ეკონომიკა

რას მიიღებს საქართველოს ეკონომიკა რუსეთის WTO–ში შესვლით

11 ნოემბერი, 2011 •
რას მიიღებს საქართველოს ეკონომიკა რუსეთის WTO–ში შესვლით

რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ოფიციალურად 2012 წლის ზაფხულში გახდება, – აცხადებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გამართული მოლაპარაკებებისას რუსეთის დელაგაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მედვედკოვი.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის შესვლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის საბოლოო მასალებს 15–17 დეკემბერს ჟენევის კონფერენციაზე განიხილავენ WTO–ს წევრი 153 ქვეყნის წარმომადგენლები.

რუსეთს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში  გაწევრიანების სანაცვლოდ, იმპორტზე საბაჟო მარჟის დაწევა მოუწევს, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ორჯერ შემცირება და ბუნებრივ აირზე შიდა ფასების ლიბერალიზაცია.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღავნელის პასკალ ლამის განცხადებით, რუსეთი WTO–ში გაწევრიანების შემდეგ მიიღებს რიგ უფლებებს და აიღებს ვალდებულებებს, რითაც შეძლებს გლობალურ სავაჭრო სისტემაში ღია და არადისკრიმინაციულ ქმედებას.

რუსეთი უკვე თანახმაა, საბაჟო მარჟა დაწიოს რიგ საქონელზე და მომსახურებაზე. ეს პროცესი 8 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„WTO–ში გაწევრიანების შემდეგ პირველად მოხდება კრიზისული მარჟების დაწევა,“– ამბობს მედვედკოვი.

საბაჟო მარჟა ახალ მსუბუქ ავტომანქანებზე 30–დან 25 პროცენტამდე დაიწევს. ხოლო მომდევნო 7 წლის განმავლობაში 15 პროცენტამდე შემცირდება. რუსეთი ვალდებული იქნება, გარდამავალ პერიოდში შეამციროს საშუალო შეწონილი განაკვეთი იმპორტის ტარიფებზე.

WTO–ში შესვლის შემდეგ, 2018 წლიდან, რუსეთი ვალდებული იქნება, ორჯერ შეამციროს (9 მილიარდი დოლარიდან 4 მილიარდ დოლარამდე) სოფლის მეურნეობის სუბსიდირება. ასევე რუსეთი  თანახმაა, საექსპორტო განაკვეტებზე ბაჟის შეზღუდვა მოახდინოს 700 სახეობის საქონელზე. მათ შორის, თევზის, ტყავის ნაწარმზე, მინერალებზე და ზეთებზე, ცელულოზასა და ფერად მეტალებზე.

ცვლილებები შეეხება მომსახურების ბაზარსაც. სადაზღვევო კომპანიები ფილიალების გახსნას ახლ ბაზრებზე რუსეთის WTO–ში შესვლიდან მხოლოდ 9 წლის შემდეგ შეძლებენ. ხოლო ტარიფები სარკინიგზო გადაზიდვებზე 2013 წლის 1 ივლისიდან იგივე გახდება, რაც შიდა გადაზიდვებზეა.

WTO–ში გაწევრიანების შემდეგ რუსეთი ვალდებული იქნება, რომ ამ ორგანიზაციის წევრებთან ცივილიზებული სავაჭრო ურთიერთობები დაამყაროს. WTO–ს წესდების თანახმად, რუსეთი იძულებული იქნება, საქართველოს ბაზარი გაუხსნას. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ თემაზე არ საუბრობს და რუსეთის  ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების პერსპექტივას არ განიხილავს.

ახალი  ეკონომიკური სკოლის ვიცე–პრეზიდენტი გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ რუსეთის WTO–ში გაწევრიანების შედეგად საქართველო  რაიმე ეკონომიკურ სარგებელს არ ელოდება:

„ჩვენთვის ეს იყო პოლიტიკური საკითხი, რომ საქართველოს შეძლებოდა თავისი საზღვრების გაკონტროლება იმ ტერიტორიებზე, რომელზეც ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდებოდა. რაც შეეხება თვითონ ეკონომიკურ სარგებელს, ეს ამ ეტაპზე რთულად დასანახია, რადგან საქართველოს ოფიცილურად არავინ არაფერს დაპირებია. თუმცა მოსალოდნელია, რომ საქართველოს გაუადვილდეს მომავალში სხვადასხვა ღონისძიებების გაადჭრა. ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა და ეს მომავალშიც არ არის მოსალოდნელი. ვთვლი, რომ ეს ამ ეტაპზე არც არის სასურველი. უმჯობესია თავი შევიკავოთ აგრესორთან ამ ურთიერთობების დაწყებისაგან, ვიდრე  თვითონ არ გადმოდგამს ნაბიჯებს“.

