ეკონომიკა

„ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი“ სითი პარკს მიმართავს

15 ნოემბერი, 2011 • 1014
„ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი“  სითი პარკს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი“  კომპანია სითი პარკის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „ყველა იმ მძღოლს, რომელსაც ამოეწურა ვადა პარკირების გადახდილი საფასურის გამო, კომპანია სითი პარკი მომენტალურად აჯარიმებს. ეს ერთის მხრივ, სამართლიანი გადაწყვეტილებაა, თუმცა, მეორე მხრივ, კომპანია სითი პარკი არანაირ გონივრულ დროს არ აძლევს მძღოლებს პარკირების საფასურის ახლიდან გადახდისათვის“– ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მასობრივია შემთხვევები, როდესაც მძღოლების დაჯარიმება მოხდა პარასკევ დღეს, შაბათს და კვირას კი მძღოლების ნაწილმა ობიექტური მიზეზების გამო (დასვენების დღეებში ბანკების ფილიალების შეზღუდული მუშაობის გამო) ვერ შეძლეს პარკირების საფასურის გადახდა.   ჯარიმის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსა და ლიბერთი ბანკში. ინსტიტუტმა ინფორმაცია გადაამოწმა კომპანია სითი პარკის „ცხელ ხაზზე“ და მათ დაადასტურეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საფასურის ახლიდან გადახდას დასვენების დღე ემთხვევა თუ არა, კომპანიას შეუძლია მძღოლები დააჯარიმოს ყოველდღე და დღეში რამოდენიმეჯერ.

„ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ დაჯარიმებიდან პარკირების საფასურის ახლიდან გადახდამდე მძღოლებს მიეცეთ გონივრული დრო, საშუალოდ ერთიდან ხუთ სამუშაო დღემდე. „ჩვენ ვთვლით, რომ, ძირითადად, არსებობენ კეთილსინდისიერი მძღოლები, რომლებიც თავს არ არიდებენ სითი პარკის მიერ დაწესებულ გადასახადს, თუმცა სითი პარკის მხრიდან არაადექვატური ქმედებების გამო ბევრი კეთილსინდისიერი მძღოლო უსაფუძვლოდ ჯარიმდება“,– ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი