ეკონომიკა

პენსიების ზრდა და პოლიტიკური კალენდარი

11 ნოემბერი, 2011 •
პენსიების ზრდა და   პოლიტიკური კალენდარი

პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული საპენსიო რეფორმის ფინანსური უზრუნველყოფა 2012  წლის ბიუჯეტში არ არის ასახული. პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის მეორედ განხილვისას ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა, რომ სამინისტროს ცვლილებების განსახორციელებლად დრო არ ჰქონდა და ბიუჯეტში ცვლილებები მოგვიანებით განხორციელდება. კერძოდ, მესამე მოსმენისას 2012 წლის ბიუჯეტი პარლამენტში სრულყოფილი სახით შემოვა.

პარლამენტარმა ჯონდი ბაღათურიამ ხელისუფლების ინიციატივას პენსიის გაზრდის შესახებ პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.

„ხელისუფლება მოსახლეობას უკვე სამი წელია ატყუებს და დაპირებულ 100 დოლარის ექვივალენტ პესიას არ უხდის. რატომ არ იზრდება პენსია 2012 წლის 1 იანვარს და რატომ 1 სექტემბერს? რა დააშავეს მარჩენალდაკარგულმა ოჯახებმა? 2012 წლის შემოდგომაზე არჩევნებია და 1 სექტემბერს პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. უბრალოდ, სირცხვილია ასეთი ქმედება,“ – განაცხადა ბაღათურიამ.

საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრი მაგდა ანიკაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ამ ინიციატივის შედეგად პენსიონერების დისკრიმინაცია ხდება.

„დღეს სოციალური ფონის გათვალისწინებით, ქვეყანაში კრიტიკული მდგომარეობაა. პირდაპირ ჩნდება ასოციაცია, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება არჩევნებს და ხელისუფლება იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. საინტერესოა, რა ლოგიკით ირჩევთ  67 წელს? გაზრდილი პენსიის მისაღებად მამაკაცებს 2 წელი მოუწევთ ლოდინი და ქალებს – 7 წელი. კიდევ არის მეორე კატეგორია – არიან მარჩენალდაკარგულები. ის მაინც გავაკეთოთ, რომ მათ სამედიცინო დაზღვევა მივცეთ, გარკვეულწილად შევუმსუბუქოთ დისკრიმინაციული მდგომარეობა. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ზრდით საპენსიო ასაკს და ათანაბრებთ?“  – ამბობს მაგდა ანიკაშვილი.

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე აცხადებს, რომ მთავრობას არ აქვს არავითარი პოლიტიკური კალენდარი და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ფისკალური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს:

„2012 წლის ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ პენსიონერებმა გაზრდილი პენსია 1 სექტემბრიდან მიიღონ. ეს არის გათვლებზე დაფუძნებული გონივრული გადაწყვეტილება,“– აცახდებს გვინდაძე.

საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წლითაა განსაზღვრული, თუმცა პენსია 2012 წლის სექტემბრიდან მხოლოდ 67 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის გაიზრდება 125 ლარამდე, რასაც 15– ლარიანი სადაზღვევო პაკეტი დაემატება.

2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ პენსია 100 დოლარამდე გაიზრდებოდა, თუმცა ეს დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა.

საქართველოს მთავრობის ცნობით, სადეზღვევო პაკეტი 2012 წლის სექტემბრიდან გათვალიწინებული იქნება ყველა პენსიონერზე. პრემიერ–მინისტრის თქმით, სადაზღვევო პაკეტის ფარგლებში 15 000 ლარამდე გეგმური ოპერაცია 20–პროცენტიანი თანადაფინანსებით ანაზღაურდება, ხოლო გადაუდებელი ოპერაციები ულიმიტოა და ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფოს მხრივ დაფინანსება 80 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება წამლების ანაზღაურებას, დაზღვევის ფარგლებში, ლიმიტი 200 ლარით განისაზღვრა და სახელმწიფო მათი ღირებულების 50 პროცენტს დაფარავს. ასევე, მთლიანად დაიფარება სისხლისა და შარდის ანალიზები.

მასალების გადაბეჭდვის წესი