ეკონომიკა

ვარდების ხელისუფლება თავისი რეფორმის წინააღმდეგ

16 ნოემბერი, 2011 • 1343
ვარდების ხელისუფლება თავისი რეფორმის წინააღმდეგ

რატომ ამბობს ხელისუფლება უარს მის მიერ 5 წლის წინ  გატარებულ რეფორმაზე დღეს და უკავშირდება თუ არა ეს უკანდახევა საპარლამენტო არჩევნებს?

ახალი ინიციატივა – ფიქსირებული გადასახადი

საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესებას გეგმავს. როგორც „ნეტგაზეთისთვის“ გახდა ცნობილი, ეს ინიციატივა ამ უწყების უფროსს ჯაბა ებანოიძეს ეკუთვნის და  შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად მომავალ კვირას შევა.

ახალი წესები იმ მცირე და საშუალო მეწარმეებზე ვრცელდება, რომლებიც ფიზიკურ პირებს ემსახურებიან. ამ ინიციატივის შესახებ ებანოიძემ პირველად პარლამენტთან არსებულ „ბიზნესსაბჭოსთან“ შეხვედრისას ისაუბრა:

,,შემოსავლების სამსახურს გვაქვს მოსაზრება და ვამზადებთ კონცეფციას, რომ მცირე საწარმოების გარკვეულ ნაწილზე, რომლებიც ძირითადად ფიზიკური პირების მომსახურებას ეწევიან, მოვახდინოთ ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრა. ფიქსირებული გადასახადის ამოქმედების შემთხვევაში, მეწარმეები გადაიხდიან გარკვეულ თანხას და მათ აღარ დასჭირდებათ  აღრიცხვის წარმოება, ბუღალტრის დაქირავება და  სალარო აპარატი“.

როგორც „ნეტგაზეთს“  საგადასახადო შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურში განუმარტეს, აღნიშნული ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადი იქნება ნებაყოფლობითი და თავად მეწარმეს ექნება არჩევანის საშუალება. გადასახადის განაკვეთის ოდენობა კონკრეტული სფეროების მიხედვით დადგინდება. საგადასახადო შეღავათი ძირითადად მცირე საცხობებს, თონეებს, სილამაზის სალონებს და მომსახურების სფეროში დასაქმებულ იმ მეწარმეენს შეეხებათ, რომლებიც ფიზიკურ პირებს ემსახურებიან და არ ასრულებენ კორპორაციულ შეკვეთებს. პირველადი ინფორმაციით, ფიქსირებული გადასახადი თვეში 50 ლარი იქნება, ან შესაძლოა ეს სფეროები რაიონების მიხედვით განსხვავებულად დაიბეგროს.

რა რეფორმას უპირისპირდება ახალი ინიციატივა

სააკაშვილის ხელისუფლებამ  საგადასახადო ადმინისტრირების მოწესრიგების მიზნით რეფორმა 2005 წლის დეკემბერში დაიწყო, როცა პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იმ მოვაჭრეებს, რომელთაც 1 მარტიდან სალარო აპარატები არ ექნებოდათ, 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევდათ.  2006 წლის გაზაფხულზე, როცა კანონი ძალაში შევიდა, ქვეყანაში მღელვარება დაიწყო – მცირე მეწარმეები და ოპოზიცია ამ ცვლილებებს აქციებით შეხვდნენ.  ეს ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი პირველი სოციალური პროტესტი იყო.

პროტესტის პასუხად  პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოვაჭრეების მხარდამჭერ ოპოზიციას  “ბაზრის პოლიტიკოსები” უწოდა.   მაშინდელი პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი კი ბიზნესთან კომპრომისზე წასვლას გამორიცხავდა. მცირე ბიზნესის და ოპოზიციის წინაღმდეგობის მიუხედავად, მთავრობამ გადაწყვეტილება არ შეცვალა. მოგვიანებით ადმინისტრირება კიდევ უფრო გაამკაცრა და სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის  საჯარიმო სანქციები გაიზარდა (პირველ ჯერზე 500 ლარი, შემდგომ 1000 და 15000 ლარი) .  2011 წელს კი საგადასახადო შემოსავლების სამსახურმა ახალი ჯიპიარეს სისტემის სალარო აპარატები დანერგა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა. ახალი ინიციტივით, ხელისუფლება ფაქტობრივად მკაცრ ფისკალურ ადმინისტრირებაზე უარი თქვა  და აქამდე გატარებულ საგადასახადო პოლიტიკას დაუპირისპირდა

შეცდომის აღიარება თუ საარჩევნო კონკურენცია

,,ფიქსირებული გადასახადის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და ამით სახელმწიფო მცირე და საშუალო მეწარმეთა აუცილებლობას აღიარებს. ამ ტიპის გადასახადი სრულიად ათავისუფლებს მეწარმეს ყველანაირი ბუღალტერიისაგან, დაწყებული ელემენტალური ბუღალტერიიდან, დამთავრებული დამატებითი ღირებულების გადასახადის თემის მოხსნით”, – ამბობს მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი  გიორგი ისაკაძე.

ექსპერტების ნაწილი საგადასახადო შემოსავლების სამსახურის ახალ ინიციატივას  პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ლექტორი ირაკლი ლექვინაძე ფიქსირებული გადასახადის შემოღებას უსამართლოს უწოდებს  და პოლიტიკურ ბაზარზე შექმნილ კონკურენციას უკავშირებს: „ახალი ინიციატივის მიზეზია არჩევნები და გაზრდილი კონკურენცია  პოლიტიკურ სპექტრში. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.“

ლექვინაძის თქმით,  ფიქსირებული გადასახადი ნებისმიერ შემთხვევაში ბიზნესისთვის არასწორი და უსამართლო მოვლენაა.

“ვიღაცას მეტი ბრუნვა აქვს, ვიღაცას ნაკლები. არასამართლიანია, როცა ყველა დაბეგვრის ერთ რეჟიმში გადადის და ერთნაირ გადასახადს იხდის. ჩვენთან  მეტნაკლებად დანერგილია სალარო აპარატები და აღრიცხვიანობა მოწესრიგებული. უბრალოდ, დაჯარიმების პროცესი იყო პრობლემა და პროცედურა არასწორი.  სალარო აპარატი არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ დააფიქსირო საწარმოს ბრუნვა. ბრუნვიდან გამომდინარე თუ დაწესდება ფიქსირებული  გადასახადი, ბევრად უფრო კარგი იქნება.  ეს არის უფრო სოციალური გადაწყვეტილება მცირე ბიზნესისთვის ვიდრე ფისკალური ეფექტის მომტანი.  მცირე ბიზესისთვის  შეღავათების დაწესებაში პოლიტიკურ გათვლებს ვხედავ“,– ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

„ახალი მემეარჯვენეების“ პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი  ლევან კალანდაძე  საგადასახადო შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას სამი ფაქტორით ხსნის: „პირველი, მცირე ბიზენსს სჭირდება საგადასახადო შეღავათები, ამ ფაქტორს ემთხვევა ის, რომ საარჩევნო წელია და მესამე  ხელისუფლებას ყოველთვის ახასიათებდა  არათანმიმდევრულობა  ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში. მთავრობის ქმედებებში პიარული ელემენტები ყოველთვის სჭარბობდა.“

კალანდაძე მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოსავლების სამსახურის ახალი ინიციატივის შედეგად იმ მცირე მეწარმეების უფლება დაირღვა, ვინც სალარო აპარატები იყიდა: “კანონმდებლობა სალარო აპარატის უკან დაბრუნებას არ ითვალისწინებს. მცირე მეწარმისთვის კი  300 ლარი სოლიდური კაპიტალდაბანდებაა, რადგან  ზოგიერთი მეწარმის ბრუნვა თვეში 300 ლარია. სამწუხაროდ, ხელისუფლება ქვეყანას ერთჯერადი ეკონომიკური ეფექტებით მართავს“.

მცირე ბიზნესის  რეაქცია

მცირე ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი  საგადასახადო შემოსავლების სამსახურის ინიციატივას ფიქსირებული გადასახადის შემოღების შესახებ დადებითად აფასებს. ნელი გიორგაძე თონის მეპატრონეა, როგორც მან „ ნეტგაზეთს“ განუმარტა, მას საგადასახადო ხარჯებთან ერთად სოლიდური კომუნალური გადასახადები უგროვდება:“ ჩემი ბიზნესი ბრუნვიდან 5 % –ით იბეგრება. რა თქმა უნდა, თუ ფიქსირებული გადასახადი გონივრული იქნება, მირჩევნია, რადგან სალარო აპარატის მოხმარების გამო მუდმივად დაძაბული ვარ და მეშინია, არ დამაჯარიმონ.“

ანალოგიური პოზიცია აქვს სილამაზის სალონ „ადიტის“ მენეჯერს სოფო ხუციშვილს. მისი თქმით, სალონის შემოსავლები ბოლო დროს შემცირდა. გდასახადები კი მაღალია, რასაც ზამთარში გაზრდილი კომუნალური ხარჯები ემატება. „თუ ფიქსირებული გადასახადი დაბალი იქნება, ეს ჩემი ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს“– ამბობს ხუციშვილი.

ახალი ინიციატივის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენას მომავალ კვირას გეგმავენ.

2006 წელს გამართული აქცია სალარო აპარატების წინააღმდე, ფოტო: ნესტან ცეცხლაძე
2006 წელს გამართული აქცია სალარო აპარატების წინააღმდე, ფოტო: ნესტან ცეცხლაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი