საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ 2012 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებში პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5,5 პროცენტიდან 5 პროცენტამდე შემცირდა.
ფინანსთა მინისტრმა საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირების შესახებ ზოგადი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას მთავრობა იყო კონსერვატიული:
“2012 წლის ბიუჯეტის პროგოზით, ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტი იქნება, ინფლაცია –6 პროცენტი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში 2012 წელს ეკონომიკური ზრდა 4,3 პროცენტი იქნება,“ – აცხადებს გვინდაძე.
პარლამენტარ ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა კი არ იზრდება, არამედ მცირდება:
„მთავარი დამნაშავე არის ხელისუფლებაში რუსული “ვილისით” მოსული სააკაშვილი, რომელიც ახლა მეასე ბოინგს ყიდულობს. შენდება შადრევნები და საქართველოში ხულიო ეგლესიასი ჩამოდის. ამ ხელისუფლების სახეს ბიუჯეტში წარმოდგენილი ორი ციფრი აჩვენებს: ხელოვნების პოპულარიზაციაზე 25 მილიონი ლარია ჩადებული, ხოლო მეღვინეობაზე – 7 მილიონ 25 ათასი ლარი. ეს არის ხელისუფლების პრიორიტეტი,“ – ამბობს ჯონდი ბაღათურია.