ჯანდიერის შეფასებით,  სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შეყვანის მთავარი მიზეზი ამ ქვეყნის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა იყო:

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია შეეცდება, ის თამაშის წესები მიაღებინონ რუსეთს, რაც ორგანიზაციის სხვა წევრებს აქვთ ერთმანეთთან.“

ჯანდიერი შიშობს, რომ საქართველო რუსეთის ბაზარზე  შესვლის შემთხვევაში ისევ მახეში აღმოჩნდება:

„ქართულმა მხარემ ბაზრის გახსნის საკითხი არ უნდა დასვას. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში შესვლა არის ფაქტობრივი მახე. არ არის გამორიცხული, რომ  ბაზარზე შეგვიშვას, შემდეგ კი ისევ გამოგვაძევოს და ჩვენი მეწარმეები ისევ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ,“– ამბობს ჯანდიერი.

თსუ–ს პროფესორი ნოდარ ხადური რუსეთის ბაზრის გახსნაში საფრთხეს ვერ ხედავს.

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების შესაბამისად, რუსეთს არ ექნება უფლება, რომ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია უსამართლოდ დაბლოკოს. რუსეთს შეუძლია ხარისხის კონტროლი  დააწესოს, მაგრამ კრიტერიუმები უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი. თუ ხარისხის სტანდარტია, ყველა ქვეყნისათვის უნდა იყოს ერთნაირი. სხვა შემთხვევაში საქართველოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სასამართლოში იჩივლოს.“

ეკონომიკის აკადემიის დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება პირდაპირ არ ნიშნავს რუსული ბაზრის გახსნას:

„ეს არის სასაქონლო ნაკადებზე მონიტორინგის წარმოება შვეიცარიის მიერ დაქირავებული მონიტორების მიერ. დღეს რომ გახსნას რუსეთმა ბაზარი და ქართული საქონელი შეუშვას,  არავითარი ილუზია არ არის იმის თაობაზე, რომ ქართული პროდუქცია იგივე ნიშას დაიკავებს, რაც მას ემბარგოს შემოღებამდე ჰქონდა. წმინდა ადგილი თავისუფალი დიდხანს არ რჩება, ნათქვამია და ჩვენ მოგვიწევს ძალიან დიდი ძალისხმევა რეკლამის, მარკეტინგის მხრივ, ხარისხს რომ თავი დავანებოთ, იმისთვის, რომ რუსი მომხმარებლის კეთილგანწყობა დავიბრუნოთ,“– ამბობს არჩვაძე.

2006 წლის ემბარგოს შემდეგ საქართველომ ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინა, თუმცა ექსპორტი იმ მაჩვენებელს მაინც ვერ დაუბრუნდა. არჩვაძის შეფასებით, WTO–ში გაწევრიანების შემდეგ სავაჭრო ბარიერები და პრობლემები მნიშვნელოვნად დაიკლებს.

„2005  წელს რუსეთის ბაზარზე საქართველოდან შევიდა დაახლოებით 40 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო. ეს არის ოთხი მეხუთედი ჩვენი საერთო ექსპორტისა. მსოფლიო ბაზრების დივერსიფიცირების შემდეგ ეს მაჩვენებელი რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება გახდეს მიღწევადი. ამიტომ თვით  რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაშვების  შემთხვევაშიც კი, ექსპორტი თავიდან  მოკრძლებული იქნება. თუ ჩვენ გამოვრიცხავთ პოლიტიკურ ფაქტორებს, რუსეთის ბაზარი საინტერესოა არა მარტო  ქართული პროდუქციისთვის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ბიზნესისთვის, ისევე, როგორც ყველა დიდი ბაზარი“, –ამბობს არჩვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი