ეკონომიკა

თინათინ ხიდაშელი : ”თბილისის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება”

17 ნოემბერი, 2011 • 1048
თინათინ ხიდაშელი : ”თბილისის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება”

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი
თბილისიის მერიის მიერ  16 000 000 ლარად შეძენილ მიწის ნაკვეთებზე, დასუფთავების გადასახადზე და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებზე დახარჯულ თანხებზე ისაუბრა რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინათინ ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც თბილისის ბიუჯეტის 9–თვიანი ანგარიში განიხილებოდა.

როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერიამ მიწის ნაკვეთები 4 კერძო კომპანიისგან 16 000 000 ლარად შეიძინა.

”ეს თანხა, რომელიც მერიამ მიწის ნაკვეთების შესყიდვაში გადაიხადა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ყველანი თბილისში ვცხოვრობთ და ვიცით, რა ღირს მიწის ნაკვეთები თუნდაც თბილისის ცენტრალურ უბნებში” – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

რესპუბლიკური პარტიის წევრი 16 000 000 ლარის საპირწონედ ასევე იხსენებს შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დროს მოსახლეობისთვის გადახდილ თანხას, რომელიც მათ თბილისის მერიისგან მიიღეს:

”შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დროს იქ დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფომ 6 ლარი გადაუხადა კვადრატულ მეტრში, რომელთა მიწაც მას დასჭირდა, თბილისის მერმა კი სხვადასხვა მიწაზე კვადრატულში დაახლოებით 3000– დან 4000 ლარამდე გადაუხადა კერძო კომპანიას, რომლისგანაც სრულიად გაუგებარი მიზეზებით და მოტივაციით შეიძინა მიწა”

თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ თბილისის მერიისგან შვიდი თვეა ითხოვს  შესყიდვების შესახებ საწყის დოკუმენტაციას, თუ  რა მიზნითაა შესყიდული ეს ტერიტორიები და რისთვის ჭირდებათ, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები რესპუბლიკური პარტიის წევრმა ვერ მიიღო.

”უარს ამბობენ დოკუმენტების მოწოდებაზე იმ მიზეზით, რომ  ასეთი საქმის წარმოება არ ჩაუტარებიათ და დოკუმენტები მათ უბრალოდ არ გააჩნიათ. მერია  ვალდებულია,  თბილისელებს აუხსნას 16 000 000 ლარი რატომ იხარჯება გაურკვეველი მიწებისთვის”-განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ასევე ისაუბარა ნაგვის გადასახადიდან თბილისის ბიუჯეტში 3 თვის განმავლობაში შესულ თანხებზეც, მას შემდეგ, რაც ახალი ინიციატივით დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის პროპორციული გახდა.

” თბილისის მერი და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ თბილისელებს არავითარი დამატებითი ფინანსური ვალდებულება არ დაეკისრებოდათ ახალი ინიციატივით, თუმცა, მათ მიერვე გამოქვეყნებული დოკუმენტით, ჩვენ მივიღეთ მონაცემი, რაც გვიმტკიცებს, რომ სამი თვის განმავლობაში 23 %-ით მეტი არის ამოღებული, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი, რაც ნიშნავს, რომ დასუფთავებითვის თბილისელებს სამმილიონ ნახევარზე მეტის გადახდა მოუწიათ”

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა იმ გასართობ ღონისძიებებზე, რომელთათვისაც თბილისის მერიამ 9 000 000 ლარი გაიღო:

”9 000 000 ლარამდე გაცემული იქნა ისეთი ღონისძიებებისთვის, როგორებიცაა: ბრეიქდანსის ჩემპიონატი, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ორგანიზებული თბილისის მოდის კვირეული,  ქალაქ თბილისის მერის შეხვედრები მოქალაქეებთან, ჰოლივუდის ვარსკვლავები თბილისში, აგვისტოს 5 დღის ჩვენება, ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომელშიც თბილისის ბიუჯეტი არამიზანმიმართულად და მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ იხარჯება”- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

რესპუბლიკურმა პარტიამ აღნიშნულ პრობლემებზე თბილისის საკრებულოდან პასუხები ვერ მიიღო. რადგან, თბილისის საკრებულოს საბიუჯეტო და საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ მხოლოდ გუშინ ნახა პირველად ქალაქის ბიუჯეტი და ამიტომ ვერ შეძლო დეტალური კომენტარის გაკეთება:

” მე ძალიან ვწუხვარ, თუ ეს სიმართლეა, რადგან აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ქალაქის მერი საკუთარი უმრავლესობის მთავარ თანამდებობის პირთანაც არ გადის კონსულტაციებს ბიუჯეტის შედგენისას, თუმცა  მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად  ეს დოკუმენტი 11 ნოემბრით არის დათარიღებული და გიგი უგულავამ მას 11 ნოემბერს მოაწერა ხელი, თეორიული შანსიც არ არსებობს, რომ დოკუმენტი მანამდე ნანახი არ ჰქონოდა ბატონ შოშიაშვილს”

თინათინ ხიდაშელი ამბობს, რომ პასუხისმგებელმა პირმა კომენტარის გაკეთებაზე უარი  პასუხების არქონის გამო განაცხადა და დოკუმენტის დეტალური წაუკითხაობა უბრალოდ არგუმენტად გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი