ეკონომიკა

უკრაინული ბიზნეს–დესანტი თბილისში

28 ოქტომბერი, 2011 • 1587
უკრაინული ბიზნეს–დესანტი თბილისში

„ქართულ–უკრაინული“ ბიზნესფორუმის ფარგლებში, თბილისს კიევიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი ბიზნესდელეგაცია ეწვია. ფორუმს, რომელშიც ორი ქვეყნის 200 ბიზენსმენი მონაწილეობდა,  უკრაინის ვიცე–პრემიერი სერგეი ტიგიპკო, პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური და სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი კახა ბაინდურაშვილი ესწრებოდნენ. ფორუმი თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შედგა.

პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის მიმართ უკრაინული ბიზნესის ინტერესი მაღალია:

„სულ უფრო მეტ ბიზნესმენს უნდა საქართველოში უკრაინიდან ჩამოსვლა. ორ ქვეყანას შორის  გაღრმავდება სავაჭრო ურთიერთობები, განხორციელდება ინვესტიციები. მალე საქართველოში სულ უფრო მეტი ეკონომიკური პროექტი განხორციელდება.“

უკრაინის ვიცე–პრემიერის სერგეი ტიგიპკოს განცხადებით, თბილისში 100 სხვადასახვა უკარინული კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვიდა.

“საქართველოში უკრაინიდან საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და არა ოლიგარქები. საქართველოსა და უკრაინას შორის კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა ჰუმანიტარულ სფეროში, სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის საკითხში. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები დინამიურია და კარგად ვითარდება. 2010 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა  32 პროცენტით გაიზარდა.  2011 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ხელისუფლება უნდა დაეხმაროს ბიზნესს, რომ  განხორციელდეს კონკრეტული ბიზნესპროექტები. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი,“– განაცხადა სერგეი ტიგიპკომ.

საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი კახა ბაინდურაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ უკრაინელი ბიზნესმენები საქართველოში, ძირითადად, ტრანსპორტის, სოფლის მეურენობის, სამშენებლო მასალების და კომპიუტერული ტექნოლოგიების სექტორით ინტერესდებიან. „ შეხვედრაზე იყო საუბარი კონკრეტული სექტორების ინვესტიციებზე და ერთობლივი საწარმოების შექმნაზე“, – ამბობს ბაინდურაშვილი.

ბიზნესფორუმზე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კონკრეტული ხელშეკრულებები არ გაფორმებულა. კომპანია „უნისტილის“ მრჩეველი კონსულტანტი მარიამ გოგინაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინის  ბაზარზე პარტნიორს იპოვის. კომპანია სპეცტანსაცმელს კერავს:

„ჩვენ კომპანიის პროდუქციის ექსპორტით ვართ დაინტერესებული. პროდუქცია გადოდა კოლუმბიაში და ჰოლანდიაში. ამ ქვეყნებთან ტრანსპორტირების  პრობლემა გვქონდა.  უკარინასთან ეს პრობლემა არ არის.  ასევე, ჩვენ ვეძებთ უფრო იაფი ნედლეულის ბაზარს, რადგან თურქეთმა მასალა გაგვიძვირა“.

საქართველოს მეჩაიეთა ასოციაცის პრეზიდენტი თენგიზ სვანიძე „ნეტგაზეთთან“ უკარაინულ ბაზარზე  ქართული ჩაის გასაღების პრობლემებზე საუბრობს: „უკრაინის ბაზარი ქართული ჩაისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან იქ მოხმარება დაახლოებით 16 ათას ტონას შეადგენს. საქართველოდან უკარინის ბაზარზე 500 –600 ტონა ჩაი გადის, მაგრამ ბოლო დროს ხელის შემშლელი პირობები გაჩნდა. უკრაინის ბაზარზე ქართულ ჩაის განბაჟების პრობლემები აქვს, რადგან ფიქსირებული ფასიდან ხდება საბაჟო გადასახადის გადახდა, რაც პროდუქციის ბაზარზე შესვლას ხელს უშლის.“

სვანიძის განმარტებით, ეს საკითხი სამთავრობო დონეზე დაისვა.

საქართველოს ბაზარი უკრაინისთვის ღიაა. სტატისტიკური მონაცემებით, უკრაინასთან სავაჭრო ბალანსი –  482 მლნ აშშ დოლარია (აქედან ექსპორტზე მოდის დაახლოებით 68 მილიონი, ხოლო იმპორტზე – 413 მილიონზე მეტი). უკრაინა საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველოდან უკრაინაში ფეროშენადნობების, მინერალური და მტკნარი წყლების, ყურძნის ნატურალური ღვინოების და ციტრუსის ექსპორტი ხდება. უკრაინიდან კი ფქვილის, ზეთის და საკვები პროდუქტების იმპორტი ხორციელდება. ადგილობრივ ბაზარზე უკრაინული კაპიტალით შექმნილი „ტაო პრივატ ბანკი” ოპერირებს. უკრაინის ბაზარზე კი სს „საქართველოს ბანკის“ ფილიალებია წარმოდგენილი.

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ უკრაინა მეტად აქტიურად ინტერესდება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული  რეფორმებით, რაც ჩვენს ქვეყანაში უკრაინული დელეგაციების ხშირი ვიზიტებით გამოიხატება. 2011 წლის დასაწყისიდან უკრაინიდან საქართველოს 4 დელეგაცია ესტუმრა. ამასთანავე, ინდივიდუალური ვიზიტები განახორციელეს პოტენციურმა ინვესტორებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი