ეკონომიკა

ეროვნული ბანკი „ქართუ ბანკში“ “წესრიგის” დამყარებას აპირებს

17 ნოემბერი, 2011 • 1448
ეროვნული ბანკი „ქართუ ბანკში“  “წესრიგის” დამყარებას აპირებს

„ქართუ ბანკსა“ და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის არსებული დაპირისპირება პარლამენტის მსჯელობის საგანი გახდა. საფინანსო– საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, რომელსაც  ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ესწრებოდა, „ქართუ ბანკის“ პერზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილისა და კომიტეტის წევრების ცხარე დებატების ფონზე წარიმართა.

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი საქართველოს“ წევრებთან ერთად მოულოდნელად მივიდა. როგორც ფრაქციის ლიდერმა გიორგი ცაგარეიშვილმა განმარტა, სების პერზიდენტი ფრაქციის სხდომაზე, სადაც „ქართუ ბანკის“ საკითხი უნდა განეხილათ, სამჯერ მიიწვიეს, ხოლო  ქადაგიძემ ფრაქციის მიწვევა უპასუხოდ დატოვა.

გიორგი ცაგარეიშვილმა სების პრეზიდენტს „ქართუ ბანკში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვა და განმარტებები მოსთხოვა.

„ ჩვენი პოზიცია „ქართუ ბანკის“ მიმართ არის ძალიან მკაფიო და ძალიან ცალსახა: „ქართუ ბანკი“ მისმა მფლობელებმა და ადმინისტრაციამ მაქსიმალუარდ უნდა გამიჯნონ პოლიტიკური პროცესებისაგან. ბანკმა უნდა შეასრულოს ის საქმიანობა, რომელსაც მას კომერციული ბანკების შესახებ არსებული კანონმდებლობა აკისრებს. ამ შემთხვევაში მე  ვარ გარანტი, რომ ეროვნული ბანკის მხარდაჭერა „ ქართუ ბანკს“ ექნება.  მაგარმ თუ ამ წესებს არ დაექვემდებარებიან  ბანკის მესვეურები, მაშინ „ქართუ ბანკში“ წესრიგს დაამყარებს ეროვნული ბანკი,“- განაცხადა ქადაგიძემ.

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით,  ეროვნულ ბანკი “ქართუ ბანკში” დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნას ცდილობს: „ეროვნულ ბანკს აქვს იდეაში, რომ  როგორმე მოახერხოს  „ქართუ ბანკში“ დროებითი ადმინისტრაციის შემოყვანა. ამიტომ მან უნდა გამუდმებით აკეთოს აპელირება იმაზე, რომ ბანკი მას შემოწმებაში ხელს უშლის“.

სების პრეზიდენტმა  თავის მხრივ „ქართუ ბანკის“პრეზიდენტი  ნოდარ ჯავახიშვილი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა: „ რა ქმედებებიც ხდება „ქართუ ბანკის“ირგვლივ, ჩვენთვის არის მიუღებელი. დამისახელეთ ერთი პრეცედენტი, სადაც კომერციული ბანკი  აგროვებს ხელმოწერებს პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად. სადაც ბანკირი გამოდის  და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, აფასებს პარლამენტარების გამოსვლებს,  კომერციული ბანკი ასრულებს პიარის ფუნქციას.  დამისახელეთ ერთი მაგალითი მაინც, როცა კომერციული ბანკი ავრცელებს ცრუ  ინფორმაციას ეროვნული ბანკის შესახებ და  მიზანმიმართულად აჭიანურებს შემოწმების პროცესს“.

ქადაგიძის განცხადებას კომიტეტის წევრების შეფასება მოჰყვა.  დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ  ჯავახიშვილი პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა.  სხდომაზე „ქართუს“ პრეზიდენტს  პოლიტიკური პარტია „აღორძინების“ წევრობაც გაუხსენეს და მის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობაში რუსული კვალის არსებობის შესახებაც ისაუბრეს.

ნოდარ ჯავახიშვილმა ქადაგიძის ბრალდებებს დებატების დასრულების შემდეგ უპასუხა და საპარალმენტო კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც „ქართუ ბანკის“ შემოწმების პროცესს დააკვირდება: „ერთი ფაქტი მაინც დაასახელეთ, როცა „ქართუ ბანკმა“  ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს ინფორმაცია არ მიაწოდა.  შემოწმება  ამოვარდნილია მსოფლიო პრაქტიკიდან. სები ითხოვს ბანკის მხარდამჭერების აბსოლიტურ ინდეტფიკაციას, ზუსტად  იმიტომ გავახმაურეთ ეგ მოთხოვნა, რომ ეს ადამიანები დაგვეცვა ზეწოლისაგან.  სების წარმომადგენლებმა შემოსვლისთანავე მოითხოვეს  ყველა საბანკო ოპერაციის წინასწარი კონტროლი.  ეროვნულმა ბანკმა „ქართუ ბანკის“ საოპერაციო პროგრამის ჩართვა მოითხოვა, რაც  აბსოლიტურად მიუღებელია და ეწინააღმდეგება ეროვნული  ბანკის კანონს კომერციული ბანკის შესახებ. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოითხოვოს  ნებისმიერი ინფორმაცია, მაგრამ ტექნოლოგიის ჩართვა აბსოლიტურად გაუგებარია და უკანონო“.

“ქართუ ბანკის” 100%–ანი წილის მფლობელი სს “ქართუ ჯგუფია”, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია. სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი „როსიისკი კრედიტი– ქართუ’’ 1996 წელს დაფუძნდა. ერთი წლის შემდეგ მან საბანკო  ლიცენზია მიიღო. 1998 წელს სააქციო საზოგადოება კომერციულ ბანკს სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუ“ დაერქვა. 1998 წელს ბანკმა მიიღო ფასიანი ქაღალდების გამოშვების უფლება და ამ დროიდანვე  ბანკი  ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. 2011 წლის 30 ივნისის მონაცემებით, ბანკის მთლიანი აქტივები 188 476 201 ლარია.  უცხოურ ვალუტაში აქტივების მოცულობა 331 677 951 დოლარია. ჯამში, ბანკის აქტივები სულ 520 154 452 ათასი ლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აქტივებისა და პასივების მოცულობით “ქართუ ბანკი” საქართველოში მოქმედ 21 ბანკს შორის მეხუთე ადგილზეა.

სამართალდამცავებმა “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა და 6 თანამშრომელი 18 ოქტომბერს დააკავეს. თანამშრომლები დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა საქმე აღძრულია დიდი ოდენობის ფულის გათეთრების ფაქტზე. პოლიციის მიერ ამოღებული 1 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიონი ევრო “ქართუ ბანკის” საკუთრება იყო. „ქართუ ბანკი“ „საქართველოს ბანკიდან“ ფულის გამაგრების ოპეარციას ახორციელებდა.

ეროვნული ბანკი „ქართუ ბანკში“ შესამოწმებლად შესვლის მიზეზად მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს და 18 ოქტომბერს ბანკის ინკასაციის მანქანის დაკავებას ასახელებს. ეროვნული ბანკი „ქართუ ბანკში“ 2011 წლის 19 ოქტომბერს შევიდა. სების პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ბანკის შემოწმება 19 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი