ეკონომიკა

საგარეო ვალი – საქართველოს მთავარი გამოწვევა

9 ნოემბერი, 2011 • 1124
საგარეო  ვალი –  საქართველოს მთავარი გამოწვევა

„საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაზრდილი საგარეო ვალია,“ – ეს განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ედუარდ გარდნერმა რეგიონში ოქტომბრის თვეში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვისას გააკეთა.

სავალუტო ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 40 პროცენტს აღწევს. თუმცა საქართველოს მდგომარეობას ამსუბუქებს ის ფაქტი, რომ ქვეყანას ვალი, ძირითადად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აქვს აღებული.

გარდნერის  შეფასებით, საგერეო ვალის მოცულობა ამ დროისთვის არ არის საშიშ ზღვარზე, თუმცა აუცილებელია ყურადღების გამახვილება.
სავალუტო ფონდის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ბიზნესგარემოს თვალსაზრისით საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უკეთესი პოზიცია უკავია.

საქართველოსთვის ერთ-ერთ გამოწვევად ედუარდ გარდნერი ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის მაღალ დონეს ასახელებს.

“ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ეს ვერ აისახება უმუშევრობის დონეზე”,- ამბობს გარდნერი.

მისი შეფასებით, საქართველოს საზოგადოების განათლების დონე მაღალია, თუმცა მათ არა აქვთ ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევები. ამიტომ საგანმანათლებლო პროგრამები უნდა გადამუშავდეს იმ დონეზე, რომ ბაზარზე გამოსულმა პროფესიონალებმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოში ინფლაციის საკითხი ამ ეტაპზე ნაკლებად აქტუალურია. შედარებით მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ზაფხულში და სამომხმარებლო კალათაზე ძირითადი გავლენა მოახდინა სურსათზე გაზრდილმა ფასებმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში 2012 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 5 პროცენტზე დაფიქსირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს:  სსფ-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა გაუმჯობესდეს კონკურენტუნარიანობა, შენარჩუნდეს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მოქნილობა და განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი