის გაზრდის საკითხი განიხილეს.

SAQ-ი უმსხვილესი ღვინის შემსყიდველი ორგანოა და კვებეკის მასშტაბით ღვინის მაღაზიათა დიდ ქსელის ფლობს. სწორედ ამ მაღაზიებში, კვებეკის პროვინციის ალკოჰოლური სასმელების მაკონტროლებელი საბჭოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინისთვის სპეციალური კუთხე გამოიყოფა. აღნიშნულ მაღაზიებში პროდუქციის მოხვედრა ქართული კომპანიების პოპულარიზაციას და კანადის ბაზარზე ექსპორტის გაზრდას შეუწყობს ხელს. ღვინის მოხმარების თვალსაზრისით, კვებეკის პროვინცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონია კანადაში.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი სასურსათო პროდუქციის და ღვინის ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას ,,Gourmet Food and wine export” დაესწრო, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 11 ქართული კომპანია– ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა”, ,,თბილღვინო”, ,,ქინძმარაულის მარანი”, ,,ვაინმენი”, ,,კორპორაცია ქინძმარაული”, ,, ბაგრატიონი”, ,,თელავის ღვინის მარანი”, ,, თელიანი ველი”, ,, წინანდლის ძველი მარანი”, ,, ბესინი” და ,, აჭარის ღვინის სახლი”– მონაწილეობდა.

,,Gourmet Food and wine export” ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა კანადის სურსათისა და ღვინის ინდუსტრიაში, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან 1500 სახეობის ღვინო, ლუდი, სხვა ალკოჰოლური სასმელი და სასურსათო პროდუქციაა წარმოდგენილი. გამოფენაზე 38 000 სტუმარს შორის მსოფლიოს საუკეთესო ღვინის ექსპერტები, მწარმოებლები, საექსპორტო და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები, ღვინის საცალო და საბითუმო მოვაჭრეები, რესტორნების და მაღაზიების მფლობელები იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიების, საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ექსპორტის გაზრდის საშუალებას იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი