ეკონომიკა

„ქართუ ბანკში“ 12 ათასი ანაბარი გაიხსნა

14 ნოემბერი, 2011 • 977
„ქართუ ბანკში“ 12 ათასი ანაბარი გაიხსნა

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ბანკში 12 ათასი ანაბარი გაიხსნა. როგორც ჯავახიშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, “ეს არ არის ბანკისთვის ფინანსური რესურსის შევსების ოპერაცია, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მორალური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“.  ბანკის პრეზიდენტი მეანაბრეების ვინაობას და შემოსული თანხის რაოდენობას არ ასახელებს, რადგან საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] წარმომადგენლები „ქართუ ბანკში“ ერთი თვის წინ შევიდნენ. სების ადმინისტრაციის განკარგულების თანახმად, ბანკში შემოწმების პროცესი ორ თვეში უნდა დასრულდეს. თუმცა, როგორც ბანკის პრეზიდენტი, ნოდარ ჯავახიშვილი  „ნეტგაზეთთან “ საუბარში აცხადებს, „ქართუ ბანკში“ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები იქამდე დარჩებიან, ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვლება.

ეროვნულ ბანკს ნოდარ ჯავახიშვილის ქართუ ბანკის პრეზიდენტად დანიშვნის შესახებ არც დადებითი და არც უარყოფითი ვერდიქტი არ გამოუტანია. ჯავახიშვილი „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა. პროცედურის თანახმად, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის თანხმობაა საჭირო.

„ქართუ ბანკში“ ეროვნული ბანკის წარმომადგენლების შესვლის შემდეგ ბანკიდან ფინანსური რესურსების გადინება დაიწყო. კერძოდ, ბანკში აღარ ახორციელებენ ინკასაციას ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა – „პსპ“ და „ ვისოლი“. ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით,  კომპანიებს ბანკში ანგარიშები არ დაუხურავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი